Accessibility links

logo-print

ქალთა საერთაშორისო დღის სხვა სახე: შეცვლილი ეპოქა და უცვლელი აბორტის საკითხი


ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი წელს გაეროს ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში ქალთა საკითხებისადმი მიძღვნილ 49-ე სხდომას დაემთხვა.

სხდომა, რომელსაც 170-მდე ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო დელეგაცია ესწრება, ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მიზნად 10 წლის წინ პეკინში შემუშავებული მოქმედებათა გეგმის განმტკიცებას ისახავს.

ეს გეგმა, რომელსაც სხვა უამრავ ქვეყანასთან ერთად, საქართველოც აწერს ხელს, ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას თორმეტ სფეროში ისახავს მიზნად – მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვაში, ეკონომიკაში, განათლებაში, ჯანდაცვაში, შეიარაღებულ კონფლიქტებში, გარემოს დაცვასა და მას-მედიაში. მაგრამ ამ მრავლისმომცველი და მრავალფეროვანი გეგმის მიღებიდან ათი წლის შემდეგ, ამ საკითხებზე მომუშავე ადამიანების უმეტესობა აცხადებს, რომ გეგმა ქაღალდზე გაწერილ ეფექტურ ტექსტად უფრო დარჩა, ვიდრე რეალობაში გატარებულ ქმედებად.

1911 წლის 19 მარტს ბერლინის ქუჩებში ორმოცდახუთი ათასი ქალი გავიდა. მათ მოთხოვნას თანასწორობა და თანაბარი უფლებები წარმოადგენდა; პროტესტის ინიციატორი და ორგანიზატორი კი გერმანელი სოციალისტი, კლარა ცეტკინი იყო.

ამ აქციამ გაგრძელება ევროპის სხვა ქვეყნებში ჰპოვა - ავსტრია, დანია, შვედეთი და შვეიცარია გაფიცვების და პროტესტის ტალღამ მოიცვა. 1917 წელს კი მძიმე ყოფისა და მცირედი ჯამაგირების გასაპროტესტებლად ათასობით რუსი ქალი გავიდა ქუჩაში.

ძალიან მალე, სოციალისტურ ქვეყნებში ქალთა საერთაშორისო დღედ 8 მარტი დაკანონდა – შემდეგ კი, სამოცდარვა წლის მოვლენების თანმდევი ფემინისტური ტალღის გაძლიერების შედეგად, ეს დღე თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ამდენად, ქალთა საერთაშორისო დღის პირველად აღნიშვნიდან უკვე 90-ზე მეტი წელიწადია გასული – და ერთი შეხედვით, ამ დროის განმავლობაში მართლაც ბევრი რამ შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში მაინც. დღევანდელი დასავლელი ფემინისტები საერთაშორისო ორგანიზაციებში მართავენ სხდომებს, კითხულობენ ლექციებს უნივერსიტეტებში, და მართალია არც ისე მძლავრად, მაგრამ მაინც მონაწილეობენ ქვეყნების პოლიტიკის დაგეგმვასა და გატარებაში. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ბევრი მიიჩნევს, რომ რიგ სფეროებში გასაკეთებელი ჯერაც ბევრია – თითქმის ისევე ბევრი, როგორც ეს 90 წლის წინ, ქალთა საერთაშორისო დღის დაარსების დროს იყო.

კლარა ცეტკინის თანამებრძოლი ქალები, ალბათ, მართლაც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ თითქმის ერთი საუკუნის გასვლის შემდეგ მსოფლიოში კვლავ საკამათო თემა გახდებოდა ისეთი საკითხი, როგორიცაა, მაგალითად, ქალის რეპროდუქციული უფლებები. შვილების ყოლის ან არყოლის გადაწყვეტილება, და შვილების რაოდენობის განსაზღვრის უფლება მათ ხომ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ერთმნიშვნელოვნად მიაკუთვნეს ქალებს. არადა ამ დღეებში ნიუ-იორკში გამართული ქალთა კომისიის 49-ე სხდომისთვის სწორედ ეს გახდა დაპირისპირების და დებატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სხდომა, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, და რომელსაც 170-მდე ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო დელეგაცია ესწრება, მიზნად ათი წლის წინ, პეკინში შემუშავებული მოქმედებათა გეგმის განმტკიცებას ისახავს. ეს გეგმა კი, თავის მხრივ, ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს სახავს სხვადასხვა სფეროებში. გენდერის საკითხების სპეციალისტი, თამარ საბედაშვილი, ნიუ-იორკში გამართულ სხდომას ესწრებოდა. მისი თქმით, რეპროდუქციული უფლებების ირგვლივ უთანხმოებები შეერთებული შტატების დელეგაციის მიერ წარმოდგენილი შესწორებების გამო მოხდა:

[თამარ საბედაშვილის ხმა]: "იმ დეკლარაციის ტექსტში, რომელიც უნდა მიიღოს 49-ე სხდომამ, ამერიკელებს უნდოდათ შეეტანათ ასეთი შესწორება – რომ პეკინის მოქმედებათა პლატფორმა არ ახდენს ახალი ადამიანის უფლებების შეთავაზებას საერთაშორისო სამართლისათვის და საერთაშორისო საზოგადოებისათვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამერიკელების აზრით, რომ უფლება აბორტის გაკეთების – ანუ ქალის უფლება ხელოვნურად შეწყვიტოს ორსულობა – ამოღებულ იქნას ძირითადი ტექსტიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გავიდოდა ეს შესწორება ამ სახით, და აბორტის უფლებას ჩვენ ერთ-ერთ ახალ უფლებად განვიხილავდით, --- მაშინ ამას ამერიკული ნეოკონსერვატორული ძალები გამოიყენებდნენ იმისათვის რომ სულ უფრო მეტად შეეზღუდათ არჩევანის გაკეთების საშუალება აბორტთან დაკავშირებით ქალებისათვის."

თამარ საბედაშვილის თქმით, ამერიკის წარმომადგენლობის შემოთავაზებას მძლავრი წინააღმდეგობა შეხვდა სხდომის სხვა მონაწილეების მხრიდან – რაც, საბოლოო ჯამში, დამთავრდა იმით, რომ ამერიკელებმა შესწორებები უკან წაიღეს:

[თამარ საბედაშვილის ხმა]: "მე საინტერესო პროცესის მომსწრე გავხდი. საინტერესო იყო ძალიან, თუ როგორ მოახერხეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალების მობილიზება, და წინააღმდეგობის გაწევა ამერიკის შემოთავაზებისთვის. მოგროვდა ათასობით ხელმოწერა სამ დღეში, ფაქტიურად. ძალიან მალევე იმის შემდეგ, რაც ამერიკამ ეს ცვლილება შემოიტანა."

აბორტის საკითხი, ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ამავე დროს დელიკატური თემაა, რომელიც ყველა საზოგადოებაში დგას, თუმცა განსხვავებული სიმწვავით. თამარ საბედაშვილის თქმით, შეერთებული შტატებისგან, ირლანდიისგან და პოლონეთისგან განსხვავებით, საქართველოში აბორტი სამართლებრივი თვალსაზრისით არ წარმოადგენს სირთულეს – რაც, თავის მხრივ, შესაძლოა საბჭოთა წარსულს უკავშირდებოდეს, როდესაც აბორტის გავრცელებულობის ხარისხი უკიდურესობამდე მივიდა და ის კონტრაცეპციის ძირითად მეთოდადაც კი იქცა. თამარ საბედაშვილი ამ საბჭოთა გამოცდილებას მიუღებელ და ნეგატიურ პრაქტიკას უწოდებს, თუმცა ასევე ახასიათებს აბორტთან დამოკიდებულების მეორე უკიდურესობას - მის შეზღუდვას, ან საერთოდ აკრძალვას:

[თამარ საბედაშვილის ხმა]: "მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ როდესაც აბორტი იკრძალება – მაგალითად, ავიღოთ რუმინეთი ჩაუშესკუს პერიოდში – აბორტის რიცხვი არ იკლებს; არამედ გადადის იატაკქვეშეთში და არალეგალური აბორტების რაოდენობა მატულობს. ეს არ არის ხელსაყრელი ქალის ჯანმრთელობისთვის, შეიძლება სისხლის მოწამვლის შემთხვევები იყოს, და იღუპება უფრო მეტი ქალი."

აბორტის შესახებ ყველაზე მეტს, და ყველაზე ხშირად მამაკაცები საუბრობენ – და უმეტეს შემთხვევაში, ისინი გამოდიან ამ პრაქტიკის გულანთებულ მოწინააღმდეგეებად. არადა, თამარ საბედაშვილის თქმით, აბორტის განხილვისას საკვანძო საკითხი ქალის მხრიდან საკუთარი მომავლის თუ სხეულის კონტროლის საშუალება უნდა იყოს:

[თამარ საბედაშვილის ხმა]: "ძალიან ბევრი მამაკაცი საუბრობს აბორტზე. უფრო მეტი მოწინააღმდეგე აბორტის არის მამაკაცებს შორის – ეს მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ტენდენციაა. და თითქოს, რატომღაც, ქალისთვის ადვილია. არადა, დამერწმუნეთ, რომ არც ერთი ქალისთვის არ არის ადვილი აბორტი, როგორც ფენომენი. იმიტომ, რომ ყველა ხვდება, რომ რაღაცას ისეთს აკეთებს, რაც არ არის ადვილი გადასაწყვეტი მორალური თვალსაზრისით. ამაზე არ არის საუბარი. საუბარია შემდეგზე: აქვს თუ არა ქალს უფლება, რომ თავისი სხეული გარკვეულწილად აკონტროლოს?"

არასასურველი ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეწყვეტის უფლება გაეროს ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში მიმდინარე ქალთა მდგომარეობის კომისიის 49-ე სხდომამ - შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის მიუხედავად - კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG