Accessibility links

logo-print

ჟურნალისტთა ორგანიზაციებს სჯერათ, რომ ერაყში იტალიელებთან დაკავშირებულ ინციდენტზე სიმართლე გაირკვევა


ჩვენს გადაცემებში უკვე რამდენიმეჯერ იყო საუბარი გასულ კვირაში ერაყში მომხდარ ინციდენტზე, როცა ამერიკელმა ჯარისკაცებმა შემთხვევით მოკლეს იტალიელი აგენტი

ნიკოლა კალიპარი და დაჭრეს ჟურნალისტი ჯულიანა სგრენა. ამ ინციდენტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა იტალიაში - დაღუპულ აგენტს რომში ეროვნული გმირის საკადრისი დაკრძალვა მოუწყეს; თითქმის დღე არ გადის ისე, იტალიის რომელიმე უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა ტრაგიკული ინციდენტის საფუძვლიანი გამოძიება არ მოითხოვოს. და ამ მოთხოვნით არა მარტო იტალიის წარმომადგენლები გამოდიან. ამ კვირაში საერთაშორისო ორგანიზაციებმაც - ჟურნალისტების უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დამცევლმა ჯგუფებმა - მოუწოდეს აშშ-ს, ხელი შეუწყოს ჯულიანა სგრენასა და ნიკოლა კალიპარის საქმის გამოძიებას.

ერაყში ჟურნალისტთა მკვლელობის გამოძიება ამ ორგანიზაციებს ადრეც, სხვა შემთხვევებშიც მოუთხოვიათ, მაგრამ უმნიშვნელო შედეგით. თუმცა, სგრენა-კალიპარის ინციდენტი, მათი შეფასებით, სხვა საქმეა.

მთავარი სხვაობა ის არის, განმარტავენ ჟურნალისტთა ორგანიზაციები, რომ სგრენასა და კალიპარის შემთხვევაში საქმე იტალიელებს ეხება. იტალიელებისათვის ეროვნული ღირსების მნიშვნელობაზე კი ლეგენდები დადის.

ჟურნალისტთა ორგანიზაციები - მათ შორის “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი”, “რეპორტიორები საზღვრების გარეშე”, “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” - აქამდეც არ აკლებდნენ ძალისმხევას გამოძიების მოთხოვნას, როცა საქმე ჟურნალისტების მკვლელობას ეხებოდა: ერაყში სამხედრო ოპერაციების დაწყებიდან, ანუ ორი წლის მანძილზე, სულ მცირე, 9 ჟურნალისტი და მათი 2 დამხმარეა დაღუპული. მაგრამ ამჯერად მოთხოვნას, გამოძიებულ იქნეს ინციდენტი, რომელშიც ამერიკელი ჯარისკაცების ხელი ურევია, იტალიის პრემიერ-მინისტრის ხმაც შეუერთდა. ამ ხმას კი წონა აქვს - სილვიო ბერლუსკონი ხომ ამერიკის პრეზიდენტის უახლოეს ევროპელ მოკავშირეებს მიეკუთვნება...

[ბერლუსკონის ხმა]“თუ საჭირო გახდება, პასუხისმგებლობა უნდა ვაღიაროთ გულწრფელად, ორივე მხარემ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, დაიხუროს საქმე, რომელიც ასე უაზროდ მოხდა და ამდენი მწუხარება მოიტანა”, ეს სიტყვები ბერლუსკონიმ ოთხშაბათს წარმოთქვა იტალიის პარლამენტში. მანვე დასძინა, რომ აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა, ხელი ყველანაირად შეუწყოს გამოძიებას.

პარიზში განთავსებული ორგანიზაციის, რეპორტიორები უსაზღვრებოდ წარმომადგენელი, ჟან-ფრანსუა ჟულიარდი ფიქრობს, რომ სგრენა-კალიპარის შესახებ მართლაც მეტი ინფორმაციის მოპოვება გახდება შესაძლებელი, ვიდრე სხვა, წინა ინციდენტების შემთხვევაში იყო: [ჟულიარდის ხმა] “ვფიქრობთ, პასუხს მივიღებთ და ჯულიანა სგრენას შემთხვევაში დარწმუნებული ვართ, რომ პასუხს მივიღებთ. იმიტომ, რომ გამოძიებით იტალიელები არიან დაინტერესებული, ისინი კი ყველა ღონეს მიმართავენ ინფორმაციის მოსაპოვებლად”.

რაც შეეხება ინციდენტებს, როცა ამერიკელი სამხედროების მსხვერპლი არა-იტალიელი ჟურნალისტები იყვნენ, ჟურნალისტთა ორგანიზაციები იხსენებენ 2003 წლის აპრილს, როცა ამერიკელმა სამხედროებმა ტანკიდან ესროლეს სასტუმრო “პალესტინას” ბაღდადში და ორი ჟურნალისტი მოკლეს. მაშინ ამერიკელების სამხედრო პრეს-მდივანი განმარტავდა, ტანკმა საპასუხო ცეცხლი გახსნაო. არადა, თვით ამერიკელი ტანკისტი ირწმუნებოდა, რომ მისკენ არავის უსვრია, სასტუმრო კი იმის გამო ამოიღო სამიზნეში, რომ ჟურნალისტების გადასაღები აპარატი - მტრის სასროლ იარაღად ჩათვალა. ამის შემდეგ სამხედრო პრეს-მდივანმა განცხადება შეცვალა, და კიდევ უფრო მეტი შეკითხვა წამოჭრა...

[კამპანას ხმა] “სამხედრო გამოძიებას არ გაურკვევია, რატომ არ ჰქონდათ ამერიკელ ჯარისკაცებს ინფორმაცია სასტუმრო “პალესტინაზე”, რომელიც იმ დროს ბაღდადში, ალბათ, ყველაზე უფრო ცნობილი სამოქალაქო ობიექტი იყო - ადგილი, სადაც ათობით ჟურნალისტი იმყოფებოდა და მუშაობდა”, ამბობს “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” წევრი ჟოელ კამპანა.

მაგრამ დავუბრუნდეთ იტალიელ ჟურნალისტს, ჯულიანა სგრენას. ინციდენტი, აღწერილი სგრენას მიერ, მნიშვნელოვანი დეტალებით განსხვავდება ამერიკელი ოფიციალური პირების ვერსიისგან. ამერიკელები ამბობენ, მძღოლმა ავტომანქანისა, რომელშიც სგრენა და კალიპარი იმყოფებოდნენ, უგულებელყო ნიშნები “სდექ” საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, რომლისკენაც დიდი სისწრაფით მიეშურებოდაო. ამ დროს სგრენა ირწმუნება, რომ მანქანა სწრაფად არ მიდიოდა და რომ ამერიკელებმა ცეცხლი გახსნეს, პრაქტიკულად, “სდექის” ნიშნის მიცემისთანავე.

იტალიელი ჟურნალისტის ამ ჩვენებაში სილვიო ბერლუსკონის ეჭვი არ შეუტანია - მისი თქმით, ამერიკული ვერსია არ ემთხვევა იმას, რაც სინამდვილეში მოხდა. მეორე მხრივ, არც ბერლუსკონისა და არც იტალიის რომელიმე სხვა ოფიციალურ წარმომადგენელს გაუზიარებია ჯულიანა სგრენას ვარაუდი, რომ მასზე ამერიკელმა სამხედროებმა განზრახ მოაწყეს იერიში - შესაძლოა, მისი კრიტიკული წერილების გამო, შესაძლოა, იმის გამო, რომ ფიქრობენ - იტალიელებმა ჯულიანა სგრენას გამოსახსნელად ფული გადაუხადეს მეამბოხეებს ერაყში.
XS
SM
MD
LG