Accessibility links

logo-print

საქართველოში პრობაციის ინსტიტუტი მკვიდრდება


არასამთავრობო ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმა”, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, იუსტიციის სამინისტროს ახალი სტრუქტურული

ერთეულის, “პრობაციის დეპარტამენტის”, განვითარებასა და ფეხზე დაყენებას ცდილობს. 235 ათასი დოლარის ღირებულების ექვსთვიანი პროექტი მიზნად ისახავს პრობაციის დეპარტამენტის ტექნიკურ აღჭურვას, განვითარების ხუთწლიანი გეგმის შემუშავებას და პრობაციონერთათვის სპეციალური ბუკლეტების გამოშვებას. რა მიზნებს ემსახურება პრობაციის ინსტიტუტის განვითარება საქართველოში და რა როლს თამაშობს ამ პროცესში ევროკავშირი?

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ციხეებსა და კოლონიებში სასჯელს დაახლოებით 7 ათასამდე ადამიანი იხდის. ვინ მკვლელობისთვის მოხვდა ციხეში, ვინ ადამიანის გატაცებისთვის, ვინ კი წვრილმანი ქურდობისთვის არის დასჯილი. თუმცა ყველა მათგანი ფიქრობს, რომ ქართული მართლმსაჯულება მათ ზედმეტად მკაცრად მოექცა.

[მამაკაცის ხმა] “ომის მონაწილე ვარ. რომ ჩამოვედი აფხაზეთიდან, დამტოვეს ყველაფრის გარეშე. იძულებული გავხდი, რომ დანაშაული ჩამედინა და ოჯახი მერჩინა.დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ რატომ - უმაღლესი ზომა? მაგრამ ის პერიოდი იყო ისეთი, რომ ყველას მაქსიმუმს აძლევდნენ...”(სტილი დაცულია)

მას მალხაზი ჰქვია და სასჯელს რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის. “დანაშაული ჩავიდინე, სასჯელს ვიმსახურებდი,” - ამბობს 37 წლის პატიმარი და იქვე დასძენს: ის ფაქტი, რომ პირველად მოვიპარე, მოსამართლემ რატომღაც არ გაითვალისწინა. ჩემი რესპონდენტის ნათქვამში დაუჯერებელს ვერაფერს ხედავს არასამთავრობო ორგანიზაციის - “პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, რომლის თქმითაც, ქართველი მოსამართლეები არასაპატიმრო სასჯელს მხოლოდ და მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით იყენებენ:

[ნანა კაკაბაძის ხმა] “საერთოდ, ასეთი სასჯელების გამოყენების კულტურა - და, შესაბამისად, კანონიც - ჩვენთან არ მუშაობს. სამწუხაროდ, არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების ფაქტები ან სულ არ გვაქვს, ან ძალიან იშვიათად... ყოველ შემთხვევაში, ბოლო ერთი წლის მანძილზე მე ასეთ განაჩენს ვერ ვიხსენებ.”

სწორედ ამგვარი არასახარბიელო ვითარების ფონზე იკიდებს ფეხს საქართველოში პრობაციის ინსტიტუტი, რომელიც, ვადამდე გათავისუფლების, ფულადი ჯარიმის, პირობითი ან სხვა მსგავსი სასჯელის დაკისრების სახით, პატიმრობის ალტერნატივად გვევლინება. იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტს პირველ ეტაპზე დახმარებას ევროკავშირი უწევს. დეპარტამენტის თავმჯდომარის ალექსანდრე არაყიშვილის თქმით, ექვსთვიან პროექტს, რომლის ღირებულება 225 ათასი ამერიკული დოლარია, არასამთავრობო ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმა” განახორციელებს:

[ალექსანდრე არაყიშვილის ხმა] “ძირითადი მიმართულება იქნება ის, რომ მოხდეს იმ ადამიანების რეაბილიტაცია, ვისაც არასაპატიმრო სასჯელი შეეფარდება, მოხდეს ამ კატეგორიის ადამიანების რესოციალიზაცია, მათი დახმარება. პიროვნებებს, ვისაც შეეფარდებათ არასაპატიმრო სანქციები, სასამართლო დარბაზშივე გავაცნობთ მათ უფლებებსა და მოვალეობებს. ამისათვის, პროექტის ფარგლებში, 7 ათასამდე ბუკლეტის დაბეჭდვას ვაპირებთ.”

პრობაციის ინსტიტუტის ავკარგიანობაზე მსჯელობს ის ადამიანიც, ვისაც უშუალო შეხება აქვს პრობაციონერებთან. ქალთა კოლონიის დირექტორი მედიკო ალანია ვადამდე ადრე გათავისუფლებული პატიმარი ქალების დასაქმებაზე ამახვილებს ყურადღებას:

[მედიკო ალანიას ხმა] “ადრე რომ თავისუფლდებოდა, ჩვენ ვუგზავნიდით გამგეობას, სადაც იყო სპეციალური სამსახური, რომელიც ყურადღებას აქცევდა მათ დასაქმებას. ვუგზავნიდით ასევე ქალთა საბჭოებს... ახლა ვუგზავნით პრობაციის სამსახურს და უკვე რამდენჯერმე მივიღეთ პასუხი, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლებული ქალბატონის დასაქმება მოხერხდა. თუმცა ასეთი რამ ხშირად არ ხდება...”

იუსტიციის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პრობაციის დეპარტამენტის დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. ალექსანდრე არაყიშვილის თქმით, საქართველოში პრობაციის ინსტიტუტის გასაძლიერებლად ევროკავშირს, მიმდინარე პროექტის გარდა, კიდევ ერთი მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი.
XS
SM
MD
LG