Accessibility links

logo-print

რა ხდება ჯანდაცვის პირველ საერთაშორისო გამოფენაზე


ჯანდაცვის პირველი საერთაშორისო გამოფენა 10 მარტს გაიხსნა და მას 3 დღის მანძილზე შერატონ მეტეხი-პალასი უმასპინძლებს. 18 ქვეყნის 75 კომპანია დამთვალიერებლებს

უკვე ნაცნობ თუ ჯერაც უცნობ სამედიცინო პრეპარატებსა და აპარატურას წარმოუდგენს. კომპანიები ახალ დამკვეთებს ეძებენ. გამოფენაზე შესაძლებელია კონტაქტების დამყარება და, სულ მცირე, სავიზიტო ბარათების გაცვლა მაინც. თუკი ხალხის რაოდენობით ვიმსჯელებთ, დაინტერესება, მართლაც, დიდია და არა მხოლოდ - სამედიცინო წრეებში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ღონისძიების ორგანიზატორია ”საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა” - აი-თი-ი (ITE).

მას შემდეგ, რაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა წითელი ლენტი საზეიმოდ გაჭრა, ჯანდაცვის პირველი საერთაშორისო გამოფენა თბილისში გახსნილად გამოცხადდა. თუმცა 10 მარტს დამთვალიერებელთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ბევრმა მათგანმა გამოფენისთვის, ასე ვთქვათ, მხოლოდ ფრაგმენტულად მოახერხა თვალის შევლება. აშკარაა, რომ ყველაფერი ”პირველი” ხალხში საგანგებო ინტერესს იწვევს:

(ექიმი ქალისა და მამაკაცის ხმები) ”რა ვიცი, დღეს საქართველოში იმდენად მწირია ინფორმაცია მედიცინის შესახებ, რომ დამაინტერესა. ძალიან ბევრი ბუკლეტი ავიღე ახალ პრეპარატებზე და ამის საშუალებით გავეცნობი. / ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა, გააკეთო არჩევანი, იგივე - ფასთან დაკავშირებით და ხარისხთან დაკავშირებით.” (სტილი დაცულია)

ეს ქალბატონი და მამაკაცი ექიმები არიან. თუმცა, როგორც ჩანს, ჯანდაცვის-გამოფენა მხლოდ მედიკოსებს აინტერესებთ:

(ქალის ხმა) ”მე მომხრე ვარ ამ ნატუროპათიისა და ჰომეოპათიის. ასე შორიდან შეიძლება ყველაფერი არ იცოდე და ეცნობი.” (სტილი დაცულია)

ბრიტანული, ფრანგული თუ ამერიკული ფირმების გვერდით, გამოფენაზე წარმოდგენილია რამდენიმე კომპანია, რომლებსაც ქართული ფესვები აქვს. მაგალითად, სულ რაღაც ერთი თვის წინ დაარსებული ქართულ-აზერბაიჯანული ”თბილისი დენტალი” ჯანსაღი კბილებით დაინტერესებულ საზოგადოებას წამყვანი გერმანული ფირმების ნაწარმს სთავაზობს:

(კახა ხარებავას ხმა) ”მასალებიც და აპარატურაც. განსაკუთრებით პრიორიტეტულია ორთოპედიული დარგი, ანუ პროტეზირება.” (სტილი დაცულია)

კომპანია ”თბილისი დენტალის” დირექტორი კახა ხარებავა იმედოვნებს, რომ ქართული სტომატოლოგია უმაღლეს გერმანულ ხარისხს მალე სათანადოდ დააფასებს და რომ ამას ეს გამოფენაც წაადგება.

გამოფენას ოპტიმისტურად უყურებს უკრაინული ფირმის ”ზდაროვიე ნაროდუს” წარმომადგენელი ტატიანა ველიკაიაც. მისი ფირმა აქ, ძირითადად, ფსიქოტროპული და ანალგეტიკების ჯგუფის პრეპარატებით არის წარმოდგენილი:

(ტატიანა ველიკაიას ხმა) ”საქართველოსთან სავაჭრო კონტაქტები დღემდეც გვქონდა. ვიმედოვნებთ, რომ ამიერიდან ის უფრო გაფართოვდება და განმტკიცდება. თუმცა საკმაოდ ძნელია 100 პროცენტით იყო დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი მოლოდინი გამართლდება.”

აქვეა ფარმაცევტული კომპანია ბელორუსიიდან - ”ბელმედ პრეპარატები”, სადაც საბჭოთა კავშირის დროს პირველი ”პენიცილინი” შეიქმნა. კომპანიის წარმომადგენელი სერგეი შლიაქსინი ამჟამინდელ პრიორიტეტებსა და გეგმებზე საუბრობს:

(სერგეი შლიაქსინის ხმა) “უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დაკავებული ვართ სისხლის შემცვლელი პრეპარატების წარმოებით და გვაქვს ანტიბიოტიკების ძალიან დიდი სპექტრი. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი პრეროგატივაა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების წარმოება... ჩვენ დავარეგისტრირებთ ჩვენს პრეპარატებს საქართველოში. ჩვენ თქვენთან თანამშრომლობა გვინდა.”

ერთი სიტყვით, დაინტერესება ორმხრივია. ხალხმრავლობა ჯანდაცვის მინისტრს ლადო ჭიპაშვილსაც კარგად ენიშნა:

(ლადო ჭიპაშვილის ხმა) ”ჩვენი მედიცინა ძალიან ძნელად, მართალია, ძალიან ნელი ტემპებით, მაგრამ გამოდის იმ ღრმა კრიზისული, სტუპორული, შოკის მდგომარეობიდან, რომელშიც იმყოფებოდა ამდენი წლის განმავლობაში. ჩვენ შარშან დავხარჯეთ ქართული საავადმყოფოების დაფინანსებისთვის 70 მილიონი ლარით მეტი, ანუ 85 პროცენტით მეტი, ვიდრე ეს ხდებოდა, ფაქტობრივად, წინა წლებში. ჩვენს საავადმყოფოებს გაუჩნდათ მეტი შანსი განვითარებისთვის.” (სტილი დაცულია)

თუმცა ჯერ მაინც საკითხავია, რამდენად გასწვდება საქართველოს სამედიცინო სფერო გამოფენაზე წარმოდგენილი უძვირფასესი სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო აპარატურის შესყიდვას.
XS
SM
MD
LG