Accessibility links

გრძელდება ბრძოლა საქართველოს ავიაბაზარზე გავლენის მოსაპოვებლად


საქართველოს ავიაკომპანიების თვითმფრინავებით მგზავრობისას არაერთ ქართველს თუ უცხოელს გამოუთქვამს განცვიფრება ბილეთის მაღალი ღირებულებისა და

მომსახურების დაბალი ხარისხის გამო. ამ ორი ხარვეზიდან ერთ-ერთის გამოსწორება გადაწყვიტა საქართველოს ფლაგმანმა ავიაკომპანიამ ”ჯორჯიან ეირვეისმა”. თუმცა ამას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, პირველ რიგში კი, კონკურენტი კომპანია ”ნაციონალური ავიახაზები”. რა არის მათი დაპირისპირების მიზეზი?

ქართულმა ავიაკომპანიამ ”ჯორჯიან ეირვეისმა”, ყოფილმა ”აირზენამ” , 2005 წლის იანვრიდან საგრძნობლად გააიაფა მოსკოვისა და ევროპის მიმართულებით ფრენის ღირებულება. თუ, მაგალითად, თბილისი-პრაღის ბილეთის საფასური 550 ამერიკული დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ახლა მისი ფასი 150 დოლარი იქნება.

[იანა ადამაშვილის ხმა] ”ხალხი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს იმას, რაც იაფია. იქ, სადაც ძვირია, მათთვის სულერთია, რომელი ავიაკომპანიაა. ყიდულობენ იქ, სადაც იაფია. ეს ძირითადი კრიტერიუმია ბილეთის შეძენისას. ”

ეს არის იანა ადამაშვილი, სააგენტო ”იტა ჯორჯიას” თანამშრომელი. მის მიერ აღწერილი ქართველი მგზავრის ფსიქოლოგია კარგად მოეხსენებათ ავიაკომპანია ”ნაციონალურ ავიახაზებშიც”. სწორედ ამიტომ იგი აპროტესტებს კონკურენტ კომპანია ”ჯორჯიან ეირვეისის” მიერ თბილისი-მოსკოვის ავიარეისის ღირებულების 150 ამერიკული დოლარიდან 90 დოლარამდე შემცირებას. 9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ”ნაციონალური ავიახაზების” პრეზიდენტმა გიორგი კოდუამ განაცხადა, ”ჯორჯიან ეირვეისს” ხელშეკრულების დარღვევის გამო სასამართლოში ვუჩივლებთო. თუ რატომ, ამის გასარკვევად ”ნაციონალური ავიახაზების” წარმომადგენელს მაია მაისურაძეს დავუკავშირდი.

[მაია მაისურაძის ხმა] ”სარჩელი შეგვაქვს იმიტომ, რომ ხელშეკრულება დაირღვა და გამოცხადდა დემპინგი. ანუ აირზენამ ფასები დააგდო, რაც იყო ხელშეკრულების დარღვევა, ანუ კანონის უგულებელყოფა. რუსეთსა და საქართველოს შორი დადებულია ხელშეკრულება, სადაც დგინდება ფასები, სიხშირეები. ეს ხელშეკრულება “აირზენამ” დაარღვია.”

აღნიშნული ხელშეკრულებით, რომელსაც ქართულმა და რუსულმა ავიაგადამზიდავმა კომპანიებმა მოაწერეს ხელი, დადგენილია თბილისი-მოსკოვის რეისის ბილეთების ფასი - 150 დოლარი. "ჯორჯიან ეირვეისის" მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევით, ანუ ბილეთის ფასის 90 დოლარამდე შემცირებით, “ნაციონალურმა ავიახაზებმა” უკვე განიცადა 1 მილიონი დოლარის ზარალი. "ჯორჯიან ეირვეისი” ავიაბაზარზე წლების განმავლობაში მონოპოლისტობას იყო მიჩვეული. “ეირვეისს” ტარიფების შემცირებით უნდა, ჩვენი ავიაკომპანია ბაზრიდან გააძევოს, რის შემდეგაც მგზავრობის ღირებულება ისევ გაორმაგდება,"- აღნიშნა "ნაციონალური ავიახაზების" პრეზიდენტმა.

“ნაციონალურმა ავიახაზებმა” დახმარებისთვის უკვე მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს. მე ავიაციის ადმინისტრაციის პოზიციის განმარტება ამ სამსახურის წარმომადგენელს ზურაბ სინჯიაშვილს ვთხოვე.

[ზურაბ სინჯიაშვილის ხმა] ”კომერციული ხელშეკრულება აქვს დადებული ერთმანეთთან ყველა გადამზიდველს, მოსკოვის ხაზზე ვინც არის დანიშნული. და მაგით გათვალისწინებული იყო მინიმალური ტარიფი და ამ შემთხვევაში მოხდა დარღვევა და ძალიან მალე, დღეს და ხვალ, მოლაპარაკება გაიმართება მაგათ შორის და დაიდება ახალი შეთანხმება. სადაც ხელშეკრულება არ აქვს დადებული, მაშინ ტარიფს თვითონ განსაზღვრავს და მაგ შემთხვევაში დარღვევა არ იქნება.”(სტილი დაცულია)

”ნაციონალური ავიახაზების” პრეზიდენტი უკვე მოსკოვში იმყოფება რუს კონკურენტებთან მოსალაპარაკებლად. ჯერჯერობით წინასწარი განცხადებებისაგან თავს იკავებენ ”ჯორჯიან ეირვეისშიც”. რაზე შეთანხმდებიან თბილისი-მოსკოვის ავიარეისის გადამზიდველები, წინასწარ ძნელი სავარაუდოა, თუმცა ყველა მხარე აცნობიერებს, რომ შეუძლებელია თბილისი-პრაღის ან თბილისი-ფრანკფურტის ავიაბილეთსა და თბილისიდან მოსკოვში გადაფრენას ერთი და იგივე ფასი ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG