Accessibility links

logo-print

ასლან მასხადოვის დაღუპვას ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე ქართველი პარლამენტარი გამოეხმაურა


მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტი რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით დადგენილების ტექსტს განიხილავდა, პარლამენტის ოპოზიციურმა ჯგუფმა,

რომელიც “კონსერვატორების” სახელით არის ცნობილი, საგანგებო განცხადება გააკეთა ასლან მასხადოვის დაღუპვის თაობაზე. დეპუტატთა ჯგუფმა, რომელიც მხარს უჭერდა რუსულ-ჩეჩნურ მხარეებს შორის მოლაპარაკებათა მრგვალი მაგიდის გამართვის იდეას, დაგმო რუსეთის მხრიდან მომხდარი ძალადობრივი აქტი. თუმცა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ჩეჩნეთის პრეზიდენტის დაღუპვის ფაქტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.



“ასლან მასხადოვის მკვლელობის ბარბაროსული აქტი ადასტურებს, რომ დაიმსხვრა მოსკოვში შექმნილი მითი ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლის შესახებ,” ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ქართველმა “კონსერვატორებმა” 10 მარტს პარლამენტის კედლებში, ჩეჩნური დიასპორის ცნობილ წარმომადგენლების თანდასწრებით, გაავრცელეს. როგორც “კონსერვატორთა” წარმომადგენელი, დეპუტატი კობა დავითაშვილი განმარტავს, ასლან მასხადოვმა ერთი თვის წინ დროებითი დაზავება სწორედ ევროპელი პარლამენტარების შუამავლობით გამოაცხადა; მზადდება სამშვიდობო მოლაპარაკებათა მრგვალი მაგიდაც, რომელში მონაწილეობაც ასლან მასხადოვს კრემლმა აღარ დააცალა:

[კობა დავითაშვილის ხმა] “მათ მოკლეს ის ფიგურა, ვისაც შეეძლო ლეგიტიმური პრეტენზია ჰქონოდა იმაზე, რომ შემდგარიყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. მაგრამ როდესაც რუსეთი სიტყვით გმობს ტერორიზმს მთელ მსოფლიოში, მაშინ თავად რუსეთი სახელმწიფო ტერორით არ უნდა იყოს დაკავებული.”

მაგრამ “კონსერვატორები” დარწმუნებულნი არიან, რომ ჩეჩნეთის მოწესრიგების თაობაზე სამშვიდობო მრგვალი მაგიდის მოწვევის იდეა ხორცს ასლან მასხადოვის სიკვდილის შემდეგ შეისხამს. მათ უკვე მიიღეს წერილი პარლამენტართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ, რომელიც მხარს უჭერს შეგროვდეს პეტიციები, სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის მოთხოვნით.

[კახა კუკავას ხმა] “ჩვენ დავიწყებთ ამ ხელმოწერებს უკვე დღეიდან და ყველა მსურველს შეუძლია შემოუერთდეს ამ ხელმოწერას.”

რამდენიმე ქართველი პარლამენტარის ინიციატივას მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტ ასლან მასხადოვის პირადი წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაუკავშირდა ჩეჩნეთის აწ უკვე გარდაცვლილ პრეზიდენტს. ხიზრი ალდამოვი ამბობს, რომ ასლან მასხადოვთან საუბრის მთავარი თემა ყოველთვის ქართველი და ჩეჩენი ხალხის ურთიერთობა იყო:

[ხიზრი ალდამოვის ხმა] “ყოველ დარეკვაზე სულ ერთ რამეს მთხოვდა: გაუფრთხილდი ქართველებს, ყოველთვის დამთმობი იყავი. ბოდიში მოუხადე აფხაზეთზე და ყველაფერზე. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ქართველებს ბოდიში მოვუხადოთ აფხაზეთის გამო, რაც იქ მოხდა.” (სტილი დაცულია)

მაგრამ ქართველი კონსერვატორების იდეას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და არც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება. დეპუტატ ზვიად ძიძიგურის თქმით, ორი თვის წინ, როდესაც პარლამენტის კედლებში კავკასიელ ხალხთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა, პარლამენტის თავმჯდომარემ ეს იდეა სახიფათოდ მიიჩნია:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] “თურმე ამ ჯგუფის შექმნა პარლამენტში ართულებს რუსეთ- საქართველოს ურთიერთობებს. ჩვენ არავითარი გართულების სურვილი არა გვაქვს, ჩვენ გვსურს ჩვენი მეზობლების ცხოვრებაში მივიღოთ ისეთი პოზიტიური მონაწილეობა, რომ იქ არ იყოს სისხლისღვრა და უბედურება.”

თუმცა კონსერვატორები ვარაუდობენ, რომ მათ ინიციატივას, ჩეჩნეთის მოწესრიგების თაობაზე მრგვალი მაგიდა ჩატარდეს, უბრალო მოქალაქეების გარდა, საქართველოს პარლამენტარებიც შეუერთდებიან.
XS
SM
MD
LG