Accessibility links

სახელმწიფო აპირებს, მეწარმეთაგან გრანტები მიიღოს


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა და იხილება ცვლილებათა პროექტი კანონში გრანტების შესახებ. არსებითად, იხილავენ ერთადერთ ცვლილებას,

რომლის ძალითაც სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს გრანტები საქართველოსა და უცხოეთის სამეწარმეო იურიდიული პირებისაგან. რას ნიშნავს და რას მოასწავებს ეს საკანონმდებლო ინიციატივა, თითქოსდა განმარტების გარეშეც გასაგებია, მაგრამ ქართული არასამთავრობო სექტორის სამმა წარმომადგენელმა საჭიროდ მიიჩნია, აეხსნა საზოგადოებისათვის, რა საფრთხის შემცველია ხელისუფლების სურვილი, კერძო მეწარმეებს გრანტის სახით გამოართვას ფული.

იურისტი დავით უსუფაშვილი, ეკონომიკური ექსპერტები ნიკო ორველაშვილი და ვაჟა სალამაძე ათი წლის წინათ მუშაობდნენ კანონზე გრანტების შესახებ და მათი დამსახურებაცაა, რომ ამ კანონმა საქართველოში პროდუქტიულად იმუშავა. კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული, ვინ გასცემს და ვინ იღებს გრანტებს საქართველოში. პრეზიდენტის ინიცირებული ცვლილება, სახელმწიფომ მიიღოს გრანტი უცხოეთისა და საქართველოს სამეწარმეო იურიდიული პირებისაგან, სულ სხვა ვითარებას ამკვიდრებს. დავით უსუფაშვილი ამ ნოვაციისადმი თავის დამოკიდებულებას ასე გამოხატავს:

[უსუფაშვილის ხმა] “ჩვენთვის ეს პრინციპულდ მიუღებელია: უცხოური კერძო კომპანია იქნება ეს თუ ქართული კერძო კომპანია, ის საქართველოს სახელმწიფოსთან უნდა იყოს ერთადერთი ტიპის ანგარიშსწორების რეჟიმში: ესაა საგადასახადო ანგარიშსწორება. ყველა სხვა რეჟიმი უნდა იყოს გამორიცხული.”

დავით უსუფაშვილმა ისიც განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილების ნეგატიურ ასპექტზე არ ლაპარაკობს, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. ასეთი ცვლილება პრობლემას უქმნის ბიზნესსა და სახელმწიფოს და არა მესამე სექტორს. უსუფაშვილის თქმით, დღევანდელ საქართველოში ფეხი მოიკიდა ბიზნესმენებისა და მოხელეების არაფორმალურმა ურთიერთობებმა,

[უსუფაშვილის ხმა] “რომელიც მერე აისახება მილიონების უცებ სადღაც გადახდაში, ყოველგვარი კანონიერი პროცედურებისა და ფორმების დაცვის გარეშე; გახშირდა ფაქტები, რომ წინასწარი დაკავების საკანში მყოფ ადამიანს უცებ გაუჩნდება სურვილი, სერიოზული თანხა შესწიროს ამა თუ იმ ფონდს. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა. ჩვენი აზრით, ეს არის მცდელობა, არაფორმალური გარიგებები მოაქციონ კანონის ჩარჩოებში.”(სტილი დაცულია)

მოკლედ, ლაპარაკია სახელმწიფო რეკეტის ლეგალიზებაზე. სახელმწიფოსთვის გრანტის მიცემას არაფერი აქვს საერთო ქველმოქმედებასთან, აღნიშნავს უსუფაშვილი. გრანტი, ქველმოქმედებისგან განსხვავებით, მკაცრად მიზნობრივია. მიზნობრიობის არსს ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა სალამაძე განმარტავს:

[სალამაძის ხმა] “გრანტების შესახებ კანონის თანახმად, გრანტი არის მიზნობრივი. იდება ხელშეკრულება, რომელშიც ჩადებულია დონორის -ამ შემთხვევაში, მეწარმის - მოთხოვნები გრანტის მიმღების - ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს - მიმართ. ამ ურთიერთობაში სახელმწიფო ხდება დონორზე ანუ მეწარმეზე დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება, უკეთეს შემთხვევაში, იქნება უხერხული, უარეს შემთხვევაში, იქნება მავნე.”(სტილი დაცულია)

ვაჟა სალამაძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს შესვლა სამეწარმეო იურიდიულ პირთან ასეთ ურთიერთობებში კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას ნიშნავს და სახელმწიფოს პრესტიჟსაც ლახავს, რადგან ის გრანტების მისაღებ მარათონში ერთვება.

ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტის, ნიკო ორველაშვილის, თქმით, საქართველოს პარლამენტში უკვე გამოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფოს მიერ გრანტების მიღებას ქართული სამეწარმეო ორგანიზაციებისაგან, მაგრამ ემხრობიან გრანტის მიღებას უცხოელი მეწარმეებისგან. ორველაშვილის აზრით, ეს ვერ იხსნის ქართველ მეწარმეებს:

[ორველაშვილის ხმა] “ცოტა შორსმჭვრეტელი ქართველი ბიზნესმენი მშვენივრად მიხვდება: თუ უცხოელ ბიზნესმენს ეს უფლება დაუტოვეს, მას, ქართველ ბიზნესმენს, მოთავსებულს სამთვიან საპატიმრო საკანში, აუცილებლად დააფუძნებინებენ თუნდაც სომხეთში, თუნდაც ოფშორულ ზონაში ფირმას, იქ გადაარიცხვინებენ თანხას და იქიდან, უკაცრავად და, გაწეწავენ.”(სტილი დაცულია)

ასეა თუ ისე, ხელისუფლებამ საზოგადოებისგან სიგნალი უკვე მიიღო და იცის, როგორ შეიძლება აღიქვან მისი სურვილი, გრანტის სახით გამოართვას ფული ბიზნესმენებს. ეს, ალბათ, ერთადერთი ადეკვატური აღქმაც გახლავთ.
XS
SM
MD
LG