Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგოობიექტების პრივატიზების გეგმამ დონორები შეაშფოთა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მთავრობის ამბიციურმა საპრივატიზებო პოლიტიკამ, რომელიც ენერგოობიექტების გასხვისებას ითვალისწინებს, დონორი ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია.

დონორები განსაკუთრებით ”საქართველოს გაერთიანებული ენერგოკომპანიის” პრივატიზების განაცხადმა გააღიზიანა. ამ თემაზე დონორები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც გეგმავენ. რა საკითხებზე იქნება საუბარი ამ შეხვედრისას და რას მოითხოვენ უცხოური ორგანიზაციები?

ერთი კვირის წინ კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე ენერგოსექტორის ”ტოტალური პრივატიზების” გეგმა წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც გაყიდვას დაექვემდებარება ყველა ენერგოობიექტი, ”ენგურჰესის”, ”ვარდნილჰესისა” და ელექტროგადამცემი ხაზების გარდა. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამით ენერგოსექტორს მომგებიანს გახდის და სახელმწიფოს მისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა აღარ მოუწევს.

ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ენერგოობიექტების პრივატიზება ხელისუფლების საბოლოო მიზანი ყოფილა.

[ნიკა გილაურის ხმა] ”ასეც და ისეც პრივატიზება იყო გეგმაში, პრივატიზება იყო და დღესაც რჩება საბოლოო მიზნად, ყველაფრის გაყიდვაა ჩვენი მიზანი, გარდა სადისპეჩერო ფარის და ”ენგურჰესისა”, სანამ ეს კონფლიქტური ზონა არსებობს.”

მინისტრთა კაბინეტის ამ ამბიციურმა გეგმამ შეაშფოთა დონორი ორგანიზაციები, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრასა და სიტუაციაში გარკვევას გეგმავენ.

შეხვედრაზე, ძირითადად, "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" პრივატიზების შესახებ იქნება საუბარი. ამ კომპანიას ამჟამად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ამერიკული კომპანია ”პი-აი კონსალტინგი" მართავს.

გაერთიანებული სადისტირიბუციო კომპანიის გენერალური დირექტორი დინ უაითი აცხადებს, რომ, კომპანიის პრივატიზების შემთხვევაში, გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) 25 მილიონი ევროს გამოყოფაზე უარს იტყვის, ეჭვქვეშ დგება "მილენიუმის პროგრამიდან" ენერგოსექტორისთვის 40 მლნ დოლარიანი გრანტის გამოყოფის საკითხიც.
"დონორების მიერ გამოყოფილი თანხებით წელს დაგეგმილი გვქონდა გამრიცხველიანების პროცესის დასრულება, რათა მოწესრიგდეს აღიცხვის სისტემა და გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მაჩვენებლები,"- აცხადებს უაითი.

მთავრობა, ენერგოსექტორის პრივატიზების შედეგად, დაახლოებით 200 მილიონ ლარს ელოდება დამატებითი შემოსავლის სახით, თუმცა, თუ დონორებთან ურთიერთობა არ გაირკვა, სხვადასხვა ენერგოპროექტებს და დაგეგმილ, არცთუ უმნიშვნელო, დახმარებას ენერგოსექტორში რეალური საფრთხე ექმნება. შესაბამისად, მთავრობამ ან თავისი საპრივატიზებო ამბიცია უნდა დათმოს, ან უარი უნდა თქვას იმ კრედიტებსა თუ გრანტებზე, რაც, საერთო ჯამში, შესაძლოა, პრივატიზებიდან დაგეგმილ თანხებზე გაცილებით მეტი აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG