Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადრიდის ტერაქტის პირველი წლისთავი


პარასკევს ესპანეთში აღინიშნა მადრიდის ტერაქტების პირველი წლისთავი.

გასული წლის 11 მარტს მადრიდში მატარებლებში მომხდარ აფეთქებებს 191 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2000-ზე მეტი დაიჭრა. ამ მოვლენების შემდეგ ევროპელი ლიდერები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ინიციატივებით გამოვიდნენ, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ცოტა რამ გაკეთდა ამ მიმართულებით.

[ზარების ხმა]

დილის 7 საათსა და 37 წუთზე მადრიდში ეკლესიის ზარებს რეკდნენ. ზუსტად ერთი წლის წინ, 2004 წლის 11 მარტის 7 საათზა და 37 წუთზე გაისმა პირველი აფეთქების ხმა. საერთო ჯამში რამდენიმე წუთის განმავლობაში 10 აფეთქება მოხდა მადრიდის ოთხ მატარებელში.

დაღუპულთა შორის იყვნენ სამსახურში მიმავალი ადამიანები, სტუდენტები და ბავშვები. ეს ევროპაში მომხდარი ყველაზე უფრო სისხლიანი ტერაქტები იყო 1988 წლიდან მოკიდებული, როცა შოტლანდიის თავზე კომპანია Pan Am-ის თვითმრინავი დაიღუპა.

აფეთქებებმა მოსახლეობაზე შოკივით იმოქმედა. გაოგნებულ თვითმხილველებს უჭირდათ გაეცნობიერებინათ, რაც მოხდა.

[მოწმის ხმა]

ესპანეთის მთავრობამ დამნაშავეთა ძებნისას საკმაოდ მალე გაიშვირა თითი ბასკ სეპარატისტთა დაჯგუფება "ეტასკენ". მაგრამ გამოძიებამ აჩვენა, რომ აფეთქებების უკან "ალ ყაიდა" იდგა. მრავალთა აზრით, ტერორისტებმა ესპანეთს სამაგიერო გადაუხადეს ავღანეთსა და ერაყში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

საგულისხმოა, რომ მადრიდში აფეთქებები საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა და გადამწყვეტი გავლენა იქონია მის შედეგებზე. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმა არჩევნების წინ ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ ზურგი არ შეექციათ მთავრობისთვის ამ კრიზისულ ვითარებაში.

[ასნარის ხმა] "ჩვენ არ ვაპირებთ რეჟიმის შეცვლას არც იმის გამო, რომ ტერორისტები მკვლელობებს ახორციელებენ და არც იმ შემთხვევაში ვიზმათ ამას, თუკი ისინი შეწყვეტენ ამის კეთებას. ყველა ესპანელს მოვუწოდებ: ნუ ვესწრაფვით ნურაფერს, გარდა ტერორიზმის სრული დამარცხებისა."

მაგრამ ასნარი არჩევნებში დამარცხდა და ესპანეთმა სწრაფად გაიყვანა თავისი ჯარები ერაყიდან.

დღეისთვის აფეთქებებთან კავშირში ეჭვმიტანილი 23 ადამიანია დაკავებული. მათი უმრავლესობა მაროკოელები არიან. მაგრამ გამომძიებლები ჯერაც ვერ სცემენ პასუხს მთავარ კითხვებს - ვინ დაგეგმა აფეთქებები და როგორ.

სამწუხაროდ, ესპანეთშიც და, საერთოდ, ევროპაშიც ძალზე მცირე წინსვლა შეინიშნება ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინაციის საქმეში. ევროპის კავშირმა მადრიდის ტერაქტებიდან ცოტა ხნის შემდეგ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი დანიშნა. მაგრამ კოორდინაციას ხელს უშლის ბიუროკრატიული საკითხები და ის, რომ ზოგიერთი მთავრობა ფეხს ითრევს სადაზვერვო მონაცემების სხვებისთვის გაცნობაში.
XS
SM
MD
LG