Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ელექტროსისტემის ვალები დღითი დღე იზრდება


საქართველო კვლავ მწვავე ელექტროკრიზისს განიცდის. ადგილობრივი წარმოების ელექტროენერგია, იმპორტირებულთან ერთად, დედაქალაქის მოთხოვნასაც კი ვერ აკმაყოფილებს,

არათუ რეგიონებისას, რომლებსაც კარგახანია დენი გაურკვეველი გრაფიკით ან სულაც არ მიეწოდებათ. ექსპერტები ამ ვითარების გამოსწორების შესაძლებლობას ხედავენ სისტემის რეფორმირებაში, რომელიც ისე ვერ განხორციელდება, თუ ძველი ვალების ბედი არ გაირკვა. რა მოცულობის დავალიანება აქვს საქართველოს ელექტროსისტემას და როგორ უნდა მოხდეს მისი გასტუმრება?

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მონაცემებით, დენის დისტრიბუტორების დავალიანება 2004 წლის განმავლობაში 23 პროცენტით გაიზარდა და 557 მილიონი ლარი შეადგინა. საბითუმო ბაზარი ელექტროსისტემის გადასარჩენად ამ ვალების გაბათილებასა და რესტრუქტურიზაციას ითხოვს.

[ალეკო ხეთაგურის ხმა] ”ამასთან დაკავშირებით სექტორში უკვე შექმნილი არის ვალების მომსახურების სააგენტო და მისი ძირითადი ფუნქცია იქნება ვალების შესწავლა და მისი გაქვითვა.”

ეს არის ალეკო ხეთაგური, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი 18 თვეზეა გათვლილი.

ენერგეტიკაში უზარმაზარი ვალის წარმოშობის მიზეზებსა და მის სტრუქტურაზე კომენტარი ვთხოვე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ელიზბარ ერისთავს. მისი განმარტებით, დავალიანება, ძირითადად, წარმოიქმნა გადაუხდელობის გამო. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა სამიოდე წლის წინ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, თუმცა მან ვერ გაამართლა.

[ელიზბარ ერისთავის ხმა] ”რაღაცა ბაზარი, ასეთი ბაზარი უნდა არსებობდეს და უნდა იყოს აღრიცხვა, საით მიედინება ელექტროენერგიის ნაკადები და ფულადი ნაკადები. ბაზარს ახლა სხვა მოვალეობა დააკისრა რატომღაც სახელმწიფომ. ის დღგ-ს გადამხდელია, ფულის გამანაწილებელია... არ არის ეს... ნახევრად გაკეთებული საქმეა. რაც იყო ჩაფიქრებული, არ გამოვიდა...”(სტილი დაცულია)

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ელექტროენერგიის მწარმოებელსა და გამანაწილებელს შორის პირდაპირმა ურთიერთობამ უფრო გაამართლა. ამგვარი თანამშრომლობის დროს კომპანიებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ ურთიერთდავალიანება.
ასეთი სისტემით სარგებლობს თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია თელასი, თუმცა ის ნაწილობრივ მაინც დამოკიდებულია საბითუმო ბაზარზე და პრობლემებსაც სწორედ ეს ქმნის.

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ესპანელმა მენეჯერებმა 10 მარტს ენერგეტიკის ინსტიტუტში გამართულ პრეზენტაციაზე ბაზრის სტრუქტურის რეფორმის საკუთარი ვარიანტი გამოაქვეყნეს.

რეფორმის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თანდათან უნდა მოხდეს დენზე ფასების დერეგულაცია, ანუ ფასების გათავისუფლება; გარდამავალ პერიოდში, 2-3 წლის მანძილზე, ენერგიის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დეფიციტის შევსება კი ბაზარმა უნდა ითავოს. ელიზბარ ერისთავი ასეთ სისტემას პრინციპულად მართებულად მიიჩნევს, თუმცა...

[ელიზბარ ერისთავის ხმა] ”ფასების გაშვება მაშინ იქნება სწორი და კარგი, სანამ კონკურენცია იქნება ბაზარზე. და ამჟამად კონკურენცია არ არსებობს და მისი პირობებიც კი უახლოეს ხანში არ ჩანს. ესე იგი უნდა შეიქმნას არა მარტო საქართველოს შიდა ბაზარი, არამედ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის ბაზარიც.”

სანამ ასეთი ბაზარი ჩამოყალიბდება, მანამდე უდენობით წლების მანძილზე გაწამებულ საქართველოს მოსახლეობას ისღა დარჩენია, გაზაფხულის წვიმებსა და წყალდიდობებს დაელოდოს. ჯერჯერობით მხოლოდ ბუნების ამ საჩუქრით მიღებულ ენერგიას თუ შეუძლია ყველა ქართველის ოჯახში ელექტრონათურის ანთება.
XS
SM
MD
LG