Accessibility links

logo-print

წარმოების ზრდა დასაქმებულთა რიცხვის შემცირების ხარჯზე


ამ დღეებში საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის საწარმოთა სტატისტიკის სამმართველომ გამოსცა პუბლიკაცია, სათაურით “ მრეწველობა საქართველოში-2005”. ნაშრომი, ახალი ეროვნული

კლასიფიკატორის თანახმად, მრეწველობაში მიმდინარე პროცესებს საქმიანობის სახეებისა და სფეროების მიხედვით ასახავს. ნაშრომის საკვლევი პერიოდი, ძირითადად, 2004 წელს მოიცავს. შესაბამისად, საწარმოთა სტატისტიკის სპეციალისტები ასკვნიან, რომ დასაქმებულთა რიცხვის საგრძნობი შემცირების მიუხედავად, გასულ წელს საქართველოში გაიზარდა როგორც საწარმოთა რაოდენობა, ისე წარმოების მოცულობა.

სტატისტიკის დეპარტამენტის ფუნქცია არამდგრადი ეკონომიკური განვითარების პირობებშიც კი მხოლოდ ციფრების, პროცენტებისა და ტენდენციების ფიქსირებაა. სწორედ ამიტომაა, რომ ანალიზისაგან დაცლილი და წლიდან წლამდე მზარდი ციფრების საჯარო დეკლარირებით ხელისუფლება უნებურად იწვევდა და იწვევს ხალხის გაღიზიანებას. ყოველ შემთხვევაში, ასეთია სურათი, სულ მცირე, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მაინც.

[მოქალაქის ხმა]” რაც მისმენია, შევარდნაძით დაწყებული და ამ მთავრობით, რევოლუციის შემდგომი მთავრობით, დამთავრებული, სულ იძახიან, რომ ქვეყანაში წარმოება გაიზარდა და თან ძალიან დიდ პროცენტულ მაჩვენებლებს ასახელებენ. მაგრამ, ამავე დროს, რა ვიცი, ვერ წარმომიდგენია, რანაირად ხდება ეგ, როდესაც გაიზარდა ძალიან უმუშევრობა, არის ფასების მომატება, გაიზარდა ასევე გადასახადების ადმინისტრირება, მაგრამ არ დაეტყო მოსახლეობას, ფინანსურ კეთილდღეობას ეგ ნამდვილად არ დასტყობია და რა პარამეტრით გაიზარდა წარმოება, მე ვერ ვხვდები.”

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2004 წელს, წინა წელთნ შედარებით, წარმოება თითქმის 10 პროცენტით გაიზარდა. სამრეწველო საწარმოებისა და წარმოების რიცხვის ზრდა ლოგიკურად დასაქმებულთა რიცხვის ზრდასაც უნდა იწვევდეს. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლოგიკა არაფერ შუაშია. როგორც ჩვენთან საუბარში სტატისტიკის დეპარტამენტის საწარმოთა სტატისტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილემ მალხაზ დარჩიაშვილმა განაცხადა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მრეწველობაში დასაქმებულთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა:

[მალხაზ დარჩიაშვილის ხმა] ” 98 წელში 121 000 ადამიანი მუშაობდა, აი, ახლა არის 84 000 კაცი- 2004 წელს. 98 წელში იყო 121 000 ადამიანი, 2000-ში იყო 96 000, 2001-ში - 88 000 და ასე წამოვიდა ქვემოთ. წლების მანძილზე ნელა-ნელა მცირდება, იმიტომ რომ იმათ ან გააუმჯობესეს წარმოების პროცესი, იმდენი მუშაკები აღარ სჭირდებათ და ნელა-ნელა მცირდება.”(სტილი დაცულია)

მართალია, ბატონი მალხაზ დარჩიაშვილი ამ შემთხვევაში მხოლოდ მრეწველობაში დასაქმებულთა რიცხვის შემცირებაზე საუბრობს, მაგრამ ზოგადად დასაქმებულთა შემცირების პროცესი მტკივნეულად შეეხო თავად სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და მის სტრუქტურებს. გასულ წელს ამ სისტემის თანამშრომელთა საერთო რაოდენობა 65% პროცენტით შემცირდა.

ისევ მრეწველობას დავუბრუნდეთ. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოთა შორის სახელმწიფო სექტორს 8 პროცენტიც კი არ უჭირავს, მრეწველობაში დასაქმებულთა თითქმის ნახევარი სწორედ ამ სექტორზე მოდის.

[ნიკო ორველაშვილის ხმა]”სამწუხაროდ, კერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებლები არ გაუმჯობესებულა, გამომდინარე იმ საერთო ფონიდან, რომლის მოწმენიც ჩვენ ყოველდღე ვართ. ბიზნესი არის ზამბარასავით შეკუმშულ მდგომარეობაში და მე ვინც კი ვიცი, პოტენციური საინვესტიციო პროექტების განმახორციელებელი პირები, ყველა ელოდება რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებას.”

ეკონომიკის ექსპერტის ნიკო ორველაშვილის თქმით, ბიზნესმენები სახელმწიფოსგან დამატებით გარანტიებს ელოდებიან როგორც მათი ინვესტიციების, ისე მათი კანონიერი უფლებების დაცვის ქმედითი მექანიზმების შესაქმნელად. ამ გარანტიების გარეშე კი წარმოების ზრდა და დასაქმებულთა რაოდენობის მატება მხოლოდ ისეთი ციფრებით შეიძლება, რომლებიც, უკანასკნელი წლების გამოცდილების თანახმად, რეალობას მიახლოებითაც კი ვერ ასახავენ.
XS
SM
MD
LG