Accessibility links

logo-print

”დოლარ სთორის“ მაღაზიამ თბილისელებს ძილი დაუფრთხო


“დოლარ სთორი” - ასე ჰქვია დიღმის მასივში მდებარე აგრარული ბაზრის მახლობლად ორიოდე დღის წინ საზეიმო ვითარებაში გახსნილ ამერიკულ მაღაზიას, სადაც გასაყიდად გამოტანილ ყველა ნივთს ერთი

ფასი - დოლარი და 50 ცენტი ადევს. სწორედ ამ ფასად შეუძლიათ თბილისელებს შეივსონ სარეცხი საშუალებისა და საკანცელარიო ნივთების მარაგი, იყიდონ სურნელოვანი სანთელი ან ეგზოტიკური ფორმის საყვავილე. თუმცა, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ზემოთ ჩამოთვლილი ნივთების შესაძენად მარტო ფული და სურვილი არ კმარა. დოლარ-ნახევრიანი ნივთების სამყაროში მოსახვედრად ადამიანს მტკიცე ნებისყოფა და შესაშური ჯანმრთელობაც სჭირდება.
სიახლემ - “ყველაფერი დოლარ-ნახევრად” თბილისელთა ერთ ნაწილზე მაგიური ზეგავლენა იქონია. ამგვარი დასკვნის საბაბს მაღაზიის მისადგომებთან გაჩენილი ის უზარმაზარი რიგი იძლევა, რომელიც, აგერ უკვე მესამე დღეა, არა და არ ილევა. ადამიანები გათენებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოდიან ქუჩაში და თადარიგს იჭერენ, რათა დღის მეორე ნახევარში მაინც მოახერხონ დოლარ-ნახევრიან სამყაროში მოხვედრა. თუმცა ყველას ერთნაირად როდი უმართლებს:
[ქალბატონის ხმა] “ღამის სამ საათზე მოვედი და ჩავეწერე. გუშინ მთელი დღე აქ გავატარე, ისეთი ამბავი იყო, რომ სიებითაც კი ხალხმა ვერ მოახერხა მაღაზიაში შესვლა. 4 საათზე მოვედი, 200 კაცი არ იყო გასული. არასწორია, სიები ვის ეხალისება, მაგრამ გადადიან ერთმანეთზე. რა იყიდება, არც ვიცით. შეიძლება არც არაფერი ვიყიდო, მაგრამ…”
რიგში მდგომმა ადამიანებმა ზუსტად არ იციან, თუ რა იყიდება ყოფილი უნივერმაღის შენობაში, სადაც 9 მარტს ამერიკული მაღაზია “დოლარ სთორი” გაიხსნა. შესასვლელში ჩაყენებული მანქანები და დაცვის თანამშრომლები საყიდლებზე მისულ ადამიანებს მაღაზიის შესასვლელს უხერგავენ. “დოლარ სთორის” დირექტორი კახა კეკენაძე ამბობს, რომ დაცვა მას შემდეგ გააძლიერა, რაც მაღაზია ურიგოდ შესული ადამიანების შემოსევას სასწაულებრივად გადაურჩა .
[კახა კეკენაძის ხმა] “აქ ისეთი მდგომარეობა იყო, ლამის ჩვენც გადაგვთელეს, შუშებიც ჩაამსხვრიეს… ის ხალხი რომ შემოცვივდა ერთი შემოცვენა, რაც შეძლეს, მოიპარეს, რაც არადა, დაამსხვრიეს. ვიტრინები ძლივს გადაურჩათ. დაცვა, აბა, სხვა რას მიკეთებს, ასეთი ხალხი თუ არ შეაჩერა.”
ამ ყველაფერს კი იმის გამო სჩადიან, რომ ზოგიერთს გულუბრყვილოდ სჯერა - დოლარ-ნახევრად ძვირად ღირებულ ნივთებს - მაგალითად, აკუმულატორს, ტელევიზორს ანდა სულაც მტვერსასრუტს იყიდის.
[კახა კეკენაძის ხმა] “მტვერსასრუტს და ტელევიზორს ამ ფასად არავინ შემოიტანს, რა სისულელეა. რა უნდა იყოს დოლარ-ნახევრიანი მტვერსასრუტი? ან კიდევ, აკუმულატორზე მოდიან.”
ცხადია, მაღაზიაში არც აკუმულატორი იყიდება და არც სხვა ძვირად ღირებული ნივთი. ამის გამო მაღაზიიდან გამოსული ზოგიერთი ქალბატონი იმედგაცრუებას ვერ მალავდა:
[ქალბატონის ხმა] “ნახე, რა ვიყიდე. ხათრის გულისთვის, უბრალოდ. დისკების ჩასადები, საბავშვო ზეთი და მინის გამწმენდი… უბრალოდ, ხათრისთვის, ამდენი ხანი რომ ვიდექი რიგში, თორემ არ შევიძენდი. ისეთი რამეებია, ბაზრობაზე ლარ-ნახევრად რომ იყიდება.”
თუმცა, ამგვარი განწყობის მიუხედავად, დიღმის მასივში გახსნილი მაღაზია მომხმარებლის სიხალვათეს არ უჩივის. მეტიც, მაღაზიათა ქსელი “დოლარ სთორი” თბილისის სხვადასხვა უბანში დამატებით ხუთი სავაჭრო ობიექტის გახსნას აპირებს.
XS
SM
MD
LG