Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასხადოვის შემდგომი ხელისუფლება ჩეჩნეთში


ჩეჩნეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ასლან მასხადოვის მემკვიდრე იქნება რელიგიური სასამართლოს ახალგაზრდა თავმჯდომარე, რომელზეც ამბობენ, რომ მისი წანამორბედის რჩეულია.

ლაპარაკია აბდულ ხალიმ საიდულაევზე, ღრმად მორწმუნე, 30 წლის, ბრძოლებში გამობრძმედილ კაცზე. თუმცა ის ნაკლებად ცნობილი პირია.
მასხადოვის სიკვდილით ჩეჩნეთმა, სულ მცირე, მთავარი ოფიციალური წარმომადგენელი დაკარგა. მოელიან, რომ ახალი ხელმძღვანელი ნაკლებად იქნება მოწადინებული მოსკოვთან მოლაპარაკება აწარმოოს და მასთან გარიგებას შეეცადოს. აქვე გეტყვით, რომ მასხადოვის ბანაკმა და რადიკალურად განწყობილი შამილ ბასაევის გარემოცვამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს, რომ პრეზიდენტობას საიდულაევი ჩაიბარებს, ის იქნება ამ მოვალეობის შემსრულებელი, სანამ არჩევნები მოეწყობა. საიდულაევი ნაკლებადაა ცნობილი თვით ჩეჩნეთშიც, რომ არაფერი ვთქვათ უცხოეთზე. ამბობენ, რომ ის მასხადოვთან ძალიან იყო დაახლოებული და ამ ორიოდე წლის წინ პრეზიდენტმა თავის მემკვიდრედ დაასახელა, თუმცა საჯაროდ მასხადოვს საიდულაევი არასოდეს წარუდგენია. მოსკოვში ბინადრობს ადამიანის უფლებათდამცავი ორგანიზაცია “მემორიალი”, რომლის თანამშრომელი ოლეგ ორლოვი ჩეჩნეთის სპეციალისტია. მისი აზრით, საიდულაევს, ისივე როგორც სხვა ახალ ჩეჩენ მეთაურებს, არა აქვთ საკმარისი ავტორიტეტი, წამოაყენონ სამშვიდობო ინიციატივები.
(ორლოვის ხმა) “მასხადოვს დიდი წარსული ჰქონდა, ჯერ -პირველი ომი, ომებს შორის ის იყო სახალხოდ არჩეული პრეზიდენტი ყველაზე სამართლიან არჩევნებში, რაც კი ჩეჩნეთში მოწყობილა. საიდულაევი - რა? მას არაფერი მსგავსი არ გააჩნია.”
ახალ თაობა, რომლის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელიც საიდულაევია, ანალიტიკოსების აზრით, ძველი საველე მეთაურებისგან თავისი განსაკუთრებული ღვთისმოშიშობითაც განსხვავდება.. მოსკოვის “კარნეგის ცენტრში” მუშაობს კავკასიის საკითხთა სპეციალისტი ალექსეი მალაშენკო, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდა ლიდერები ისლამის უფრო რადიკალურ ფორმას მისდევენ და უფრო ახლოს არიან არაბ ისლამისტებთან, ვიდრე მასხადოვთან.
(მალაშენკოს ხმა) “ეს მეომარი თაობაა, ის ხალხია, რომელმაც არ ვიცი, წერა კითხვა იცის თუ არა, ალბათ, იცის, მაგრამ ნამდვილად იცის ბრძოლა. როცა ომი იწყებოდა, ეს ბიჭები 15- 16 წლისანი იყვნენ.”
ამ ახალგაზრდების სხვა მიდრეკილებები მთლად ცხადი არ არის, მიმომხილველებსაც უჭირთ ამაზე ლაპარაკი. მალაშენკო ამბობს, რომ შედარებით დაბალი რანგის საველე მეთაურებს საიდულაევზე ნაკლები გამოცდილება აქვთ. მათ ცხოვრების მეტი ნაწილი რუსეთის ჯართან ბრძოლაში გაატარეს და დიდი ჟინი აქვთ ბრძოლის გაგრძელებისა. თაობების ეს ცვლა ჩეჩნეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ყველა მცდელობას შეაფერხებს, ვარაუდობს ალექსეი მალაშენკო.
(მალაშენკოს ხმა) “ეს ხალხი ბოლომდე იბრძოლებს, ისინი პროფესიონალი მეომრები არიან და, ჩემი ვარაუდით, მათ გარკვეული გავლენა ექნებათ ახლო აღმოსავლეთში, ერაყში და სხვაგან.”
მალაშენკოს უძნელდება თქვას, თუ რას მოიტანს საიდულაევის ლიდერობა და რამდენ ხანს იქნება ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი:
(მალაშენკოს ხმა)“ეს არავინ იცის. ის, არათუ რუხი კარდინალი, უბრალოდ, რუხი დროებით დასმული პირია.”
კავკასიის ექსპერტმა თქვა, რომ ჩეჩნეთის ყოფილ ლიდერებს - ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტს გენერალ ჯოხარ დუდაევს, ასევე, ყოფილ საბჭოთა პოლკოვნიკს ასლან მასხადოვს - საბჭოთა ოფიცრის ცნობიერება ჰქონდათ. ანალიტიკოსის დასკვნით, ეს მათ კრემლისთვის უფრო მისაღებ პარტნიორებად აქცევდა, საიდულაევი და სხვა ჩეჩენი ახალგაზრდა მეთაურები კი სულ სხვა საქმეა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG