Accessibility links

logo-print

რას დაუპირისპირებს რუსეთი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამ ორი დღის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების 2006 წლის 1 იანვრამდე გაყვანას გულისხმობს,

თავად ქართველი პარლამენტარები ისტორიულს უწოდებენ. საქართველოში თითქმის არავის აეჭვებს, რომ რუსეთი საქართველოს პარლამენტართა ერთსულოვნებას უპასუხოდ არ დატოვებს, რადგან კრემლს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მის ინტერესთა სფეროში შედის. რას დაუპირისპირებს რუსეთი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას?

ის, რომ რუსეთი რეაგირების გარეშე არ დატოვებს პარლამენტის გადაწყვეტილებას რუსეთის სამხედრო ბაზების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანის ვადების შესახებ, არავის აეჭვებს. რანაირად შეიძლება გამოიხატოს ეს რეაგირება, ესეც დაახლოებით ცნობილია, რუსეთის პოლიტიკოსთა გამოსვლების მეშვეობით. ბოლო რამდენიმე დღეა, დუმის დეპუტატები ხან საქართველოსთვის ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტით და ხან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში მიღებით იმუქრებიან.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესმდივნის გელა ჩარკვიანის განცხადების მიუხედავად, რუსეთიდან დადებითი იმპულსები იგრძნობაო, როგორც ჩანს, რეაქცია, და არცთუ დადებითი, რუსეთიდან მაინც იქნება. ინტერნეტგამოცემა „გრანის“ ხელში ჩაუვარდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ მომზადებული „საინფორმაციო მასალა“ , რომლის ავტორიც არმიის გენერალი იური ბალუევსკია. რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის განკუთვნილ ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზები გაუსაძლის პირობებში არსებობენ: ბაზებს პერიოდულად უთიშავენ ელექტროენერგიას, ხდება ბაზების პიკეტირება, სამხედროების გადაადგილების ტოტალური კონტროლი, პოლიგონების გამოყენების აკრძალვა. თურმე, ახალქალაქის ქართველი კომენდანტის განკარგულებით, 62-ე სამხედრო ბაზის მოსამსახურეებს ეკრძალებათ ქალაქში გამოჩენა ღამის 11-დან დილის 5 საათამდე. შესაბამისია დასკვნაც: გენერალ ბალუევსკის აზრით,ქართული მხარის მიერ რუსი სამხედროების შევიწროება ნეგატიურ გავლენას ახდენს რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო იმიჯზე. ამიტომ გენშტაბი მიზანშეწონილად მიიჩნევს უახლოეს ხანში საქართველოზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებას, რითაც დაცული იქნება რუსეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტი უცვლელია - ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტა.

სხვა საკითხია, რამდენად გმირულად აიტანს საქართველოს ბევრისმნახველი მოსახლეობა ასეთ პირობებში ცხოვრებას - 90-იანი წლების დასაწყისისგან განსხვავებით, ბოლო ხანს, ასე ვთქვათ, „ბალახის ძოვის“ სურვილი საქართველოში ხმამაღლა არავის გამოუთქვამს.
XS
SM
MD
LG