Accessibility links

logo-print

დროა, ქვეყნის მართვაში პროფესიონალები მოვიდნენ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი ერთ-ერთი მთავარი იყო გასული კვირის პრესაში.

დღევანდელ მიმოხილვაში ამ თემასთან ერთად შევეხებით ენერგოკრიზისის პრობლემას, გაგაცნობთ მოსაზრებებს პოლიტიკისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირში არსებულ სიძნელეებსა და განათლების სისტემაში შექმნილ ერთ კრიზისულ ვითარებაზე.

10 მარტის გაზეთი “ხვალინდელი დღე” წერს, რომ “საქართველოს პარლამენტში” რუსეთის ბაზების შესახებ სპეციალური დადგენილების შემუშავებას, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის მხრიდან ისტერიული რეაქცია და სერიოზული მუქარა მოჰყვა. ქართველ პოლიტიკოსთა აზრით, მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობაში ეს ეტაპი გადასატანია და იმედოვნებენ, რომ ბაზების გაყვანით რუსულ-ქართული ურთიერთობები “თავისთავად დალაგდება”.

გაზეთის თქმით: “ოპოზიციას მხოლოდ ის ადარდებს, ეს დადგენილებაც, ჩვეულებისამებრ, “ფარატინა ქაღალდად” არ დარჩეს და მასში ჩაწერილი პუნქტების შესრულებისგან საქართველოს მხარემ კვლავ უკან არ დაიხიოს.”

“ნაბიჯის ღირებულებაზე პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. სამხედრო ექსპერტები შიშობენ, რომ დადგენილების მიღებას რუსეთის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები მოჰყვება, რაც ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.”

“...ამ შემთხვევაში რუსეთმა ყველაზე მეტი ყურადღება ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვასა და მის გაზრდაზე შეაჩერა.
საქართველოში შიშობენ, რომ ბაზების საკითხით გამწარებული რუსეთისგან ისეთ გართულებებსაც უნდა ველოდოთ, როგორიც კონფლიქტის ზონებში ვითარების დაძაბვა-გაუარესებაა. საქართველოს მხარე ძირითად საშიშროებას გალის რაიონთან მიმართებაში ხედავს და ეჭვობს, რომ “გაბრაზებული მეზობლის” თაოსნობით, შესაძლოა, ამ რეგიონში სრულმა ქაოსმა და აღვირახსნილობამ დაისადგუროს.”

როგორც ცნობილია, 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცა დადგენილების პროექტი “საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების შესახებ”.

11 მარტის გაზეთი “ახალი თაობა” გვამცნობს, რომ, “დადგენილების თანახმად, 2005 წლის 15 მაისამდე რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების თაობაზე ორმხრივი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, რუსეთის მხარეს მოეთხოვება, შეწყვიტოს რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოში 2006 წლის პირველ იანვრამდე.”

როგორც 11 მარტის გაზეთი “რეზონანსი” აღნიშნავს, “გუშინვე ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ეს უწყება იმედოვნებს, რომ მოსკოვი და თბილისი საქართველოში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხს მოლაპარაკებების გზით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტენ.”

“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები კი აკეთებენ განცხადებებს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოდან 3-4 წელიწადში გავლენ,’ ანუ მას შემდეგ, რაც კავკასიაში რუსეთის ახალი სამთო-მსროლელი ბრიგადები შეიქმნება.”

11 მარტის გაზეთი “ხვალინდელი დღე” აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილთან, რომელმაც, კერძოდ, განაცხადა:

“15 მაისიდან დაიწყება სანქციების ამოქმედება. ვერ ჩამოვა ვერც ერთი რუსის ჯარისკაცი ამ ბაზებზე, არ იქნება მატება, არ მოხდება ტექნიკის გადაადგილება...ანუ დავიწყებთ ბაზების მინიმიზაციას. მინიმუმადე დავიყვანთ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას და უფრო ადვილი იქნება მათი გაყვანა საქართველოდან.”

ენერგოკრიზისის თემას აშუქებს 10 მარტის გაზეთი “24 საათი”, რომლის თქმით, “მიუხედავად იმისა, გამოიყენებს თუ არა და რა ფორმით გამოიყენებს რუსეთი დღეს უკვე მის ხელთ არსებულ ენერგეტიკულ ბერკეტებს საქართველოს მხრიდან სამხედრო ბაზების გაყვანაზე საპასუხოდ, ფაქტია, რომ ქვეყნის ენერგომომარაგება დღეს, ასეთი პოლიტიკური შინაარსის სანქციების გარეშეც, სერიოზული შეფერხებებით ხორციელდება.”

გაზეთი წერს: “ხელისუფლება ამბობს, რომ 14-15 მარტისთვის “თბილსრესის” მე-3 ენერგობლოკის ჩართვა იგეგმება. როგორც სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მე-3 ენერგობლოკის ჩართვა დამატებით 100 მეგავატ ელექტროენერგიას მოგვცემს. ნიკა გილაურის თქმით, “კავკასიონის” მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანებით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად მაქსიმალურად ხდება ენგურჰესის წყლის გამოყენება. დაწყებულია ასევე მუშაობა აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ე.წ. “სალხინოს” ხაზით ელექტროენერგიის იმპორტის განსახორციელებლად.

თუმცა რამდენად გამოასწორებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ქვეყნის ენერგეტიკულ მდგომარეობას უახლოეს პერიოდში, ძნელი სათქმელია. მით უმეტეს, რომ ენგურჰესზე წყლის დონე უკვე, რეაბილიტაციის დროის მოახლოებაზეც რომ არაფერი ვთქვათ, კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.”

ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზეა საუბარი 9-10 მარტის გაზეთ “ახალ ვერსიაში”. შეკითხვაზე - რით განსხვავდება “ნაციონალური მოძრაობა” ბოლშევიკურისგან? - ავტორი უპასუხებს, რომ “უპროგრამო “ნაციონალებმა” უპროგრამო “დემოკრატები” მიიერთეს და ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ რაიმე ეკონომიკური პროგრამა ვერ შექმნეს - ზუსტად ისევე, როგორც ბოლშევიკებმა ოქტომბრის რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ.”

გაზეთი წერს: “ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური განვითარების პროგრამა, რომელიც დარგობრივმა პროფესიონალებმა უნდა დაწერონ და განახორციელონ. მათ კი თავისი ცოდნა-ღირსება აქვთ, ამიტომ დილეტანტების ჭკუაზე არ ივლიან. დროა, ქვეყნის მართვაში პროფესიონალები მოვიდნენ. ხოლო თუ ჩვენი ბიზნესი მათ მხარს არ დაუჭერს, თვითონვე დაზარალდება. კაპიტალმა ოპოზიციას ისევე უნდა მისცეს შეკვეთა, როგორც ხელისუფლებას. საზოგადოების მხრიდან კი ის პარტიაა მხარდასაჭერი, რომელსაც ეკონომიკური მიზნების მისაღწევად რეალური საშუალებები გააჩნია.”

ავტორის აზრით, “მთავრობაში უამრავჯერ დატრიალებული კარუსელი მოწმობს, რომ ხელისუფლებისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სპეციალურ განათლებას, ცოდნა-განათლებას, პროფესიონალიზმს. ხელისუფლება დილეტანტური მართვის უვარგის გაკვეთილებს უტარებს ქვემდგომ რგოლებს, რომლებიც ცდილობენ ზემდგომთა ქმედებებს მიბაძონ. შედეგად, სახელმწიფო თანამდებობები ივსება “უნივერსალური” პარტმანდატიანი დილეტანტებით.

დაფიქრებულა პრეზიდენტი, თუ რა მოჰყვება ამას?”

აგრეთვე კრიტიკული წერილია დაბეჭდილი 10 მარტის გაზეთ “რეზონანსში”, რომლის თქმით, “სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯში შექმნილი ვითარება ერთ-ერთი რიგითი, მაგრამ უტყუარი ინდიკატორია იმ არაკომპეტენტურობისა და არათანმიმდევრულობის, რაც აშკარად შეიმჩნევა ხელისუფლების ნაბიჯებში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში.”

გაზეთი წერს: “კოლეჯის სტუდენტებთან დაკავშირებული პრობლემა მარტივია და მსოფლმხედველობითობის დონეზე შეიძლება ორ ღირებულებას შორის ჭიდილამდე დავიყვანოთ. ერთი ღირებულება, რაც უდავოა, ისაა, რომ უმაღლესებში მისაღებ გამოცდებზე ყველა სტუდენტი თანაბარ პირობებში უნდა იყოს...

მეორე ღირებულება, რომელიც ასევე უდავოა, არის ის, რომ ყველამ, მით უმეტეს სახელმწიფომ, უნდა შეასრულოს მის მიერვე აღებული ვალდებულება.”

“ლოგიკური იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ ხელისუფლება აირჩევს უფრო ღირებულ, ასე ვთქვათ, უფრო მაღალი ფასეულობის მქონე ჭეშმარიტებას. რომელია ასეთი? ეს შეიძლება საკამათო თემა იყოს, მაგრამ არის კიდევ ერთი ღირებულება - სამართლიანობა, რომელიც ამ ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს, უნდა დამყარდეს.”

“რეზონანსის” თქმით, “კომპრომისებზე თუ არის საუბარი, კომპრომისი შეიძლება იყოს ერთი: კოლეჯის მესამე კურსის სტუდენტებს აუცილებლად უნდა შეუსრულდეთ დანაპირები - ისინი უნივერსიტეტში უნდა ჩაირიცხონ და, მომავალი პაციენტები უვიცების ხელში რომ არ ჩავაგდოთ, დაუწესონ უმკაცრესი გამოსაშვები გამოცდები, რომელსაც თუნდაც ლომაია დაესწროს, თუნდაც წიფურია და თუნდაც ბოკერია გიგა.

რაც შეეხება პირველ და მეორე კურსელებს, მათი საკითხის განხილვა შეიძლება გადაიდოს მომავლისთვის. ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება პარლამენტმა მიიღოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესწორება (ეს არ არის ის კანონი, რომელშიც პარლამენტმა, თუ არ ვცდები, 300-მდე შესწორება მიიღო).”
XS
SM
MD
LG