Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე ზრუნავს


1999 წელს საქართველოში შეიქმნა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, რომელმაც მიზნად დაისახა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს ამ ტიპის რიგით მეორე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რადგან პოლიტიკურ სწავლებათა სკოლების არსებობას საფუძველი 12 წლის წინ მოსკოვში ჩაეყარა. საერთაშორისო ორგანიზაციები - მათ შორის, ევროპის საბჭო და ევროკავშირი - თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინსტიტუტად მიიჩნევენ და მის მხარდაჭერას პრიორიტეტულ მიზნებს შორის ასახელებენ.
რით არის გამორჩეული ეს ინიციატივა?

საქართველოში პოლიტიკური, სამოქალაქო, სამართლებრივი და დიალოგის კულტურის დამკვიდრება, განსხვავებული აზრის პატივისცემა და იმაზე ფიქრი, თუ რას ნიშნავს, მართლაც, დემოკრატიული ფასეულობები, ამ საკითხებზე მსჯელობითა და დასკვნებით ქვეყანაში ახალი ტიპის პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებაა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიზანი. ამ მიზნის მისაღწევად წელს სკოლაში უკვე მეხუთედ შეიკრიბა ორმოცამდე მსმენელი, რომელთა შორის, როგორც წესი, ახალგაზრდა პოლიტოლოგები, იურისტები, ეკონომისტები, დეპუტატები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან. მათთვის აკადემიური წელი გასულ შემოდგომაზე ჩაქვიდან დაიწყო, მარტში ბაკურიანში გაგრძელდა და ივნისში პალერმოსა და სტრასბურგში დასრულდება. თითოეულ მათგანს სკოლის სემინარების მიმდინარეობისას ქართველი და უცხოელი ექსპერტების არაერთი საინტერესო მოხსენების მოსმენისა და შემდეგ სრულიად თანასწორუფლებიანი დისკუსიის წარმოების საშუალება ეძლევა. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას აღმოჩენას უწოდებს მისი ერთ-ერთი კურსდამთავრებული, ადვოკატი მიხეილ სარჯველაძე:

[მიხეილ სარჯველაძის ხმა] "ეს არის ყველაზე კარგი მოდელი იმისა, რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ მთელი საზოგადოება. პირველ რიგში, კულტურა, მრავალი განხრით და მრავალი მიმართულებით, ანუ ის, რაც ჩვენ, თანამედროვე საზოგადოებას, უნდა გვქონდეს როგორც ღირებულება და ფასეულობა დამკვიდრებული, აქ არის რაღაც ზენიტში აყვანილი. კარგად ჩანს დადებითი მხარეები ყველაფერი ამის, რაც გაფიქრებინებს ადამიანს, რომ ცხოვრების სწორედ ეს სტილი აირჩიო და, შესაბამისად, ეს იყოს მთავარი საზომი თუ კრიტერიუმი." (სტილი დაცულია)

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ერთ-ერთი ექსპერტი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დონალდ მაკლარენი ამბობს, რომ სემინარებზე დასწრება ყოველთვის იზიდავს, რადგან მსმენელებისგან რთულ შეკითხვებს ისმენს, განსახილველი თემები კი კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება:

[დონალდ მაკლარენის ხმა] "მე ვხედავ, რომ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის წიაღში სწორედ ამგვარი იდეები იბადება. სკოლა ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოებას ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის ადამიანები, რომლებსაც ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება შეეძლებათ. ჩემთვის პატივია სკოლაში მოსვლა და აქ წარმოებულ დისკუსიებში მონაწილეობა."

სკოლის ერთ-ერთი პირველი და ტრადიციული ექსპერტი, იურისტი დავით უსუფაშვილი ამ ინსტიტუტის მთავარ ხიბლად ასახელებს მსმენელებს, რომელთა ერთად ყოფნას კიდევ ერთ სკოლას უწოდებს:

[დავით უსუფაშვილის ხმა] "გარდა ამისა, ეს სკოლა თავისი არსებობის მანძილზე როგორღაც გაექცა პოლიტიკურ კონიუნქტურას. ყოველთვის იყო მცდელობა პრობლემების განზოგადებისა და სკოლის ხელმძღვანელობამ, მე მგონი, მოახერხა, რომ მართლა აკადემიური გარემო შექმნილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მწვავე პოლიტიკურ თემებზეცაა ხოლმე საუბარი. ამ ტიპის სკოლისგან მსემენელი უნდა ელოდეს ახალი ინტერესის სფეროების გაჩენას, ანუ ამ სკოლის ფარგლებში ხდება უფრო ინიცირება შემდგომი ინტელექტუალური ამბიციების." (სტილი დაცულია)

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაზე ბევრს საუბრობენ სტრასბურგში, - ამბობს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი საქართველოში იგორ გაონი, რომელიც ბოლო სემინარზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო:

[იგორ გაონის ხმა] "ყველაფერი, რასაც აქ ვამბობდით, გულწრფელი იყო. სტუმრებმა დაუფარავად ვთქვით ის, რასაც ვფიქრობთ საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებზე. ამასთან, ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ აფასებენ და ათვითცნობიერებენ ამავე პრობლემებს სკოლის ახალგაზრდა მსმენელები. როდესაც ეს ორი პოზიცია შევაჯერე, გამოჩნდა, რომ ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ."

როგორც წესი, სკოლის სემინარებზე გამართული დისკუსიის შინაარსი საჯაროდ არ ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ მსმენელთა შორის არაერთი ჟურნალისტია. სამართლებრივი აზროვნება და კულტურა საქართველოში, რამდენად შორია საქართველოდან დასავლეთამდე, პოლიტიკური კულტურა და საინფორმაციო საშუალებები, დემოკრატიული კონტროლი სამხედრო ძალებში, საარჩევნო კანონმდებლობა და მისი გამოყენების აუცილებლობა, სამართლის უზენაესობა და პოლიტიკური კონიუნქტურა გახლავთ მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ თემებისა, რომელზეც უკვე 5 წელია მსჯელობენ სკოლის მსმენელები, კურსდამთავრებულები და ექსპერტები. ინსტიტუტის აქტიურ მხარდამჭერთა შორის არიან: ევროსაბჭო, ევროკომისია, აშშ და დასავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფო. მხარდაჭერის აუცილებლობას მომავალი ლიდერების მომზადების სურვილით ხსნის ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის ხელმძღვანელი კლაუს შუმანი:

[კლაუს შუმანის ხმა] "ევროპის საბჭო მხარს უჭერს მოსკოვისა და თბილისის სკოლებს. მათი წარმატება იმდენად ცხადია, რომ გადავწყვიტეთ ანალოგიური ინიციატივების დამკვიდრება სხვა ქვეყნებშიც."

ამჟამად პოლიტიკური სწავლების სკოლები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყანაში არსებობს, თუმცა ყველაზე წარმატებულად მოსკოვისა და თბილისის სკოლებია მიჩნეული. იმას, რომ ქართულ პროექტს სტრასბურგში და სხვაგანაც აქებენ, თბილისის სკოლის დირექტორი, პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი არ ეთანხმება:

[არმაზ ახვლედიანის ხმა] "გამოსასწორებელიც და დასახვეწიც ჩვენ ბევრი გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით რაც არის, ეს არის. სკოლას აქვს შანსი ჩამოყალიბდეს თვისობრივად განსხვავებულ სამოქალაქო ინსტიტუტად, რომელიც უფრო სტაბილური ხასიათის იქნება და მოემსახურება, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, საქართველოს და მთლიანად ჩვენი რეგიონის გაცილებით უფრო მეტ ახალგაზრდა ადამიანს." (სტილი დაცულია)

ამჟამად თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ერთადერთია, რამდენიმე პროექტი ხორციელდება. ზოგადად მათ ქართულად, შვედურად, კავკასიურად და ქართულ-რუსულად მოიხსენიებენ.

მზადდება კიდევ რამდენიმე ახალი, მათ შორის ქართულ-აფხაზური პროექტი. ივნისის დასაწყისში სკოლას საგანგებოდ ეწვევა ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი რიჩარდ პაიპსი, რომელმაც თავისი წიგნის "საკუთრება და თავისუფლების" ქართულად თარგმნის ექსკლუზიური უფლება სწორედ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას მისცა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG