Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებით 450 მილიონი ლარი ”გაუჩნდა”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსავლებს 450 მილიონი ლარით გაზრდის. ამ ოდენობით შემოსავლების მატება უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოსათვის

და იგი, ერთი შეხედვით, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ და ადეკვატურ ზრდაზე უნდა მიუთითებდეს. თუმცა ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარით გაზრდის მიზეზი ამ შემთხვევაში ის ”საპრივატიზებო მარათონია”, რომელშიც 2005 წლის დასაწყისიდან ჩაერთო საქართველო. მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოსავლებსაც ზრდის ტენდენცია ახასიათებს.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება დაახლოებით 450 მილიონი ლარით. ეს, ძირითადად, პრივატიზაციის შემოსავლებია, თუმცა არის ზრდა საგადასახადო შემოსავლების ნაწილში და ასევე არასაგადასახადო შემოსავლებისა და გრანტების ნაწილშიც.”

სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების ინციატივით მთავრობა საკანონმდებლო ხელისუფლებაში უკვე მომავალ კვირას შევა. ხელისუფლება ბიუჯეტის უპრეცედენტო მატებას, ბუნებრივია, თავის აქტივში იწერს. თუმცა საგულისხმოა, რომ ამგვარი ნამატი თანხა, ფაქტობრივად, ერთჯერადი ეფექტია და იგი ”საპრივატიზებო მარათონის” დასრულებისთანავე ნამდვილად აღარ იქნება ასეთი მასშტაბის. ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ სად დაიხარჯება ზედმეტი 450 მილიონი.

ამ ოდენობის თანხის ერთბაშად და თანაც მიმდინარე ხარჯებში გაწერა დიდი დარტყმა იქნება საფინანსო სექტორისათვის, ამიტომ ექსპერტები მოუწოდებენ ხელისუფლებას პრივატიზებიდან მიღებული დამატებითი შემოსავალი კაპიტალურ ხარჯებში დააბანდოს და არ დაჰყვეს მიმდინარე მოკლევადიანი ხარჯების დაფარვის ცდუნებას. ”მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერი დავით გამყრელიძე ფიქრობს, რომ მთავრობამ სახელმწიფო ქონება მხოლოდ ფისკალური ეფექტის მისაღებად არ უნდა გაყიდოს:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”ჩვენ უნდა გავყიდოთ იმიტომ, რომ კერძო საკუთრებაში საწარმოები უკეთ იმართება და არა იმიტომ, რომ ჩვენ მთავარი მიზანი გვაქვს, რომ ფისკალური ეფექტი მივიღოთ. ჩვენ რა თანხასაც მივიღებთ, ის აუცილებლად კაპიტალურ დანახარჯებში უნდა ჩავდოთ, რომ ახალი აქტივები გაუჩნდეს სახელმწიფოს, და არა მიმდინარე ხარჯებში, ვთქვათ, სამხედროების ტყვია-წამალში, პენსიებში და ა.შ.” (სტილი დაცულია)

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ თანხიდან დამატებით 164 მილიონი იქნება გამოყოფილი ენერგოსექტორისათვის. სოლიდური ”ლუკმა” შეხვდება თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებას, თუმცა აქ გასაწევი ხარჯები არ კონკრეტდება. შემოსავლები ასევე გადანაწილდება რეგიონებში განათლების რეფორმის განსახორციელებლად, რისთვისაც 17,5 მილიონი ლარის ოდენობის ტრანსფერები გაიცემა. დამატებით 4,5 მილიონი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების კომპიუტერებით აღჭურვას მოხმარდება.

პრივატიზებიდან გაჩენილ დამატებით შემოსავლებზე თავისი მოსაზრება აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომლის მისიამ გასულ კვირას თბილისში ვიზიტი დაასრულა. მისია თავის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში ქვეყნის ხელმძღვანელობას ურჩევს “თანდათანობით აითვისოს პრივატიზაციიდან მიღებული მნიშვნელოვანი დამატებითი რესურსები”, რათა თავიდან “იქნეს აცილებული მაკროეკონომიკური მენეჯმენტის თვალსაზრისით წარმოშობილი პრობლემები” - კერძოდ, ისეთი დესტაბილიზაციური ეფექტები, როგორიცაა ინფლაციის მკვეთრი ზრდა ან კერძო სექტორისათვის საბანკო კრედიტების შეზღუდვა. სხვათა შორის, სავალუტო ფონდი არც გასული წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არნახულ 8,4 პროცენტიან ზრდას უყურებს ცალსახად და მიაჩნია, რომ ეს ციფრი სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და გასულ წელს ეკონომიკის ლეგალიზაციის შედეგი უფროა, ვიდრე რეალური სურათი.

ამდენად, საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ბიუჯეტთან დაკავშირებით წინა წლებში მხოლოდ შემოსავლების გეგმის შესრულების და, როგორც შედეგი, სეკვესტრის პრობლემა ჰქონდა, ორი წელია დამატებით შემოსული თანხების განკარგვის დილემა აწუხებს. ამ თანხების სწორი მენეჯმენტი, მართლაც, სერიოზული პრობლემა გახლავთ ჩვენი ეკონომიკისათვის, რომლისთვისაც ერთბაშად ნახევარი მილიარდი ლარის ათვისება მთლად მარტივი გადასატანი არ არის.
XS
SM
MD
LG