Accessibility links

მარტს - ქარი უყვარს. ადამიანებს კი მარტიც და ქარიც საშინელ


მარტს - ქარი უყვარს. ადამიანებს კი მარტიც და ქარიც საშინელ დისკომფორტს უქმნის.

დიდი ჰოლანდიელი რეჟისორი იორის ივენსი უნდა იყო, ქარის ზუზუნში მუსიკალური ბგერები რომ აღმოაჩინო და ქარის წისქვილის ბრუნვა ადამიანის სუნთქვას შეადარო... მაგრამ ივენსი ერთი და განუმეორებელი იყო. ყველა დროის უდიდესმა დოკუმენტალისტმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მთელი მსოფლიო შემოიარა - კინოფირზე აღბეჭდა “ქარის ამბავი” და ქარის ხმა ადამიანის სულის ხმას შეადარა. ივენსი დარწმუნებული იყო, რომ ბუნება ისევე სუნთქავს, როგორც ადამიანი... ამ სუნთქვის გასაგებად არ უნდა იჩქარო - ბუნებას შენ მიმართ ნდობა უნდა გაუჩნდეს. შეგიძლია დატოვო მიკროფონი მოშიშვლებული მინდვრის წიაღში ან სადმე, მთის წვერზე, ხმა ჩაიწერო, მერე კი გააძლიერო, რათა იმანაც მოისმინოს, ვისაც ბუნების “მუსიკალურობის” მაინცდამაინც არა სწამს.

[ხმა]

იორის ივენსი დარწმუნებული იყო, რომ ხმის ჩაწერის ახალი ტექნოლოგიები ადამიანთა სამყაროს უცნობ, გასაიდუმლოებულ ბუნებასთან აზიარებდა. მაგრამ მისი ფილმი “ქარის ამბავი” მხოლოდ კინოინტელექტუალებმა დააფასეს. ნათელი გახდა, რომ ხალხს შთაბეჭდილების შესაქმნელად არა მარტო ბუნების ხმა, არამედ ბუნების დანახვა სჭირდებოდა... თანაც, არა მშვიდი, უმოძრაო პეიზაჟების, არამედ რაღაც განსაკუთრებულის, ექსტრემალურის... რა არის იმაზე უფრო შთამბეჭდავი, როცა ზიხარ შენთვის მშვიდად კინოდარბაზში ან სავარძელში, ტელევიზორთან ხარ მოკალათებული, ეკრანზე კი ადამიანი – ბუნებას ებრძვის ან, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, “იპყრობს” ბუნებას... ვიღაც ამ დროს სტიქიის შიშისგან თავისუფლდება, ვიღაც კმაყოფილია, რომ უსაფრთხოება აქვს გარანტირებული, ვიღაცას კი ბუნების საიდუმლოს შეცნობის სურვილი უჩნდება.

სწორედ ამ მიზნით იღებდნენ და იღებენ, ალბათ, კინემატოგრაფისტები ეგრეთ წოდებულ "ექსტრემალურ ფილმებს" – ტრადიციული კინოსგან განსხვავებით, რომელიც ხშირად ვერ სცილდება სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ რელიგიური პრობლემატიკის საზღვრებს, “სამოგზაურო” თუ ექსტრემალურ ფილმს, როგორც წესი, შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს. მაყურებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ, მისი სამყაროს გარდა, არსებობს სხვა სამყაროც და რომ მასზე მეტად უჭირთ სხვებს... უნდა გააცნობიეროს, რომ არსებობენ გაბედული ადამიანები, რომელთაც არ ეშინიათ ბუნების და რომლებიც კი არ “იპყრობენ” ბუნებას (როგორც გვასწავლიდნენ კომუნისტები), არამედ მისი ხმის გაგებას ცდილობენ.

საქართველოში, უფრო სწორად, ქართულ ტელესივრცეში დღეს ახალი მოდა დამკვიდრდა – დოკუმენტური ტელეფილმების მოდა. ოღონდ ამ ფილმების ავტორებს იშვიათად უჩნდებათ სურვილი გვიამბონ იმ ადამიანებზე, რომლებიც აქ, ჩვენს გვერდით, ცხოვრობენ... ცხოვრობენ “სხვანაირად”, ან იმდენად მოსაწყენ ყოფაში უხდებათ არსებობა, რომ მათი ცხოვრება არავის აინტერესებს – არც ხელისუფლებას, არც ჟურნალისტებს... სამაგიეროდ, ტელეჟურნალისტები სიამოვნებით მოგზაურობენ პარიზსა და რომში, ბრაზილიასა და ჰოლანდიაში და გვიამბობენ რიოს კარნავალის ისტორიასა და ამსტერდამის გეი-ბარებზე... მოკლედ იმაზე, რაც ეგზოტიკაა და რაც ქართველ ობივატელს დროებით მაინც მოსწყვეტს პოლიტიკოსთა დისკუსიასა და დამძიმებული ყოფის სურათებს. არავინ იცის, როგორ დამკვიდრდა ეს მოდა. მართლა საზოგადოების მოთხოვნილებით თუ ხელისუფლების კარნახით, პუბლიკის “გაბრუების” მიზნით... შესაძლებელია, იმავე ამსტერდამის წარმოდგენა ნარკომანებისა და სექსუალური უმცირესობების ქალაქად იმ ხალხს აძლევდეს ხელს, ვისაც დასავლეთისგან ახალი ურჩხულის შექმნა უნდა... ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ არის, მაგრამ ფაქტია, ტელემაგნატები სიამოვნებით ხარჯავენ ფულს ეგრეთ წოდებულ “სამოგზაურო პროექტებზე”.

თუმცა მოგზაურობაც არის და მოგზაურობაც. ტელეჟურნალისტი სიამოვნებით ირჩევს ეგზოტიკურ ქვეყანას, მაგრამ დისკომფორტს და, მით უმეტეს, რაიმე საშიშროებას გაურბის. “ექსტრემი” ქართულ ტელესივრცეში იშვიათი მოვლენაა...

თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალი “ნიამორი”, რომელიც გასულ კვირას დასრულდა, ორგანიზატორებისთვის, შესაძლებელია, რეაქცია იყო ამ მოდაზე. შარშან პირველი “ნიამორის” ლაურეატები გახდნენ ჟურნალისტი ნინო ჯაფიაშვილი და ოპერატორი თემურ გოგოლაძე ფილმისთვის “თუჯი-ჩეი ჯომოლუნგმა”... ნინომ და თემურმა არა მარტო იმოგზაურეს “ეგზოტიკურ სივრცეში”, არამედ იცხოვრეს კიდეც იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციას, თუ შეიძლება ითქვას, “სულის ზრდისთვის” იყენებენ.

საქართველოში ასეთი კინოს გადაღების ტრადიციაც გვაქვს და არც ასეთი კინოს თაყვანისმცემელი გვაკლია. ამას ადასტურებს ხალხით სავსე დარბაზები “ნიამორის” ჩვენებებზე. ჩვენთან საუბარში ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კინომცოდნე გიორგი კალატოზიშვილი, გაკვირვებასაც კი გამოთქვამს ამის გამო:

[გიორგი კალატოზიშვილის ხმა] “ხალხი დადიოდა, ვაკვირდებოდით რამდენი დადიოდა. 91 კაცი ეტეოდა დარბაზში და ორი დღე ტევა არ იყო...ძირითადად, იყო უფრო დაინტერესებული ხალხი... აინტერესებდათ როგორ ადიოდნენ მთაზე, როგორი ტექნიკური აღჭურვილობა იყო. ძირითადად, ეს.”

გამოდის, რომ “ნიამორის” პროგრამაში ჩართული ფილმების სანახავად, აგრეთვე საგანგებოდ მოწყობილი ფოტოგამოფენის დასათვალიერებლად, ფოტოგამოფენისა, სახელწოდებით “ამოუცნობი და ექსტრემალური სამყარო”, ძირითადად, სპეციალისტები დადიოდნენ? ნუთუ “ექსტრემის” ამდენი მოყვარული გვყავს ქვეყანაში? გიორგი კალატოზიშვილი განმარტავს, რომ “ექსტრემი” მხოლოდ ალპინისტებს არ გულისხმობს, როგორც ეს ხშირად ჰგონიათ ხოლმე... ყოველ შემთხვევაში, მათი ფესტივალი თავს უყრის ყველა ფილმს, რომელიც მოგზაურობას, მთას, მაშველებს, ექსპედიციებს ეძღვნება. თუმცა ფაქტია, რომ ასეთ ფესტივალებს, რომელიც მსოფლიოს ათ ქვეყანაში ტარდება, კოორდინირებას “მთასვლელური ფილმების საერთაშორისო ფედერაცია” უწევს. ამიტომაცაა, ალბათ, რომ წლევანდელ ფესტივალზე, ქართველი დოკუმენტალისტების ცხრამეტ ნამუშევართან ერთად, უჩვენეს ორი შვეიცარიული და ერთი იტალიური დოკუმენტური ფილმი. იტალიურ სურათს გიორგი კალატოზიშვილი განსაკუთრებით გამოყოფს:

[გიორგი კალატოზიშვილის ხმა] “იტალიური ფილმი ალპინიადას ასახავს, 1954 წელს გადაღებული ფილმი, როგორც ხარისხით, ასევე შინაარსით, ძალიან მაღალ დონეზე გადაღებული.”

საერთაშორისო კინოფესტივალის, “ნიამორის”, ორგანიზატორს ვკითხეთ, რომელი კრიტერიუმებით შეაფასა ჟიურიმ ეს პროგრამა, რას ანიჭებდნენ უპირატესობას – ფილმების მხატვრულ ხარისხს თუ თავად ექსტრემალური სიტუაციის სიმძაფრეს.

[გიორგი კალატოზიშვილის ხმა] “კრიტერიუმები არის საკმაოდ მარტივი – უნდა იყოს საინტერესო, ლაკონიური და, სასურველია, დივიდი ფორმატზე მოგვაწოდონ...”

ეს უკვე მომავლისათვის – იმ ხალხის გასაგონად, ვინც არ იცის, რომ საქართველოში ექსტრემალური ფილმების ფესტივალი ტარდება. გაზაფხული მოვიდა, ზაფხულის დადგომამდეც დიდი დრო არ დარჩა, ჰოდა, დაგეგმეთ თქვენი შვებულება, არდადეგები – ეწვიეთ ხელისუფლებისგან, ჟურნალისტებისგან მივიწყებულ რაიონებს, გაიცანით ადამიანები, ვისაც ბუნების ხმის მოსმენა შეუძლია და გადაიღეთ ფილმები... თქვენი ნამუშევარი აუცილებლად მოხვდება მომავალ “ნიამორზე”... მართალია, ფესტივალის საპრიზო ფონდი დიდი არ არის, მხოლოდ 5 ათასი დოლარია (დაახლოებით ამდენი ჯდება ერთი ქართველი ტელეჟურნალისტის მოგზაურობა “ეგზოტიკური დასავლეთის” სანახავად), ფესტივალზე გამარჯვება შანსს გაძლევთ თქვენი ნამუშევარი უჩვენოთ ექსტრემალური ფილმების სხვა ფესტივალებზე და, რაც მთავარია, ცოტათი მაინც გაამდიდროთ, მრავალფეროვანი გახადოთ ქართული დოკუმენტური კინო. მით უმეტეს, რომ “ნიამორის” ორგანიზატორის გიორგი კალატოზიშვილის თქმით, ფესტივალი არ აპირებს გამიჯნოს ერთმანეთისგან პროფესიონალისა და არაპროფესიონალის ნამუშევრები:


[გიორგი კალატოზიშვილის ხმა] “ძალიან რთულია ამის გამიჯვნა. ჩვენ პოპულარიზაციას კი ვეწევით ასეთი ფილმების, მაგრამ არ არის წარმოება ასეთი ფილმების, რადგან, ძირითადად, იღებენ მოყვარული კამერით ისევ მთამსვლელები; პროფესიონალები ასეთ ფილმებს ან თავს არიდებენ, ან არ არიან დაინტერესებულნი.”

ჩვენი საუბრის დასასრულს გიორგი ყველას გვთხოვს დავინტერესდეთ “ბუნების ხმებით” და ვიმოგზაუროთ. “საქართველოში ბევრი რამ არის გადასაღებიო,” – ამბობს გიორგი. გადასაღები და გასაგებიც. მთავარია იმ სავარძლიდან ადგომა არ დაგვეზაროს, რომელშიც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, როცა ტელევიზორს ვუყურებთ, ვუყურებთ რიოს კარნავალს და ამსტერდამის ბარებს.
XS
SM
MD
LG