Accessibility links

logo-print

სასკოლო განათლების სისტემა რეფორმას ელის


დავით პაიჭაძე, თბილისი განათლების რეფორმა მალე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსაც უნდა შეეხოს. 2004-2005 სასწავლო წლის დაწყებისთანავე საშუალო სკოლების პერსონალი

აქტიურად გამოვიდა შესაბამისი კანონპროექტის წინააღმდეგ. შემდეგ ეს წინააღმდეგობა ჩაცხრა, გარკვეულწილად, იმიტომ რომ ხელისუფლების ძალისხმევა უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მისაღებად წარიმართა და საზოგადოებამაც ყურადღება უნივერსიტეტებში მიმდინარე პროცესებს მიაპყრო. დღეს ისევ აქტუალური ხდება საკითხი - რა მოელის საშუალო სკოლებს საქართველოში. კანონიც ზოგადი განათლებს შესახებ პირველი მოსმენით მიღებულია. პრინციპულად რა შეიცვლება მისი განხილვისას და რა იციან თავად სკოლებში მომავალი რეფორმის შესახებ?

ერთი ცვლილება, რაც კანონში მაღალი ალბათობით შევა, სკოლების აკრედიტაციას დაუკავშირდება. კანონის დღევანდელი რედაქცია ცნობს არააკრედიტებულ სკოლას, მაგრამ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი ამბობს, რომ არააკრედიტებული კერძო სკოლების არსებობას ვერ დაუშვებენ -ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს ატესტატი, ატესტატს კი მხოლოდ აკრედიტებულ სკოლაში გასცემენ.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის თავდაპირველი ვარიანტი აწესებდა სკოლის დირექტორის არჩევას მეურვეთა საბჭოს მიერ. მეურვეთა საბჭო შედგებოდა მშობლებისა და მასწავლებლებისაგან, ხოლო გადამწყვეტი ხმა მშობლებს ეკუთვნოდა. პარლამენტში ეს ნორმა დაიწუნეს, რადგან, გრიგალაშვილის თქმით, მთელ საქართველოს საარჩევნო პოლიგონად აქცევდა და სკოლებშიც დაპირისპირებას გამოიწვევდა. დღეს კანონში ასეთი ცვლილება შედის:

[გრიგალაშვილის ხმა] “განათლების სამინისტრო აცხადებს კონკურსს დირექტორობის მსურველთათვის. ეს კონკურსი გარკვეული დებულებით ჩატარდება, კანდიდატები გაიცხრილებიან და დარჩენილთაგან არაუმეტეს სამ კანდიდატს წარუდგენს სამინისტრო სამეურვეო საბჭოს. საბჭო აირჩევს იმას, ვინც სურს. საბჭოს აქვს უფლება, ყველა კანდიდატი დაიწუნოს. ასეთ შემთხვევაში კონკრეტული სკოლისთვის თავიდან ჩატარდება კონკურსი, ხელმეორედ წარუდგენენ სამეურვეო საბჭოს კანდიდატებს და ამჯერადაც თუ არ აირჩევს საბჭო დირექტორს, მას პირდაპირ დანიშნავს განათლების სამინისტრო.”

განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონს ასევე დაემატება საგანგებო თავი სკოლის, მასწავლებლის, დირექტორისა და მოსწავლის უფლებათა უკეთ განსაზღვრისათვის.

მოსალოდნელ ცვლილებებზე ზოგადი განათლების შესახებ კანონში ლაპარაკობს განათლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ჩიორა თაქთაქიშვილი. მისი აზრით, რამდენიმე ტექნიკური და არაარსებითი ცვლილების გარდა, კანონში დაზუსტდება ინკლუზიური განათლების საკითხები,

[თაქთაქიშვილის ხმა] “რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში და, საერთოდ, სკოლების წახალისებას, ასეთ ბავშვებს მისცენ საშუალება ჩვეულებრივ გარემოში აითვისონ სასკოლო პროგრამა.”

თბილისელი მოსწავლეების მშობლები კარგად არ არიან ინფორმირებული ზოგადი განათლების რეფორმის შესახებ. თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ სკოლის მეურვეთა საბჭოში მშობლები შიდასასკოლო არჩევნების გზით მოხვდებიან. შესაბამისად, განწყობილნი არიან მონაწილეობისათვის:

[მშობლის ხმა] “მე მგონი, დღეს საჭიროა, რომ რეფორმა სიახლისკენ წარიმართოს. ამას არათუ ნაწილობრივ, არამედ უფრო მეტად ვემხრობი. მშობლებზე დღეს ბევრი რამ არის დამოკიდებული. უფროსი შვილი მე-6 კლასში მყავს, უმცროსი - პირველში და ჩვენ, მშობლებმა, ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ და განათლებისთვის რაღაც გავაკეთოთ.”
XS
SM
MD
LG