Accessibility links

logo-print

ცვლილებები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში


შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში დიდი საკადრო წმენდა დაიწყო. ქარელის რაიონის პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილეების დაკავების შემდეგ

(მათ კონტრაბანდის მფარველობაში ედებათ ბრალი) შიდა ქართლს სამხარეო პოლიციის ახალი უფროსი ჰყავს. მან - ვლადიმერ ჯუღელმა - ორშაბათს სამსახურიდან დაითხოვა საკუთარი მოადგილეები და მათთან ერთად მხარის რაიონული პოლიციის უფროსები. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გამომჟღავნებულმა პროცესებმა წერტილი დაუსვა მითს ამ მხარეში კონტრაბანდული არხების გადაკეტვის თაობაზე. ხელისუფლებამ აღიარა პრობლემა, რომელსაც აქამდე არ აღიარებდა.

შიდა ქართლის პოლიციის მაღალჩინოსნების კონტრაბანდაში მონაწილეობაზე პირველად “ახალი მემარჯვენეები” ალაპარაკდნენ, თუმცა მათ მიერ გამოთქმულ ბრალდებებს სახელისუფლებო წრეებში მოგონილს უწოდებდნენ. დღეს თავად პრეზიდენტმა ატეხა განგაში “გორული მაფიის” არსებობის გამო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ქარელის რაიონის პოლიციის უფროსი და მისი რამდენიმე თანამშრომელი კონტრაბანდული ტვირთის გაცილებისას დააკავეს. ჯერჯერობით არ დამდგარა შიდა ქართლის აწ უკვე ყოფილი სამხარეო პოლიციის უფროსის, ალექსანდე სუხიტაშვილის, პასუხისმგებლობის საკითხი. ის ახალმა ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჯუღელმა შეცვალა, მანვე ორშაბათს, შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულთან შეხვედრის შემდეგ, სამსახურიდან დაითხოვა სამხარეო პოლიციის მთელი შემადგენლობა. ასეთია რეაქცია შიდა ქართლის პოლიციაში კონტრაბანდის მფარველების გამოვლენაზე.
რეაქცია, ცოტა არ იყოს, დაგვიანებულია, რადგან კონფქლიტის ზონაში თითქმის ყველას ჰქონდა მკაფიო წარმოდგენა ოსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეში კონტრაბანდის შემოდინების მარშრუტზე. გზა ფრონეს ხეობიდან ქარელის რაიონზე გადიოდა. კონტრაბანდის ეს გზა მხარის პოლიციის - და არამარტო პოლიციის - ხელმძღვანელობისთვის შეუმჩნეველი არ უნდა ყოფილიყო.


“თუ დავუჯერებთ მონაცემებს, რომლებიც ძალიან სერიოზულია, ეს ადამიანები მოლაპარაკებულნი იყვნენ სეპარატისტებთან და მათთან ერთად კონტრაბანდის შემოტანაზე მუშაობდნენ. “ - მიხეილ სააკაშვილის მინიშნებაში უნდა ვიგულისხმოთ თუ არა სამხარეო პოლიციის ყოფილი შეფი, ამას გამოძიება გაარკვევს. მანამდე ალექსანდრე სუხიტაშვილი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს:

[ალექსანდრე სუხიტაშვილის ხმა] “ ვერაფერს ვერ გეტყვით. კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. “

ისინი, რომლებიც რევოლუციის შემდგომი პერიოდის გორულ მაფიაზე პირველ მინიშნებებს აკეთებდნენ (ვგულისხმობ ახალ მემარჯვენეებს), ფიქრობენ, რომ, პოლიციელების მიერ კონტრაბანდის მფარველობის გამო, მათ ყოფილ უშუალო ხელმძღვანელთან ერთად, პასუხი რწმუნებულმაც უნდა აგოს.
[ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის ხმა] “თუ ეს არ არის პრეზიდენტის პი-არ აქცია, მაშინ გაათავისუფლოს არა მარტო სუხიტაშვილი, არამედ ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი - მიხეილ ქარელი და სასამართლოსა და პროკურატურის მაღალჩინოსნებიც.”

ასეთ აზრი შიდა ქართლის ადგილობრივ მოსახლეობაშიც ტრიალებს. თუმცა პრეზიდენტს მიხეილ ქარელის პატიოსნებაში ეჭვი არ ეპარება. მითი რევოლუციის შემდეგ შიდა ქართლში კონტრაბანდული არხების გადაკეტვის თაობაზე დაიმსხვრა, თუმცა ამის გამო პასუხი ჯერჯერობით მხოლოდ ფაქტზე დაკავებულ პოლიციელებს და მათ ყოფილ უფროსს, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელ ჩინოსანს ალექსანდრე სუხიტაშვილს და მის მოადგილეებს მოეთხოვათ.
XS
SM
MD
LG