Accessibility links

logo-print

“წარსულის ბუტაფორია”


უცნაურია, მაგრამ ფაქტია: სოცარტი,

ე.ი. საბჭოთა კულტურის პაროდია, ქართულ ხელოვნებაში არ განვითარებულა. იყვნენ მხატვრები, რომლებმაც თავიანთ ნამუშევრებში 80-იანი წლების მიწურულს სტალინური სოცრეალიზმის მიმართ ქილიკი დაიწყეს, მაგრამ ამ მხატვრების აქციებს საქართველოში აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. მას მერე დრო გავიდა, ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, სოციალისტური რეალიზმი - კულტურის განვლილ ეტაპად გამოცხადდა, მაგრამ ბელადებს, პრეზიდენტებს და პრეზიდენტის რწმუნებულებს ჩვენში ისევ უძღვნიან ლექსებს. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ სტალინურ ეპოქაში შექმნილ კულტურულ ძეგლებზე მოთხოვნილება კვლავაც დიდია. დღეს მინდა გიამბოთ გამოფენაზე, სახელწოდებით “უკან, საბჭოთა კავშირში”, რომელიც ამ დღეებში დაიხურა თბილისის გალერეა “ტიემესში” – ხელოვნებათმცოდნემ და ჟურნალისტმა ნინო ჭანიშვილმა “ტიემესის” დარბაზი საბჭოთა ეპოქის სიმბოლოებით გადატვირთა.

80-იანი წლების მიწურულს, “პერესტროიკის” ეპოქაში, მოსკოვში გამოცემულ ლიტერატურულ ჟურნალებში პირველად დაიწყეს სტალინური ეპოქის კრიტიკული შეფასება. მაგრამ ქართული ლიტერატურული გამოცემები სტალინს და სტალინურ კულტურას ნაკლებად ახსენებდნენ... და თუ ახსენებდნენ, ძირითადად, წერილებში, რომელიც მოსკოველი მწერლების საპასუხოდ იწერებოდა. იმხანად სტალინის კრიტიკას ზოგიერთი ქართველი მწერალი ლამის ერის შეურაცხყოფად აღიქვამდა, შესაბამისად, სტალინური კულტურის მიმართ ქილიკი არავის გაუბედავს, ყოველ შემთხვევაში - მწერალთა წრეებში.


აქტიურობდნენ მხოლოდ ქართველი მხატვრები, ჩვენი 80-იანელები. ხედავდნენ, ალბათ, როგორი მოდა დამკვიდრდა დასავლეთში ყველაფერ საბჭოურზე, უფრო სწორად, ყველაზე აბსურდულ, ყველაზე ყალბ და ე.ი. ყველაზე “ხელოვნურ ხელოვნებაზე” – სოცრეალიზმზე, რომლის ირონიულ “გადამუშავებას”, “გადაფორმებას” სოცარტი ეწოდა. ის სიმბოლიკა, რომელმაც ყველას მოაბეზრა თავი საბჭოთა კავშირში, როგორც იმხანად ამბობდნენ ხოლმე, დასავლეთში “ვალუტაზე” იყიდებოდა. ბაზარზე ფასი აეწია ყველაფერს, რასაც აქამდე ჩვენში მაკულატურად მიიჩნევდნენ: კომუნისტური ეპოქის ბელადთა ქანდაკებებს, სტახანოველთა პორტრეტებს და, რა თქმა უნდა, სიმღერებს, რომელსაც ბელადებს უძღვნიდნენ.

[მუსიკა]

მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს კომუნისტური კულტურის მიმართ ქილიკისთვის არ ეცალა. ხალხი - მათ შორის, კულტურის მუშაკები - აქ სხვა პრობლემებით ცხოვრობდა. თავად კულტურის მუშაკებს მაინცდამაინც არ გამოუხატავთ პროტესტი, როცა ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა მარქსიზმისა და ლენინიზმის ინსტიტუტის შენობაზე, ეგრეთ წოდებულ “იმელზე”, განლაგებული ბარელიეფები გაანადგურეს. პირიქით, საზოგადოება “ექსტაზით” აღიქვამდა კომუნისტური, უფრო სწორად, ბოლშევიკური კერპების, ქვის კერპების ჩამოგდებას. თუმცა, ამავე დროს, ვერ ელეოდა სოციალისტური რეალიზმის იმ ნიმუშებს, რომელშიც მეტ-ნაკლებად წარმოჩნდებოდა რაღაც ქართული... სულ ერთია, ეს იქნებოდა სტალინის ქანდაკება გორში, სტალინის დაკვეთით გადაღებული მიხეილ ჭიაურელის ფილმები თუ ბელადის საყვარელი ქართული სიმღერები, რომელსაც თუნდაც რუსები მღეროდნენ.

[მუსიკა. უტესოვი]

“სოცარტი ეროვნული ნიშნით” – ასე შეიძლება ვუწოდოთ გალერეა “ტიემესში”, თებერვლის მიწურულს გამართულ ექსპოზიციას “უკან, საბჭოთა კავშირში”, რომლის ორგანიზატორმა, ხელოვნებათმცოდნე ნინო ჭანიშვილმა თავი მოუყარა კერძო კოლექციებში, ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმებში დაცულ უნიკალურ მასალას... “უნიკალურს” დღეს, როცა სოცრეალიზმის უამრავი ნიმუში განადგურდა. თორემ თავის დროზე ამ ნამუშევართა უმრავლესობას საქართველოში სერიოზულად არც არავინ აღიქვამდა.

[მუსიკა]

“ტიემესში” სტალინის ეპოქის სიმღერების ფონზე ხალხი ათვალიერებდა 30-იან, 40-იან წლებში შექმნილ გობელენებს, პლაკატებს, ფერწერულ ტილოებს, რომლის ავტორები, სხვათა შორის, ქართული მხატვრობის კლასიკოსებიც არიან. რადიო “თავისუფლებისთვის” საინტერესო იყო არა იმდენად ექსპონატები, რამდენადაც სწორედ დამთვალიერებლის რეაქცია, მისი შეფასებები... უმრავლესობა იღიმებოდა, ახალგაზრდებს გაკვირვებული სახეები ჰქონდათ... უფროს თაობას კი მზერაზე ნოსტალგიის გრძნობა დაეტყო. უფროსი თაობის ერთმა ცნობილმა მხატვარმა გვითხრა, ნახეთ, როგორი პროფესიონალიზმი იგრძნობა ამ აბდაუბდაშიო... მერე, თითქოს თავად იგრძნო, რომ მის სიტყვებში წარსულის მონატრება “იკითხებოდა” და გვთხოვა, ძალიან გთხოვთ ნუ დამასახელებთო... გამოფენის ორგანიზატორ ნინო ჭანიშვილთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ: რას ნიშნავს “უკან, საბჭოთა კავშირში”? ნოსტალგიას ხომ არ აღძრავს ეს ყველაფერი?

[ნინო ჭანიშვილის ხმა] “ჩემში არ აღძრავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე იმ დროს არ მიცხოვრია და ახლა ბებიაჩემის მოგონებებით ვერ ვიცხოვრებ. ამ გაგებით, ვიღაცისთვის ნოსტალგიას აღძრავს.”
“რაც მასკულტურა იყო და რაც მომაბეზრებელი იყო, დღეს იშვიათობად იქცა, განადგურდა... რამდენჯერმე გაანადგურეს: ერთხელ სტალინის სიკვდილის შემდეგ, მერე ეროვნული მოძრაობის დროს და დაუდევრობის გამო.”

ის, რაც განადგურებას გადაურჩა, მოხვდა ხელოვნების, ისტორიის მუზეუმის არქივებში, კერძო კოლექციებში... როგორც ჩანს, ყველაფერი, მართლაც, არ განადგურდა; ყოველ შემთხვევაში, “ტიემესის” დარბაზი მთლიანად შეივსო, გადაიტვირთა კიდეც... ისე გადაიტვირთა, რომ შეიქმნა კლაუსტროფობიის განცდა, დამახასიათებელი ამ ეპოქის კულტურისათვის... ის, რაც მოგვიანებით გახსნილი სივრცით შეიცვალა:



[ნინო ჭანიშვილის ხმა] “მე მინდოდა, რომ ყოფილიყო ყველაფერი, ანუ ფოტო, პლაკატი, ფერწერა, ხალიჩა, მაგარი კიტჩი...არ შევიდა ჩემი პირადი კოლექციის ნაწილი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული “განვითარებული სოციალიზმი”, აქ არის მარტო სტალინის ეპოქა. მერე ძალიან განსხვავებული იყო 60-იან წლებში... ყველაფერი იცვლება -–დიზაინი, ცხოვრება, როკი შემოდის. ძალიან უნდა ხალხს დასავლეთში ცხოვრება, ძალიან განსხვავებულია.”

“უკან, საბჭოთა კავშირში”, მართლაც, არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ სტალინის ეპოქაში დაბრუნებას. საბჭოთა კულტურა განუწყვეტლივ იცვლიდა ფასეულობებს, იდეალებს... საბჭოთა კულტურა არ განვითარებულა ევოლუციის გზით, ამიტომ ქართული საბჭოთა ხელოვნების ეტაპობრივი გამოფენები წარსულში დაბრუნებას კი არა, უფრო წარსულთან გამიჯვნას ემსახურება... აირჩიეთ, რომელი უფრო მოგწონთ და დაინახეთ დღევანდელობა წარსულში:

[ნინო ჭანიშვილის ხმა] “მინდა... მინდა “წითელი ავანგარდი”, რამდენად მოიძიება ეს საქართველოში. რამდენიმე წელიწადში, როცა დრო გავა. ჯერ ძალიან ახლობელია ეს 70-იანი წლები საქართველოში. მერე კი, როცა დრო გავა, რა თქმა უნდა, ეს ეფექტური იქნება.”

ანდა წარსული დაინახეთ დღევანდელობაში... “ტიემესში” მოწყობილი ექსპოზიციის ავტორი ნინო ჭანიშვილი დარწმუნებულია, რომ საბჭოთა კავშირში დაბრუნებისათვის მატარებელში ჩასხდომა არ არის საჭირო. ისტორიამ თავად იცის განმეორება:

[ნინო ჭანიშვილის ხმა] “ეს პლაკატია: მატარებელი მიდის სადგურ სოციალიზმიდან – სადგურ კომუნიზმამდე”. ეგრევე გამახსენდა, მიშამ რომ თქვა, ჩაჯექით ამ მატარებელში, თორემ დარჩებითო... სტალინის გამოსვლები ძაან ჰგავს მიშას გამოსვლებს, ძაან... ეს ტერმინოლოგია – ყველაფერი ხალხისთვის, თავისუფალი არჩევნები, რაღაცა... და კიდევ ოპტიმიზმი... რომ არავის არა აქვს პესიმიზმის უფლება. ასეთი იყო სოციალიზმი. პურის რიგებს არავინ ხატავდა.”
XS
SM
MD
LG