Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკოლოგიურ მიგრანტებს კახეთსა და ქვემო ქართლში ჩაასახლებენ


ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მეწყერსაშიშ ზონებსა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებულ შენობებში დაახლოებით

170 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გეოლოგიური დასკვნების მიხედვით, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სასწრაფო გასახლებას საჭიროებს, თუმცა იმის გამო, რომ ბიუჯეტში პრობლემის სრული მოგვარებისთვის საკმარისი თანხა არ არის გათვალისწინებული, უხიფათო ადგილზე გადასახლებას მხოლოდ ცალკეული ოჯახები ახერხებენ.

საქართველოში ეკოლოგიური მიგრანტების პრობლემამ თავი ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების მიწურულს იჩინა. ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სვანეთისა და აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ზვავსა და მეწყერს გამორიდებული ათასობით კომლი ჩამოასახლა ბარად. მიგრაციის შედეგად, თეთრი წყაროს, მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში ახალი სოფლებიც კი გაჩნდა. სხვადასხვა სახის მატერიალური დახმარების პარალელურად, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის სტანდარტული ორსართულიანი ბინები შენდებოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო ეკოლოგიურ მიგრანტთა ჩასახლების პროცესი რამდენიმე წლით შეფერხდა. ქვემო ქართლის მხარეს დევნილთა მორიგი ტალღა ამ 7-8 წლის წინ მოაწყდა, როცა ხულოს რაიონიდან გადმოსახლებულმა ოჯახებმა წალკის რაიონში ბერძნების მიერ მიტოვებული ბინების დაკავება დაიწყეს.

[მიხეილ ცქიტიშვილის ხმა] “97 წლიდან დღემდე საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან - ძირითადად, სვანეთისა და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან - წალკაში ჩამოსახლდა 1800 ოჯახი. ლაპარაკია სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე. დღემდე ყოფილმა ხელისუფლებამ მხოლოდ 74 სახლის შეძენა მოახერხა.”

ეს წალკის გამგებელი მიხეილ ცქიტიშვილია. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ეკოლოგიური მიგრანტებისთვის რამდენიმე ასეული სახლი შეიძინა. თუმცა, როგორც წალკის რაიონში ჩასახლებული ადამიანები ამბობენ, ბევრი მათგანი კვლავ დროებით საცხოვრებელს აფარებს თავს. ცალკე საუბრის თემაა გაურკვევლობა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობისას იჩენს ხოლმე თავს.

[მამაკაცის ხმა] “ჩვენი ჩამოსახლება მათ ჰგონიათ, რომ წავართმევთ სახლებს, წავართმევთ მიწას, სამსახურს და ამის გამო არიან აღელვებული.” (სტილი დაცულია)

მთლიანობაში, ეკოლოგიური მიგრანტების დიდ ნაწილს მძიმე სოციალურ პირობებში უწევს ცხოვრება, თუმცა, როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ კატეგორიის ადამიანებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე აბულაძე ამბობს, რომ თანხა, ძირითადად, ბინების შეძენას მოხმარდება:

[ალექსანდრე აბულაძის ხმა] “წელს 2 მილიონი ლარია გამოყოფილი და, ფაქტიურად, სულ ახლახან 5 ოჯახი შევასახლეთ ახმეტის რაიონში... აქცენტი გაკეთდება კახეთზე, წალკის რაიონზე. სამეგრელო და იმერეთი არ იქნება, რა თქმა უნდა.”

ხუთი ოჯახი, რომლის შესახებაც ალექსანდრე აბულაძე ლაპარაკობს, ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში აჭარის მეწყერსაშიში ზონიდან ჩამოასახლეს. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეკოლოგიურ მიგრანტთა განსახლების პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “შემდეგი კვირიდან დაიძვრება რამდენიმე ასეული ოჯახი, ჩასახლდებიან სხვადასხვა რაიონებში გაბნეულად, სადაც მთავრობა მათთვის ყიდულობს სახლებს.”

და მართლაც, წალკის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის რაიონში სამინისტრომ უკვე შეარჩია 5000-მდე სახლი, რომელსაც უახლოესი წლების განმავლობაში ეკოლოგიური მიგრანტებისთვის შეისყიდიან.თუმცა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, დემოგრაფიისა და სამეურნეო საქმიანობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად უნდა შეჩერდეს მიგრაციის პროცესი სვანეთიდან. ამ შემთხვევაში საშურია დაზარალებულთა პრობლემების ადგილზე მოგვარება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG