Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორციელდება თუ არა ზეწოლა დავით მირცხულავას სასამართლო პროცესზე


15 მარტს სასამართლოში საბოლოო სიტყვა უნდა წარმოთქვას ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას დაცვის მხარემ, რაც იმას ნიშნავს,

რომ პროცესი, რომელსაც თან ახლდა უამრავი სკანდალი, დასასრულს მიუახლოვდა. ათიოდე დღის წინ გენერალურმა პროკურატურამ დავით მირცხულავასთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. მირცხულავას ადვოკატები ფიქრობენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, მაგრამ ყოფილი მინისტრის გათავისუფლების შანსი ნაკლებია. რატომ?

ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა დაპატიმრებულია. ამ ხნის მანძილზე მისი უფლებები არაერთხელ დაირღვა, ამაზე მეტყველებს უამრავი ექსპერტის დოკუმენტურად გაფორმებული დასკვნა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეკომენდაციებიც. მირცხულავამ წინასწარ პატიმრობაში ორჯერ გადაიტანა გულის ინფარქტი და აღმოაჩნდა სხვა დაავადებებიც. მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა - შესაბამისად, არც გამოძიებისთვის ხელშეშლა, არც სხვა დანაშაულის ჩადენა და არც მიმალვა არ შეეძლო, მაგრამ ის გამოძიების მსვლელობისას მაინც წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებოდა.

[სოზარ სუბარის ხმა] ”როცა ძალიან მძიმე ავადმყოფის, შეიძლება ითქვას, მომაკვდავი ავადმყოფის მიმართ ხორციელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, ხორციელდებოდა ისეთ პირობებში, რომელიც წარმოუდგენელი იყო ასეთი ჯანმრთელობის მქონე ადამიანისთვის, ეს არის მისი უფლებების დარღვევა და წამების გარკვეული ფორმა.”

ეს არის სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც თავს იკავებს მირცხულავას საქმეზე დეტალური მსჯელობისგან, რათა მისი სიტყვები სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლად არ იქნეს მიჩნეული. თუმცა სახალხო დამცველივით კორექტულად არ იქცევიან საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეები. მირცხულავას ადვოკატის, ეკა ბესელიას, განცხადებით, სასამართლოზე პირდაპირი ზეწოლა ხორციელდება:

[ეკა ბესელიას ხმა] ”თვალებსაც არ ვუჯერებდი, როდესაც სასამართლო პროცესი დამთავრდა და გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბრიფინგს მართავს გენერალურ პროკურატურაში და პრაქტიკულად სასამართლო პროცესი გადანაცვლდა გენერალური პროკურატურის ფოიეში. ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და უპრეცედენტო ფაქტი. ამის შემდეგ პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, რომ მირცხულავას მსგავსი ადამიანები უნდა იჯდნენ იქ, სადაც ზიან. ეს არის სასამართლოზე პირდაპირი ზეწოლა. ”(სტილი დაცულია)

პროკურატურის მასალების მიხედვით, ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს დავით მირცხულავას დანაშაულად ჩაეთვალა სომხეთის ენერგოკომპანიისთვის თანხის გადახდა რუსი შუამავლების მეშვეობით. საბოლოო ჯამში, საქართველოს სომხეთის მიმართ 4 მილიონი ამერიკული დოლარის დავალიანება დაუგროვდა, რადგან რუსმა შუამავალმა ფული სომხეთში არ გადარიცხა. მირცხულავას მხარე ირწმუნება, რომ ყოფილი მინისტრი ამ საქმეში უდანაშაულოა. ეკა ბესელიას აზრით, მირცხულავას დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკური მოტივით ებრძვის:

[ეკა ბესელიას ხმა] ”ეს არის პირდაპირი შურისძიების აქტი იმ ადამიანის მიმართ, ვინც არ გადაიხადა თანხა გათავისუფლების სანაცვლოდ. ”

რა განაჩენიც უნდა გამოუტანოს დავით მირცხულავას მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ, მისი დაპატიმრების საქმის განხილვას მაინც გააგრძელებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო.
XS
SM
MD
LG