Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორბლისა და ფქვილის ბიზნესის სერიოზული პრობლემები


ხორბლისა და ფქვილის ბიზნესში სერიოზული პრობლემების ჯაჭვია გაბმული. აზრი ეკარგება ქართული ხორბლის მოყვანას, რადგანაც ამ პროდუქციისთვის გასაღების ბაზარი

პრაქტიკულად არ არსებობს. კახელი ფერმერები შიშობენ, რომ ათასი პრობლემის გამო მათ საქმიანობის შეწყვეტა მოუწევთ. პარალელურად, ბედს უჩივიან წისქვილკომბინატებიც, რადგანაც ფქვილის არალეგალური იმპორტი მათ მიერ შედარებით ძვირად წარმოებულ პროდუქციას არაკეთილსინდისიერი კონკურენციით ავიწროებს. საქართველოში ხორბლის დაფქვა თანდათან სულ უფრო წამგებიანი საქმე

რენე შაიშმელაშვილი ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში ცხოვრობს და უკვე 10 წელია საშემოდგომო ხორბლის მოყვანით არის დაკავებული. იყო დრო, როდესაც 10 ჰექტარზე მას 30-40 ტონა ხორბალი მოჰყავდა, მაგრამ ბოლო წლების მოსავალი, იმავე ფართობზე, 15-20 ტონას აღარ აღემატება. ერთი სიტყვით, რაც დრო გადის, 49-წლიანი იჯარით აღებულ მიწას ფერმერისთვის სულ უფრო ნაკლები შემოსავალი მოაქვს:

(რენე შაიშმელაშვილის ხმა) ”5-7 წლის წინ ხორბლის წარმოება და მისი პროდუქციის თვითღირებულება იაფი ჯდებოდა და ნამდვილად ღირდა მისი წარმოება. მაგრამ თანდათანობით გაქრა და გაჭირდა სახნავ-სათესი ტექნიკა, სათესლე ხორბალი, მინერალური სასუქები და შხამქიმიკატები საშინლად გაძვირდა .” (სტილი დაცულია)

ჩამოთვლილმა პრობლემებმა ფერმერის მიერ მოყვანილი ხორბლის თვითღირებულება გაზარდა და მას გასაღების ბაზრის კარი პრაქტიკულად გადაუკეტა:

(რენე შაიშმელაშვილის ხმა) ”ერთ ჰექტარზე ხორბლის მოყვანა ჯდებოდა 60 ლარი და ახლა ჯდება 500 ლარი. საერთოდ არ იყიდება: ხელისუფლებას, არც ადგილობრივს და არც რესპუბლიკურს, აბსოლუტურად არავის არ აინტერესებს, რომ გლეხების მიერ წარმოებული ხორბალი ვინმემ შეისყიდოს - ან სახელმწიფომ, ან პურკომბინატმა.” (სტილი დაცულია)

წისქვილკომბინატებსა და ფერმერებს შორის კახეთში საერთო კომერციული ენის გამონახვა ბოლო წლებში სულ უფრო გაჭირდა, რადგანაც ფქვილის მწარმოებლები 1 კილოგრამ ხორბალში მაქსიმუმ 25 თეთრს იძლევიან, ფერმერებს კი თავიანთი ნაამაგარის გროშებად გაყიდვა ენანებათ. ისინი ხშირად ჩივიან, რომ წისქვილკომბინატები მათ პროდუქციას შეგნებულად არ იბარებენ და, სხვათა შორის, ამას პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ხევიაშვილიც ადასტურებს:

(გიორგი ხევიაშვილის ხმა) ”წელსაც იყო ეგ ფაქტები, რომ ხელოვნურად არ მიიღეს ეს პროდუქცია, არ შეუწყვეს ხელი ფერმერებს ხორბლის უცბად გაყიდვაში, რამაც გამოიწვია ის, რომ 80 პროცენტი მიწების დაუხნავია, საშემოდგომო კულტურების.” (სტილი დაცულია)

ერთი სიტყვით, ბუნებრივმა და ხელოვნურმა პრობლემებმა შრომისმოყვარეობით ცნობილი რენე შაიშმელაშვილი (რომელიც სეზონზე
კიდევ 15 ადამიანს ასაქმებს) ერთ აზრამდე მიიყვანა:

(რენე შაიშმელაშვილის ხმა) ”ალბათ, მთლიანად დავანებებ თავს ხორბლის წარმოებას.” (სტილი დაცულია)

თუმცა, პარალელურად, თავიანთ ბედს წისქვილკომბინატებიც უჩივიან. საქმე ის არის, რომ მათ პროდუქციას არალეგალურად იმპორტირებული იაფი ფქვილი გასაქანს არ აძლევს. ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ”გლობალ აგროს” ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი თემურ კოპალეიშვილი კონტრაბანდული ფქვილის მასშტაბებზე საუბრობს:

(თემურ კოპალეიშვილის ხმა) ”საქართველოს ფქვილის ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ფქვილს უკავია დაახლოებით 20-დან 30 პროცენტამდე, დანარჩენი უკავია იმპორტულ ფქვილს. ამ იმპორტულის 30-35 პროცენტი კონტრაბანდული ტვირთია.” (სტილი დაცულია)

კოპალეიშვილის თქმით, პრობლემაა განბაჟების კარგად აპრობირებული მაქინაციაც:

(თემურ კოპალეიშვილის ხმა) ”ერთი მხრივ, შემოდის გაყალბებული საბაჟო ღირებულებით (ესე იგი, საბაჟო ღირებულება არის ხელოვნურად შემცირებული), ან, მეორე მხრივ, (აი, თურქეთიდან, განსაკუთრებით) შემოდის ექსპორტის სუფსიდირებით და, ამდენად, ძალიან დაბალი ფასია. აქ არის პირდაპირი დემპინგი.” (სტილი დაცულია)

ერთი სიტყვით, ჯაჭვი დაახლოებით ასე გამოიყურება: არალეგალური ფქვილის პრობლემით შევიწროებული წისქვილკომბინატები იაფი ხორბლის შესყიდვას ცდილობენ, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი ხორბლის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებას იწვევს. საქმე ის არის, რომ საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებული იმპორტირებული ხორბალი ათასი პრობლემის გამო გაძვირებულ ადგილობრივ ხორბალს უპრობლემოდ ამარცხებს.

კოპალეიშვილი მიიჩნევს, რომ წისქვილკომბინატების მდგომარეობის გაუმჯობესებას იმპორტირებული ფქვილის სხვაგვარად დაბეგვრა შეუწყობს ხელს:

(თემურ კოპალეიშვილის ხმა) ”კანონით დადგენილი საბაჟო გადასახადის შეცვლა გვინდა ჩვენ ფიქსირებული სპეციალური გადასახადით - ტონაზე 80 ევროს ოდენობით - და ეს უკვე აღარ იქნება დაკავშირებული საბაჟო ღირებულების განსაზღვრასთან.” (სტილი დაცულია)

ხევიაშვილი კი ფიქრობს, რომ პრობლემის მხოლოდ ამ ჭრილში განხილვა საკმარისი არ არის და რომ, ფქვილის მწარმოებლების პარალელურად, სახელმწიფომ ფერმერებზეც უნდა იზრუნოს:

(გიორგი ხევიაშვილის ხმა) ”ყველაფერი რომ შემოვიტანოთ ამ ქვეყანაში და, ვთქვათ, აქ, ადგილზე, არ ვაწარმოოთ, ეს არ შეიძლება, რა...”. (სტილი დაცულია)

ხოლო იმისათვის, რომ ქართული ხორბალი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, გადაუდებელი ზომების მიღებაა საჭირო. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ვითარების გამოსწორების პირობას დებს. მაგრამ სჯერათ თუ არა აქამდე უკვე ბევრჯერ გაწბილებულ ფერმერებს ამგვარი დაპირებების, ეს ცალკე საუბრის თემაა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG