Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ბიუჯეტი 450 მილიონი ლარით გაიზრდება


საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის 450 მილიონი ლარით გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. ამ ინიციატივის განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თანხმობა,

რომ ბიუჯეტის კანონში ცვლილება იქნეს შეტანილი. ამ თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის 15 მარტს უნდა მიემართა, მაგრამ პარლამენტისთვის ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილების წარდგენა 1 კვირით გადაიდო. რა არის ამის მიზეზი და რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი?

იმის გასარკვევად, თუ როგორ აისახება უბრალო მოსახლეობაზე ბიუჯეტის ზრდის პროცესი, ქუჩაში გამვლელებს გავესაუბრე.

[მოქალაქეების ხმა] ”მე პირადად ვერ ვგრძნობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რამე იქნება. - თქვენს ოჯახზე არ აისახება? - ჯერჯერობით - არა... - სად ხართ დასაქმებული? -მე უმუშევარი ვარ დროებით. ჯერ არა, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება რაღაც პერსპექტივა იყოს. იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში.”

”საერთოდ არ იგრძნობა არაფერი, მსგავსი არაფერი არ იგრძნობა. მე მგონი, უარესობისკენ მივდივართ. აი, მეტი რა გითხრათ ახლა.”

”იგივე, ერთი აზრისა ვართ სუყველა, მგონია.”

”ვეთანხმები, აქ არაფერი არ იგრძნობა მაგდაგვარი.”

”არაფერი არ იგრძნობა, პირიქით, უმუშევრობაა, მოიმატა უმუშევრობამ...”

ასე აფასებენ საქართველოს მოქალაქეები საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ ცვლილებებს და ამ ცვლილებებით გამოწვეულ ბიუჯეტის ზრდას. მათი მოსაზრებები რომ საფუძვლიანია, ამაზე მეტყველებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ზრდა ეკონომიკის განვითარების დამსახურება ნაკლებადაა.

საქართველოს მთავრობა ამას არ მალავს და აცხადებს, რომ ბიუჯეტის ზრდა მასშტაბური პრივატიზაციის დამსახურებაა. თუმცა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იმასაც აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოსავლებმაც იწყო მატება. ამასვე ამბობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე:

[რომან გოცირიძის ხმა] ”ძირითადი შემოსავლების წყარო არის პრივატიზაციიდან მისაღები თანხები. ეს არის ჭიათურმანგანუმისა და სანაოსნოს პრივატიზაციიდან შემოსული ფული. ხოლო რაც შეეხება ხარჯვას, ძირითადი თანხები წარიმართება თავდაცვაზე, დანარჩენი თანხები მოხმარდება სოციალურ სფეროს.”

ეს რომ დადებითი ტენდენციაა, რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში ეკონომიკის ექსპერტმა ვაჟა სალამაძემ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის ზრდას აქვს მეორე მხარეც, რაც ინფლაციის საშიშროებას ქმნის:

[ვაჟა სალამაძის ხმა] ”საკითხი - დადგება თუ არა ინფლაცია, ანუ გაიზრდება თუ არა ფასები ტოტალურად ქვეყანაში, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. პირველი, ეს არის დრო, მეორე, ეს არის სტრუქტურა, რა სტრუქტურით იქნება გახარჯული ეს თანხა, ანუ რა ნაწილი წავა სახელფასო ფონდზე, რომელიც უშუალოდ გადის სამომხმარებლო ბაზარზე და უშუალოდ ახდენს ფასებზე გავლენას.”

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ფასები სამომხმარებლო ბაზარზე ისედაც იზრდება და ზრდის ტენდენციაზე გავლენას ვერ ახდენს გამყარებული ეროვნული ვალუტა.
XS
SM
MD
LG