Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თითქოს სტამბულის შეთანხმება არც ყოფილა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი როგორც ცნობილია, 11 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი წაკითხვით უარყო ფრაქცია “როდინას” ლიდერის დმიტრი როგოზინის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც რუსეთს

სხვა სახელმწიფოთა ავტონომიების მიერთების საშუალებას აძლევს.

საზოგადოდ, რა გამოხმაურება პოვა რუსეთის ბოლოდროინდელ პრესაში საქართველოს პარლამენტის დადგენილებამ რუსეთის სამხედრო ბაზების შესახებ და მასთან დაკავშირებულმა სხვა საკითხებმა?

14 მარტის გაზეთ “ვრემია ნოვოსტეის” თქმით, “აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში წლის დასაწყისიდან მეორედ ჩადის მოსკოვში სამუშაო ვიზიტად.”

გაზეთის ცნობით,“სერგეი ბაღაფშმა დაუსწრებელი პოლემიკა მოუწყო მიხეილ სააკაშვილს. ამ უკანასკნელმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე დამსწრეთ შეახსენა, რომ არ აპირებს სამხრეთ ოსეთის პრობლემის მომავლისთვის გადადებას. მან ისიც თქვა, რომ ვერც სამხრეთი ოსეთი (“ცხინვალის რეგიონი”) გახდება როდისმე თუნდაც ყოფილი იმპერიის ნაწილი და ვერც აფხაზეთი.”

გაზეთი წერს: “ბატონ სააკაშვილს მოულოდნელად, მაგრამ სრულიად გასაგები პოლიტიკური მიზეზებით (ჩეჩნეთის სახით საკუთარი პრობლემის არსებობის გამო), სოლიდარობა გამოუცხადა რუსეთის სათათბირომ: აფხაზთა ხელმძღვანელობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, პალატამ პარასკევს უარყო ფრაქცია “როდინას” მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, რომლის მიხედვით რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების მისაღებად საკმარისი იქნება რეფერენდუმის ჩატარება ამ ტერიტორიებზე.”

11 მარტის საიტი “სტრანა” წერს, რომ “...როგოზინის მიერ შეთავაზებული იარაღი იოლად შეიძლება შეტრიალდეს თვით რუსეთის წინააღმდეგ, ვინაიდან “როდინელთა” კანონი საშუალებას მისცემს სხვა ქვეყნებს, უარი თქვან საერთაშორისო კანონმდებლობის შესრულებაზე.”

გაზეთის ცნობით, “...იმავე საფუძველზე, რისი გამოყენებითაც გეგმავს როგოზინი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთებას, ჩვენს ქვეყანას შეიძლება ჩამოაცილონ მნიშვნელოვანი ტერიტორიები, მაგალითად, სამხრეთ კურილის კუნძულები ან, იქნებ, კალინინგრადიც, სადაც ავტონომიზაციის მომხრეები და, მეტიც, ცალკე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის მხარდამჭერები უკვე დიდი ხანია ესწრაფვიან რეფერენდუმის ჩატარებას ოლქის სტატუსის შესახებ.”

ყოველკვირეული “მოსკოვსკიე ნოვოსტი” აქვეყნებს რუსეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის პროფესორის ვადიმ სოლოვიოვის წერილს. ავტორის თქმით, “მოსკოვი ირწმუნება, რომ შინისკენ მიმავალი ჯარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ნახევარი მილიარდი დოლარი. თბილისი აღშფოთებულია: 25 ათასი დოლარი თითოეულ ჯარისკაცზე, რომელიც საქართველოს ტოვებს! - ეს მეტისმეტია. თვით გაყვანის პროცესიც ერთობ უცნაურია - ოც-ოცი ადამიანი თვეში. უბრალოდ, მოსკოვს არ სურს თავისი ობიექტების დახურვა. - ასეთი დასკვნა გამოქვთ თბილისში.”

გაზეთი წერს: “ანალოგიური ვითარებაა მოლდავეთში. ათას-ნახევარ სამხრეულიან რუსს არანაირად არ სურს შინ დაბრუნება და ისინი ნებისმიერ საბაბს იშველიებენ.

მაგრამ ხომ არსებობს საერთაშორისო გარანტიები და ხელშეკრულებები, რომლებიც რუსეთის სამხედროებს ამ ტერიტორიების დატოვებას ავალდებულებენ - მათ შორის, 1999 წლის სტამბულის შეთანხმება. მართალია, რუსეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, მაგრამ დღენიადაგ ეჭვი ღრღნით: ხან შეთანხმების სულისკვეთება მახინჯდებაო, ხან ჩვენი ინტერესები გაუთვალისწინებელი რჩებაო.
საბოლოოდ, თავი ისე უჭირავთ, თითქოს სტამბულის შეთანხმება არც ყოფილა.”
XS
SM
MD
LG