Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ სამედიცინი უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტთა საპროტესტო აქცია გრძელდება


მიუხედავად მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციისა, რომელიც მეორე კვირაა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო სამედიცინო

უნივერსიტეტის კოლეჯის მოსწავლეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს. განათლების მინისტრის პოზიცია უცვლელია: იგი კოლეჯის მოსწავლეებს საერთო ეროვნული გამოცდების ჩაბარებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, შესაშურ პრინციპულობას იჩენენ აქციის მონაწილე სტუდენტები, რომლებიც, უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსზე ჩარიცხვას მოითხოვენ. ხელისუფლებასა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას 14 მარტის ღამეს მიაღწია, როცა პატრულის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ კოლეჯის მოსწავლეთა მიერ გაშლილი კარვების აღება სცადეს.

[ისმის ხმები] “კოლეჯი! კოლეჯი! უცხო ენები! უცხო ენები!”

აქცია, რომელიც 14 მარტს პოლიციის მიერ გვიან ღამით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ შეწყდა, 15 მარტს, დღის 2 საათზე, კვლავ განახლდა. აქციის მონაწილენი ამტკიცებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მოშიმშილეები სასტიკად დაარბიეს:

[სტუდენტის ხმა] “ბავშვები ძალიან ცუდად გახდნენ. ერთს გული წაუვიდა, სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა; მეორეს ხელი მოსტყდა, თუ არ ვცდები, ზუსტად არ ვიცი. მესამესაც რაღაც დაემართა... ერთი შეტევა არ ეყოთ და მერე კიდევ მოვიდნენ... გვარბევდნენ, გვარბევდნენ! წიხლებით შეგვდგნენ, 16 წლის ბავშვები გაგვსრისეს!”

რამდენმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება და სად იმყოფებიან ისინი ამჟამად? თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ზაზა გოროზია ამბობს, რომ შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ სამედიცინო სტაციონარში სამი მოქალაქე გადაიყვანა:

[ზაზა გოროზიას ხმა] “ქალბატონს ნერვიულობის ნიადაგზე ჰქონდა ფსიქოლოგიური მოშლილობა, თუმცა დაახლოებით ნახევარ საათში იგი მეუღლემ სახლში წაიყვანა. მას არ აღენიშნებოდა ზემოქმედების კვალი. რაც შეეხება დანარჩენ ორს, - ერთი იყო 17 წლის, მეორე - 18 წლის, - მე მქონდა მათთან საუბარი, არაფერი არ სჭირდათ, ზედმეტი გამოკვლევებიც ჩავუტარეთ, მაგრამ არფერი არ სჭირდათ.”(სსტილი დაცულია)

პოლიციაში ამტკიცებენ, რომ 14 მარტის ღამეს პარლამენტის წინ პატრული ეგრეთ წოდებული უკანონო ნაგებობების, ანუ კარვების, ასაღებად მივიდა და არა აქციის მონაწილეთა დასარბევად. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბიძინა ბრეგაძე განმარტავს:

[ბიძინა ბრეგაძის ხმა] “საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ თავისუფლად შეკრებისა და აზრის გამოხატვის საშუალება და ეს უფლება მათთვის არავის არ შეუზღუდავს. რაც შეეხება კარვებს, რუსთაველის გამზირი ნამდვილად არ არის კარვების, “ბუტკებისა” და სხვა მსგავსი ნაგებობების ადგილი.”

14 მარტის ღამეს პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ პოლიცია კარვების აღებას ცდილობდა:

[სოზარ სუბარის ხმა] “კონსტიტუციაში წერია მიტინგისა და მანიფესტაციების თავისუფლება, მაგრამ არ წერია ჯიხურებისა და კარვების დადგმის თავისუფლება და ამაში ძნელია ხელისუფლება გაამტყუნო. მე იქ ცემის ფაქტები არ დამინახავს, ალბათ, იმიტომ, რომ პერიფერიაზე ვიდექი, მაგრამ რა კადრებსაც მერე ვუყურე ტელევიზიით, იქ პირიქით იყო - ადგილი ჰქონდა ძალადობას პოლიციელებზე.”

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი უკან დახევას არ აპირებენ. კოლეჯის მოსწავლეთა მშობლების თქმით, აქცია მანამ არ შეწყდება, ვიდრე განათლების მინისტრი კოლეჯის სამივე კურსის სტუდენტებს, დაახლოებით 600 ახალგაზრდას, სამედიცინო უნივერსიტეტისკენ მიმავალ ყველაზე მოკლე გზას არ გაუხსნის.

[ქალბატონის ხმა] “შიმშილობას არ დავთმობთ, იმიტომ რომ ამ მთავრობას შიმშილობის შეეშინდა, იმიტომ რომ 15 წლის ბავშვების შიმშილობა არ შეიძლება, იმიტომ გადაუარეს ბავშვებს წიხლებით. არ დავთმობთ - გუშინ 15 ბავშვი შიმშილობდა, დღეს 30-40 დავიწყებთ შიმშილობას...”
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG