Accessibility links

logo-print

რა გავლენა იქონია კონტრაბანდის მოძრაობამ ქართული საგუშაგოების შემცირებაზე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში


ორი დღის წინ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ყველა მაღალჩინოსნის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ქართველ

პოლიციელთა მიერ რუსეთიდან მომავალი კონტრაბანდული ტვირთების მფარველობა გახდა. თუმცა უფრო ადრე კონტაბანდასთან დაკავშირებით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფი და მათი მეთაურები დაისაჯნენ. მაგრამ დაისაჯნენ არა იმის გამო, რომ ქართველი ცისფერჩაფხუტიანები კონტარაბანდას მფარველობდნენ, არამედ, პირიქით, სამხედროებმა საგუშაგოების გავლით ქართველი მოხელეების ჯიბის გასასქელებლად განკუთვნილი უკანონო ტვირთები დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს შერისხული სამხედროებიც და ხელისუფლებაც ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ ინახავდნენ, მე მაინც შევეცადე ზოგიერთი გარემოების მოძიებას.


პოლკოვნიკი ავთო ჯოხაძე ბათუმის 25-ე ქვეით ბატალიონს იმ პერიოდიდან ხელმძღვანელობდა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებიდან გამოსული სამხედრო ნაწილის ბაზაზე, ასლან აბაშიძის მოსკოვში გაქცევის შემდეგ, ახალი ქვედანაყოფის ფორმირება დაიწყო. ბატალიონის პირადი შემადგენლობის მიმართ დიდი ნდობის ნიშნად, საქართველოს ხელისუფლების ბრძანებით, 25-ე ბატალიონი გასული წლის 18 ნოემბერს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიით გაგზავნეს. ზაფხულის ცხინვალის კრიზისის შემდეგ კონფლიქტის ზონაში სროლა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. პირველივე დღეებში ბატალიონის სამი წევრიც კი დაიჭრა. იყო სხვა ინციდენტიც. პოლკოვნიკმა ავთო ჯოხაძემ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ მისმა ჯარისკაცებმა დეკემბრის დასაწყისში ზემო ნიქოზის ბლოკ-საგუშაგოზე ერთ-ერთი ქართული პოლიციის სპეცნაზი დააკავეს, რომელიც კონტრაბანდას მიაცილებდა:

[ავთო ჯოხაძის ხმა] “მოინდომეს ვიღაც ოსი ეროვნების გაცილება. ჩვენებმა არ გაუშვეს, საბუთები არ ჰქონდათ წესრიგში, თან ნასვამები იყვნენენ. იქ შეხლა-შემოხლა ჩხუბში და კონფლიქტში გადაიზარდა. და ეს ოთხი პიროვნება ჩვენ დავაკავეთ.” (სტილი დაცულია)

ეს ინციდენტი მაშინ პრესით არ გახმაურებულა, მაგრამ ხელისუფლების ყურს მისწვდა. ქართველი სამხედროების მიერ პოლიციის სპეცნაწილის წევრების დაკავების ფაქტი პირველი რეალური ნიშანი გახდა, რომ შიდა ქართლის პოლიცია არათუ არ ებრძვის კონტრაბანდას, არამედ მფარველობს კიდეც მას. მაგრამ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი პოლკოვნიკი ალექსანდრე სუხიტაშვილი იმხანად ჯერ კიდევ პოლიციის ეტალონად ითვლებოდა, რის გამოც სპეცრაზმელების დაკავება ცუდად სწორედ კონფლიქტის ზონაში მყოფ სამხედროებს მოუბრუნდათ. ნიშანდობლივია, რომ ამ ინციდენტიდან 20 დღეში შინაგან საქმეთა მინისტრობიდან თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშნულმა ირაკლი ოქრუაშვილმა 25-ე ქვეითი ბატალიონის კადრების განკარგულებაში გაყვანას მოაწერა ხელი. მოგვიანებით კი თანამდებობა დაატოვებინეს ბატალიონის მეთაურ ავთო ჯოხაძეს და შტაბის უფროს ვალერი სიხარულიძეს.

[ავთო ჯოხაძის ხმა] “ბათუმის 25-ე ქვეითი მსუბუქი ბატალიონი იყო საბრძოლო დავალებაზე. და მოხდა ისე, რომ ჩვენთვის ცნობილია ეს ფაქტი, თუ რატომ გაგვიყვანეს კადრების განკარგულებაში.” (სტილი დაცულია)

მოგვიანებით კი თითქმის სამჯერ შემცირდა სამშვიდობო კვოტა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. 550 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად, მშვიდობას იქ ამჯერად 150-მდე ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი იცავს. კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, შემცირების ინიციატივა კვლავ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “თვითმიზანი არ არის მაინცდამაინც 500 კაცის ყოლა. თუ ამას ვითარება მოითხოვს, მაშინ კვოტა შევსებული იქნება. ამ ეტაპზე ვერც მე ვხედავ მაგ რაოდენობის კონტინგენტის არსებობის საჭიროებას. მადლობა ღმერთს, რომ იქ ახლა სიმშვიდეა. თუმცა ეს გადაწყვეტილება სხვა უწყებაში იქნა მიღებული.”

ნიშანდობლივია, რომ ახალი ხელისუფლება თავის დროზე სასტიკად აკრიტიკებდა ედუარდ შევარდნაძეს სწორედ იმის გამო, რომ წინა ხელისუფლებას აუთვისებელი ჰქონდა სამშვიდობო კვოტა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. ამჯერად კი სამშვიდობო მისია ცხინვალის გარშემო ნაკლულია, როგორც არასდროს. თავდაცვის სამინისტრო თავს იკავებს ამ უცნაური საქციელის კომენტირებისაგან. კადრების განკარგულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები კი ვარაუდობენ, რომ ისინი სწორედ კონტრაბანდის ქართველ მფარველებს ეჩხირებოდნენ თვალში.

[ავთო ჯოხაძის ხმა] “რა ვიცი, არაფერს გამოვრიცხავ ამ ცხოვრებაში”(იცინის).

ნიშანდობლივია, რომ მეთაურ ავთო ჯოხაძის ნაცვლად კადრების განკარგულებაში იმყოფება და რეაბილიტაციას ელოდება ის რამდენიმე ათეული ჯარისკაცი და ოფიცერი, ვინც აჭარის კრიზისის დროს ცენტრალური ხელისუფლებისა და სამხედრო ფიცის ერთგული დარჩა.
XS
SM
MD
LG