Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკაში დააკავეს იარაღის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილები, მათ შორის ქართველიც


ამერიკელმა აგენტებმა დაასრულეს, როგორც იუწყებიან, ხანგრძლივი გამოძიება და მის საფუძველზე იარაღის კონტრაბანდის ბრალდებები წაუყენეს 17 ადამიანს, მათ შორის ერთ ქართველსაც.

როგორც ჩვენი ნიუ-იორკელი კორესპონდენტი იუწყება, ტელევიზიით აჩვენეს ხელბორკილიანი ვატო მაჩიტაძე, როცა ის ნიუ-იორკის უბან მანჰეტენში ახალი აყვანილი იყო. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ დაკავებულებს შორის არის საქართველოს მოქალაქეც. რაც შეეხება იარაღს, რომლითაც კონტრაბანდისტები ვაჭრობდნენ: [სალომე ზურაბიშვილის ხმა] “ეს არის რუსული წარმოშობის იარაღი. თუ საქართველოს ტერიტორიიდან გავიდა, როგორ მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე, ამის შესახებ მე ინფორმაცია არა მაქვს. მაგრამ იმდენი ხანია, ვყვირივარ, რომ როკის გვირაბზე და სხვა ადგილებზე კონტროლი უნდა დაწესდეს, რომ ეს მხოლოდ ადასტურებს ამის საჭიროებას. და ამის საჭიროებას არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებისათვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც შემდეგ შეიძლება ეს იარაღი წავიდეს. ასევე ამბობენ, რომ სომხეთის ტერიტორიიდან არის გატანილი უმრავლესობა ამ იარაღის. ჯერ-ჯერობით ეს ვიცი”. ეს იყო ნაწყვეტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებიდან, რომელიც ეხებოდა აშშ-ში იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით ეჭვმიტანილების დაკავებას. ამ თემაზე ინფორმაცია ჩვენმა რადიომაც მოიპოვა.

სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღის აშშ-ში იმპორტისათვის მზადება - ამ შინაარსისაა ბრალდება, რომელსაც პროკურორები ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და მაიამიში აყვანილ პირებს უყენებენ.

როგორც ნიუ-იორკის სამხრეთი რაიონის პროკურორმა დევიდ კელიმ აღნიშნა სამშაბათს, დაპატიმრებაზე განცხადებით გამოსვლისას, ეჭვმიტანილებს წელიწადზე მეტხანს უთვალთვალებდნენ. [კელის ხმა] “ბრალდებულებიდან ხუთს წაყენებული აქვს სხვადასხვა სამხედრო იარაღის აშშ-ში კონტრაბანდის გზით შემოტანის დაგეგმვის ბრალდება. ამ იარაღს შორის არის ყუმბარსატყორცნები და საზენიტო რაკეტები. და ეს იარაღი იყო სომხეთიდან, საქართველოს რესპუბლიკიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან”.

ასევე დევიდ კელის თქმით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კონტრაბანდისტების ხელში მასობრივი განადგურების იარაღიც იყო... [კელის ხმა]

წეღან ვახსენეთ ქართველი ეჭვმიტანილი, რომელიც აშშ-ში ტლევიზიაშიც აჩვენეს. ცნობილია ზოგი სხვა ეჭვმიტანილის ვინაობაც - ყველაზე ხშირად ასახელებენ სომხეთის მოქალაქე არტურ სოლომონიანს და სამხრეთ აფრიკელ ქრისტიან დეუიტ სპაის: სწორედ ისინი ითვლებიან კონტრაბანდისტული ორგანიზაციის მეთაურებად.

როგორც გამოძიების ფედერალური ბიურო იუწყება, მის აგენტს, რომელსაც თავი მოჰქონდა იარაღის შესყიდვით დაინტერესებულად და, ამასთან, ტერორისტულ ორგანიზაცია “ალ-ყაიდის” მოკავშირედ, ეჭვმიტანილებმა შესთავაზეს იარაღი და აჩვენეს სურათები, რომლებზეც გამოსახული იყო, მათი თქმით, სომხეთში განთავსებული იარაღის საწყობი. იარაღი კი რუსული წარმოების ჩანდა.

ეჭვმიტანილებმა, დაასკვნიან პროკურორები, იცოდნენ, რომ იარაღი, შესაძლოა, ვინმეს აშშ-ში ტერორისტული აქტებისთვის გამოეყენებინა.

[ენდი არენას ხმა] “სისხლის სამართლის ეს ბრალდებები ჰოლივუდის ფილმის სცენარს წააგავს, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა: ჰოლივუდის ტრილერისაგან განსხვავებით, სიუჟეტი, რომელზეც დღესაა ლაპარაკი, უტყუარი რეალობაა”, დადგენა ამ რეალობისა, რომელიც ჰოლივუდის ფილმს შეადარა ამერიკელმა აგენტმა ენდი არენამ, ამერიკის უწყებებმა ქართველ და სომეხ სამართალამცავებთან თანამშრომლობის მეშვეობით შეძლეს. როგორც იუწყებიან, გამოძიებას ხელი შეუწყეს რუსეთის უწყებებმაც.

და თანამშრომლობა გრძელდება - აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო, სომეხი და რუსი ექსპერტები ცდილობენ მიაკვლიონ იარაღს, რომელიც შეერთებული შტატებისაკენ გზაში ეგულებათ.
XS
SM
MD
LG