Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო კოლეჯის მოსწავლეებისა და განათლების სამინისტროს უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი უკვე 16 დღეა, გრძელდება დაპირისპირება სამედიცინო კოლეჯის მოსწავლეებსა და განათლების სამინისტროს შორის.

დღეს შეთანხმების კიდევ ერთი მცდელობა მხარეებს შორის უშედეგოდ დასრულდა. კოლეჯის მოსწავლეებისა და ლექტორებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა განათლების მინისტრის მიერ კომპრომისად მონათლული შეთავაზება, რომელიც მისაღები გამოცდებისათვის სამედიცინო სასწავლებლის აბიტურიენტების სპეციალური პროგრამით მომზადებას ითვალისწინებდა. განათლების სამინისტრო ისევ გამორიცხავს საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებისათვის გამოცდებზე შეღავათების დაწესებას. თავის მხრივ, მოსწავლეთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დახმარებისათვის რუსეთის საელჩოს მიმართოს.

[კოლეჯის ლექტორებისა და მოსწავლეთა მშობლების ხმა] ხმაური - დიდებულიძის ხმა.

ასეთ ვითარებაში მიმდინარეობდა სამედიცინო კოლეჯში მოსალაპარაკებლად წარგზავნილი განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დიდებულიძისა და კოლეჯის მოსწავლეთა მშობლებისა და ლექტორების შეხვედრა. ალექსანდრე დიდებულიძემ მათ, კომპრომისის სახით, გამოცდებისათვის მოსამზადებელი სპეციალური მეთოდური პროგრამა შესთავაზა, მაგრამ ეს შეთავაზება ყველასათვის თანაბრად მიუღებელი აღმოჩნდა:

[ლექტორებისა და მშობლების ხმა] “არავითარი ახალი. პროგრამა იგივე რჩება. ეს ადრეც იყო ცნობილი ჩვენთვის. მეტი სხვა არაფერი, ახალი.”

ხმაურიანი შეხვედრიდან გამოსულმა განათლების მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებისათვის კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი უწყების პოზიცია:

[ალექსანდრე დიდებულიძის ხმა] “ჩვენ გვაქვს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ. ჩვენ იმ კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ვიმუშაოთ, მხოლოდ და მხოლოდ. შეღავათებს არ ითვალისწინებს ის კანონი.”

სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დილიდან შეკრებილი სამედიცინო კოლეჯის მოსწავლეები შეხვედრის დასრულებას ელოდნენ. მათ სტვენითა და შეძახილებით გააცილეს განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი უკვე ტრადიციულ ადგილას, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქციის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. იქვე გაირკვა, რომ რამდენიმე მშობელი საქართველოში რუსეთის ელჩთან შეხვედრას გეგმავს, რათა დეტალურად გაეცნოს რუსული მხარის შემოთავაზებას კოლეჯის მოსწავლეების მათ სასწავლებლებში გაგზავნასთან დაკავშირებით:

[მშობლის ხმა] “რამდენიმე ათეული მშობელი, რომლებიც ვფიქრობთ, რომ მივმართოთ რუსეთის საელჩოს, რათა, აი, ის ვერსია, რომელიც გადმოცემული იქნა ტელევიზიით, რომ საქართველოს, აი, ამ ახალგაზრდობის ნაღებს სიამოვნებით წაიყვანს და სიამოვნებით მისცემს განათლებას.”(სტილი დაცულია)

კონკრეტულად რას შესთავაზებს რუსეთის ელჩი სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის მოსწავლეთა მშობლებს, ეს მოგვიანებით გაირკვევა, ის კი ცხადია, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხზე დაწყებული გაუგებრობა ორი კვირის მანძილზე ხელისუფლების საწინააღმდეგო მასშტაბურ აქციად გადაიქცა.
XS
SM
MD
LG