Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ასაფეთქებელ საშუალებებს პოულობენ


საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამართალდამცავები ასაფეთქებელ საშუალებებს პოულობენ. ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში ნაპოვნია 10 ნაღმი.

უშიშროების სამსახურის ადგილობრივი ხელმძღვანელი გამორიცხავს ამ ფაქტის რაიმე კავშირს დივერსიის მცდელობასთან. სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა ახლახან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს ფოთის გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზეც. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს შემთხვევები?

ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში ათამდე ნაღმის პოვნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია -თითქოსდა თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მშენებარე ნავთობსადენზე ტერორისტული აქტი მზადდებოდა - არ დასტურდება. ნაღმები, მართლაც, ნაპოვნია, მაგრამ, როგორც ახალციხის რაიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ნუგზარ ცხვარიაშვილი აღნიშნავს, მათ ზიანის მოტანა არ შეეძლოთ.

[ნუგზარ ცხვარიაშვილის ხმა] "მანდ იყო რუსეთის საწყობები და ამ საწყობებიდან დარჩენილია ძველისძველი, გადაყრილი სასწავლო ნაღმები. მათ დეტონატორი არ გააჩნდათ და ზიანის მოტანა არ შეეძლოთ." (სტილი დაცულია)

ნუგზარ ცხვარიაშვილმა რუსეთის საწყობები აღნიშნა, თუმცა დღესდღეობით სოფელ კლდის ტერიტორიაზე საქართველოს კუთვნილებაში არსებული 10 -მდე იარაღის საცავი არსებობს. ჩვენი ახალციხელი კორესპონდენტის მაია იველაშვილის ცნობით, ეს საცავები ამორტიზებულია და, ამას გარდა, არცთუ კარგად დაცული. ამ სამიოდე თვის წინ ერთ-ერთი მათგანი ისე გაიქურდა, რომ ამის შესახებ მთელი ორი კვირის მანძილზე არავინ არაფერი იცოდა.

[მაია იველაშვილის ხმა] "ორ კვირაში ერთხელ ხდება შემოწმება ამ იარაღის საცავის. როდესაც გაიქურდა ის საცავი, ამის შესახებ გაიგეს ორი კვირის შემდეგ."

ნათქვამი ნიშნავს, რომ ერთი შემოწმებიდან მეორე შემოწმებამდე საცავის გაძარცვის ფაქტი უცნობი იყო. ამ საცავიდან მოხვდა თუ არა ღია ცის ქვეშ 10-მდე უვარგისი ნაღმი, ძნელი სათქმელია. უნდა აღინიშნოს, რომ უშიშროების სამსახურმა ახალციხის რაიონის ტერიტორიაზე საკმაო რაოდენობის ტყვია-წამალი და იარაღი გასულ წელს, გვიან შემოდგომაზეც, აღმოაჩინა. ფაქტი გახმაურდა, თუმცა ამის შემდეგ არაფერი თქმულა იმაზე, თუ საიდან გაჩნდა ეს იარაღი ან ვის უნდა გამოეყენებინა ის.

სამართალდამცავები არც ახლახან ფოთის გემთსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე საათის მექანიზმიანი ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის თაობაზე აკეთებენ კომენტარს. ცნობილია, რომ ამ მოწყობილობას არ გააჩნდა დეტონატორი, თუმცა ჰქონდა ავტომატური კვების წყარო, რაც ერთ თვეზე იყო გათვლილი. როგორც ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტი ლაშა ბერულავა აღნიშნავს:

[ლაშა ბერულავას ხმა] “აფეთქების შემთხვევაში საშიშროება შეექმნებოდა არა მარტო სააქციო საზოგადოება ფოთის გემთსაშენს, არამედ ფოთის პორტსაც. ამას გარდა, ეს ის ადგილია, სადაც ყოველდღიურად უამრავი ხალხი ტრიალებს."

საგულისხმოა, რომ ფოთის გემთსაშენის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი მოწყობილობა ადრე ფოთთან ახლოს, ყულევის ტერმინალთან, იქნა მიკვლეული.

ვნახოთ, რამდენად გაეცემა პასუხი შეკითხვას - რატომ დაინტერესდნენ საქართველოში დივერსანტები ტერმინალებით და გემთსაშენებით. თუმცა არაერთი კიდევ უფრო მწვავე შეკითხვაა ღიად დარჩენილი. უკანასკნელი სერიოზული ტერაქტი საქართველოში თვე-ნახევრის წინ გორში მოხდა და მან რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. ამ ტერაქტზე დღემდე მხოლოდ ვერსიებით საუბრობენ.
XS
SM
MD
LG