Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქალური” პროფესიის სხვა სახე: მამაკაცი, რომელიც ნამცხვრების ცხობის ოსტატია


ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ “ქალურობის” და “მამაკაცურობის” შესახებ არსებული სტერეოტიპები,

რასაც ამ საქმის სპეციალისტები ხშირად “გენდერულ სტერეოტიპებსაც” უწოდებენ, პროფესიებზე თუ ხელობებზეც ვრცელდება. მეტიც – არსებობს საქმიანობის ისეთი ფორმები, რომლებიც თითქმის ერთმნიშვნელოვნად არის გაიგივებული ერთ რომელიმე სქესთან. დაწყებითი კლასების პედაგოგი, ბიბლიოთეკარი, ექთანი და მდივანი, ტრადიციულად, ქალებით დაკომპლექტებული პროფესიებია; ბანკირებად, მეხანძრეებად, სამხედროებად, ბიზნესმენებად, მფრინავებად და პოლიტიკოსებად კი უფრო ხშირად მამაკაცები გვევლინებიან. თუმცა ეს, ცხადია, მხოლოდ სტერეოტიპებია და, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს. დღეს ერთ ასეთ გამონაკლისზე ვისაუბრებ და გაგაცნობთ მამაკაცს, რომელმაც ერთი შეხედვით “არამამაკაცურ” საქმიანობაში – ნამცხვრების ცხობაში – საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია.

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა ელექტრონული ფოსტით ბრიტანულ გაზეთ “გარდიანში” დაბეჭდილი სტატია გამომიგზავნა. სტატია ეხებოდა ავეჯის წარმოების შვედურ კომპანია “იკეას”, რომელსაც ორასზე მეტი მაღაზია აქვს გახსნილი მსოფლიოს 32 ქვეყანაში. ამ მაღაზიებში ყოველ წელს საშუალოდ სამას სამოცდახუთი მილიონი ადამიანი იძენს რაღაცას. “გარდიანი” წერდა, რომ ამ გლობალურ კომერციულ გიგანტს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი სქესობრივი სტერეოტიპების გამყარებაში სდებს ბრალს, ვინაიდან ავეჯის კომპლექტების თანმხლებ ინსტრუქციებზე მხოლოდ მამაკაცები არიან გამოსახული ავეჯის აწყობის პროცესში.

ამ ბრალდებას “იკეას” წარმომადგენლებმა განსხვავებული კულტურების მიმართ მგრძნობელობის არგუმენტით უპასუხეს და განაცხადეს, რომ საწოლების, ტახტების და წიგნის თაროების აწყობის პროცესში ჩართული ქალების იერსახე კომპანიის მუსულმანი კლიენტებისთვის იქნებოდა შეურაცხმყოფელი. მაგრამ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი “იკეას” მხრიდან ასეთმა თავის მართლებამ არ დააკმაყოფილა – მისი განცხადებით, “სქესობრივი თანასწორობის ფორმების გამყარება მუსლიმურ ქვეყნებშიც ძალიან მნიშვნელოვანია და “იკეამ” ბუკლეტების ილუსტრაციები უნდა შეცვალოს.”

შესაძლებელია, დღევანდელ საქართველოში ბევრმა ეს დისკუსია გადაჭარბებულად, ან ზედმეტ ფუფუნებად აღიქვას. დღეს ჩვენში, მართლაც, ცოტას თუ სცალია სქესობრივ სტერეოტიპებზე სასაუბროდ – მით უფრო, თუკი ეს დისკუსია იმ გავლენას ეხება, რომელსაც ეს სტერეოტიპები პროფესიებსა თუ საქმიანობებზე ახდენს. და, ალბათ, ეს ასეც უნდა იყოს: რომელ სტერეოტიპებზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობა უკვე ათწლეულზე მეტია, რაც გადაუჭრელ პრობლემადაა ქცეული.

მაგრამ, მეორე მხრივ, ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ შრომის სქესობრივი განაწილების სფეროში გარკვეული ცვლილებები მაინც შეიმჩნევა, თუნდაც სწორედ არსებული პირობებიდან გამომდინარე. ბოლო ათწლეულის განმავლობაში უამრავ ქალს ოჯახის ძირითადი მარჩენალის ფუნქციის შესრულება მოუხდა – ფორმალური სამუშაო ადგილების არარსებობის გამო ისინი არაფორმალურ შრომით სექტორში ჩაერთნენ და ვაჭრობით, დამლაგებლობით და მომვლელობით შეუდგნენ ოჯახების რჩენას. ბოლო პერიოდში კი, თუნდაც მასმედიის საშუალებით, სულ უფრო მეტ ამბავს გვიყვებიან ჯარში, პოლიციასა თუ ჭიდაობაში წარმატებულად მოღვაწე ქალების შესახებ.

ერთი სიტყვით, შრომის და საქმიანობის ტრადიციული სქესობრივი დანაწილების სურათი ჩვენშიც იცვლება და ბევრი ადამიანი თავისი სქესისთვის შეუფერებლად მიჩნეულ პროფესიებში მოღვაწეობს წარმატებულად. იგივე შეიძლება ითქვას პიროვნებაზეც, რომელსაც ამ სიუჟეტში წარმოგიდგენთ – რამაზ გემიაშვილზე, პროფესიით მსახიობზე, რომელმაც კულინარიის და, კერძოდ, ნამცხვრების ცხობის საქმეში მიაღწია წარმატებას. რამაზს რამდენიმე დღის წინ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ლიტერატურულ კაფეში შევხვდი.

[კაფეს ხმა]

[რამაზ გემიაშვილის ხმა] “პატარაობიდან მომწონდა ეს საქმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჰობის დონეზე იყო ეს – ვაკეთებდი, მერე ვასინჯებდი. რაღაც პერიოდში დავიწყე ხატვა, სერიოზულად გამიტაცა ამან, მაგრამ არაფერი ისეთი არ გამიკეთებია. მერე მაინტერესებდა ქსოვა და რაღაცეები ვისწავლე – ვიღებდი ლიტერატურას და ვსწავლობდი ძირითად კანონებს. ვაკეთებდი ადრე თოჯინებს, უფრო პატარაობისას. რაღაცა დონეზე რაღაცეები გამომდის; მაგრამ სერიოზულად წარმატებული ერთადერთი ეს ნამცხვრები იყო, სადაც დავჯექი და უკვე რამდენიმე წელია, ამ ნამცხვრებს ვაკეთებ.” (სტილი დაცულია)

რამაზ გემიაშვილის თქმით, მისი ნამცხვრების გამორჩეულობა ევროპული რეცეპტების ქართულ გემოვნებაზე მორგებაში მდგომარეობს. რამაზი მუშაობს გამსახურდიას პროსპექტსა და კოსტავას ქუჩაზე მდებარე წიგნის სახლებთან არსებულ ლიტერატურულ კაფეებში. ამ სახლებს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნინო ქადაგიძე უწევს კურირებას. თბილისის ცენტრში მდებარე ამ კაფეებში ძალიან ხშირადაა ხალხმრავლობა და აქ ისეთ ადამიანებსაც შეხვდებით, ვისაც ყვითელი და ზოგჯერ არაყვითელი მედიაც “ელიტად” თუ “ცნობილ სახეებად” რაცხავს ხოლმე. მაგრამ რამაზი კაფეებისთვის “ელიტარულის” სტატუსის მინიჭებას უარყოფს. მისი თქმით, კაფეს კლიენტურას, ძირითადად, სტუდენტები წარმოადგენენ:

[რამაზ გემიაშვილის ხმა] “ძირითადად, შემოდის მაინც ერთნაირი ხალხი. ალბათ, არიან სტუდენტები იმიტომ, რომ ეს არ არის ძვირი და იმიტომ, რომ აქვთ იმის საშუალება, რომ კვირაში ერთხელ შემოვიდნენ, ჩაი დალიონ და ერთი ნამცხვარი შეჭამონ. მერე, სულ იყო პრობლემა, წლების წინ, რომ ბიჭს არ შეეძლო გოგო დაეპატიჟა კაფეში და დამჯდარიყო იმასთან ერთად. და მე მგონია, რომ ნაწილობრივ ეს პრობლემა მოიხსნა. მე მგონია, რომ მე ეს გავაკეთე. და ამის გარდა, კიდევ თუნდაც სამოცი კაცი მაინც, მე ამ ორ კაფეში დავასაქმე. და მე ვთვლი, რომ ეს კარგია." (სტილი დაცულია)

საუბრის ბოლოს, რამაზს მისი საქმიანობის, ასე ვთქვათ, გენდერულ მნიშვნელობაზე შევეკითხე. მაინტერესებდა, შეხვედრია თუ არა წარსულში ქსოვით გატაცებული და ახლა კონდიტერობით სერიოზულად დაკავებული რამაზი საზოგადოების მხრიდან გაკვირვებას:

[რამას გემიაშვილის ხმა] “ასეთ პრობლემებზე არასოდეს არ ვფიქრობდი იმ მომენტამდე, სანამ რაღაცა კონკრეტულ პრობლემას არ შევეჩეხებოდი. ნამცხვრებთან დაკავშირებით თითქმის არ მქონია ეს პრობლემა. ქსოვასთან დაკავშირებით უფრო იყო რაღაცა უსიამოვნო, შეიძლება ხუმრობით, უფრო უკბილო ხუმრობით, ვიღაცეებს რაღაცა უთქვამთ. მთავარია თვითონ როგორ უყურებ ყველაფერ ამას, მე ასე მგონია. იმიტომ რომ თუ რასაც აკეთებ, იმის გრცხვენია, მე მგონია, რომ ვერასოდეს ვერ გააკეთებ ამას ისე, როგორც საჭიროა." (სტილი დაცულია)

რთული სათქმელია, ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის გმირის მაგალითი გავრცელდება თუ არა უფრო ფართოდ და მოიპოვებს თუ არა უფრო მეტი მამაკაცი ნამცხვრების ცხობის საქმეში წარმატებას. ერთი კი ცხადია: ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს – მას, ვინც შვედური “იკეა” სქესობრივი სტერეოტიპების გაძლიერებაში დაადანაშაულა – პროფესიების თუ საქმიანობების გენდერული დაყოფის ასეთი ცვლილება მოეწონებოდა. ეს კი, ალბათ, მხოლოდ დადებითი შედეგი შეიძლება იყოს: თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტორს, რომ დღეს თითქმის ყველა ასპექტში გვაინტერესებს, როგორები ვჩანვართ ევროპელების თვალში, ევროპა, სხვა თუ არაფერი, გენდერული თანასწორობის მხრივ, ნამდვილად მისაბაძი მაგალითია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG