Accessibility links

მასშტაბური პრივატიზაცია - საქართველოს სტრატეგიული ინტერესების საფრთხე?


ორიოდე წლის წინ, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლებამ საქართველოზე გამავალი მაგისტრალური გაზსადენების რუსეთისთვის მიყიდვა გადაწყვიტა, მაშინდელი ოპოზიციის

მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა. ახლა ეს ოპოზიცია ხელისუფლებაშია, თუმცა, შევარდნაძის ხელისუფლების მსგავსად, ისიც აპირებს მაგისტრალური გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვას. ამ გადაწყვეტილებით - როგორც 2 წლის წინ, ასევე ახლაც - უკმაყოფილებას ვერ ფარავენ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტის ინვესტორები და სტრატეგიული პარტნიორები.

რადიომსმენელს ემახსოვრება ორიოდე წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის სტივენ მანის მოულოდნელი ვიზიტი საქართველოში და მისი ღია განცხადებები. მაშინ სტივენ მანი საქართველოზე გამავალი გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვის წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობა. ეს პოზიცია ახლაც უცვლელი რჩება. აი, რა განაცხადა საქართველოს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ მაილსმა:

”ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის კავკასიის რესურსების საკითხებში სტივენ მანის პოზიცია უცვლელია. იგი მიიჩნევს, რომ პრივატიზაციის საკითხები, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, კარგი იქნება საქართველომ შეინარჩუნოს გაზსადენი, მისი გაყიდვით საქართველოში გაჩნდება ეკონომისტი. და თუ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ გაზსადენმა დაკარგა ეკონომიკური ღირებულება, ამავდროულად, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი პოლიტიკური მნიშვნელობა. საქართველოს ენერგეტიკაში არსებული კითხვის ნიშნები მალე უნდა აიხსნას.”

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს წარმომადგენლებს ურჩია, რომ საქართველომ ჩრდილოეთისა და სამხრეთის შემაერთებელ გაზსადენზე კონტროლი შეინარჩუნოს და ენერგოპოლიტიკის საკითხი ნათლად და გამჭვირვალედ ჩამოაყალიბოს.

ცხადი და გამჭვირვალე პოლიტიკის გამოქვეყნების ნაცვლად, ქართული მხარე ეკონომიკურ არგუმენტებს იშველიებს და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის რუსეთისათვის მიყიდვის განზრახვას, აი, ასე განმარტავს.

[დავით ინგოროყვას ხმა] ”გაზსადენი არ გაიყიდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვახერხებთ მოვიძიოთ შესაბამისი სახსრები, რომ სისტემას რეაბილიტაცია გავუკეთოთ. და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, მოვახერხებთ იმას, რომ ყველა გადამხდელმა, მათ შორის, ყველაზე მთავარია, თბილგაზმა და ყაზბეგის რაიონმა მოახერხოს მოხმარებული გაზის საფასურის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, -შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში - ჩვენ დავდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ ჩვენ ამ მილსადენებს ვეღარ შევინარჩუნებთ.”

საქართველოს ხელისუფლების ასეთ პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ენერგეტიკული საკითხების დამოუკიდებელი ექსპერტები. მათ შორისაა გია ხუხაშვილი. იგი გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვას პოლიტიკურად გაუმართლებლად მიიჩნევს:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ბერკეტს აძლევს საქართველო რუსეთს გავლენის შესანარჩუნებლად არა მარტო საქართველოზე არამედ მთელს სამხრეთ კავკასიაზე და შეიძლება ცოტა იქეთაც გადავიდეს ეს ყველაფერი. ფაქტიურად, ეს შეცვლის გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს რეგიონში. ანუ ის უსაფრთხოების ზოლი, რომელსაც წლების განმავლობაში ქმნიდა მთელი დასავლეთი საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ერთად, დგება საფრთხის ქვეშ.”(სტილი დაცულია)

გია ხუხაშვილი გაზსადენის ამ ეტაპზე გაყიდვას ეკონომიკურადაც წამგებიანად მიიჩნევს, რადგან გაზსადენის ფასი 2 წლის შემდეგ შეიძლება ხუთჯერაც კი გაიზარდოს.
XS
SM
MD
LG