Accessibility links

logo-print

ნავთობისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორები ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორები და საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია „ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს სფეროში ლიცენზიების გაცემის შესახებ“

კანონპროექტს იწუნებენ და მიაჩნიათ, რომ, ამ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ბაზარზე კონტრაბანდული პროდუქტები გაიზრდება ან მონოპოლისტები გაჩნდებიან. ბიზნესმენთა ფედერაციაში კანონპროექტთან დაკავშირებით 11 შენიშვნა გამოთქვეს, რის შესახებაც დღეს მინდა გესაუბროთ.

ნავთობისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორები ”ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს სფეროში ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კანონპროექტს იწუნებენ და მიაჩნიათ, რომ ამ პროექტის ზოგიერთი მუხლი, გარდა იმისა, რომ კონტრაბანდის ზრდას და ბაზარზე მონოპოლისტური გაერთიანებების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ელემენტარულად, ანტიკონსტიტუციურია.

ბიზნესმენთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს და არ ითვალისწინებს თამბაქოსა და ნავთობპროდუქტების სფეროში კონტრაბანდის შემცირების მექანიზმებს და ვერ უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნასა და ბაზარზე ამ სფეროში დასაქმებული სუბიექტების ფართო სპექტრის შესვლას. იმპორტიორებს კანონპროექტში არც ის მუხლი მოსწონთ, რომელიც ამ სფეროში საქმიანობაზე ლიცენზიების ვადას ადგენს: მაშინ, როდესაც სხვა საქმიანობაზე ლიცენზიები ლამის განუსაზღვრელი ვადით გაიცემა, ნავთობისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორთა ლიცენზიების მოქმედება 2 წლით შემოიფარგლება.

ნავთობპროდუქტები და თამბაქოს ნაწარმი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური შენატანების წყაროა, საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ამ შემოსავლებს კლების ტენდენცია ახასიათებს, რაც ერთგვარი სიგნალია მთავრობისათვის. ბიზნესმენთა ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ისაკაძე მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტით მთავრობამ, შესაძლოა, მოკლევადიანი ფისკალური ეფექტი მიიღოს, თუმცა პერსპექტივაში ცვლილებების გარეშე კანონპროექტის დამტკიცება არა მარტო საბიუჯეტო შემოსავლებს შეამცირებს, კონტრაბანდას ახალ სტიმულს მისცემს:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”მთავრობამ ერთ მომენტში, შესაძლოა, ნახოს კიდეც მოკლევადიანი ფისკალური ეფექტი, მაგრამ ბიზნესმენებიც და ექსპერტებიც ირწმუნებიან, რომ თუ კანონპროექტი ამ სახით, ცვლილებების გარეშე, შევიდა ძალაში, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს კონტრაბანდის საკმაოდ სერიოზულ ზრდას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კონტრაბანდის მოძლიერება უკვე დაფიქსირებულია არა მხოლოდ თამბაქოსთან მიმართებაში, არამედ ნავთობპროდუქტებშიც. ისიც ფაქტია, რომ ამ წლის პირველ თვეებში საკმაოდ იკლო საბიუჯეტო შემოსავლებმა ამ სფეროში და ამიტომ აქ მოდუნება არ შეიძლება.”

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციამ ”ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს სფეროში ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობას 11-მდე ცვლილება შესთავაზა. გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება იმპორტიორთა შენიშვნებს, ეს, სავარაუდოდ, უკვე ცოტა ხანში გაირკვევა.
XS
SM
MD
LG