Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია და შს სამინისტრო გარემოვაჭრეთა წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებაზე შეთანხმდნენ


თბილისის მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო გარევაჭრობის აღსაკვეთად კომპლექსური ღონისძიებების გატარებას აპირებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ვანო

მერაბიშვილი თბილისის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და რაიონების გამგებლებს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გარემოვაჭრეების წინააღმდეგ რაიმე სერიოზული სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას არ აპირებს, თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის ქუჩები სულ მალე გარემოვაჭრეთა შემოსევისაგან გათავისუფლდება. ვინ არიან ეგრეთ წოდებული “ქუჩის ვაჭრები” და რას უპირებს მათ ხელისუფლება?

თბილისის ქუჩებში - მათ შორის, ცენტრალურ ქუჩებშიც - ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც გამვლელებს სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საქონელსა თუ სასურსათო პროდუქციას სთავაზობენ. ზოგიერთი მათგანი ადგილობრივია, თუმცა უმეტესობა დედაქალაქში რაიონებიდანაა ჩამოსული.

[მამაკაცის ხმა] “მე, მაგალითად, ქუთაისიდან ვარ ჩამოსული. ქუთაისი, საერთოდ, კატასტროფის პირასაა მისული. გაგვიშვეს დიდუბეში, ახალი შენობააო, მაგრამ იქ კაციშვილი არ შემოდის.”

[ქალბატონის ხმა] “გამოგვრეკეს და როგორც გინდათ, ისე იცხოვრეთო, როგორც გინდათ, ისე ჭამეთ პურიო. აქა ვდგავართ და აქედანაც გვდენიან. სად წავიდეთ და რითი ვარჩინოთ ოჯახი, არ ვიცით.”

ეს ადამიანები დილიდან დაღამებამდე ქუჩაში დგანან და ოჯახებს ვაჭრობით, უფრო ზუსტად კი, გარევაჭრობით არჩენენ. პონტენციური მყიდველის გარდა, ისინი ყველას უფრთხიან - იქნება ეს პატრული, გამგეობის წარმომადგენელი თუ სანიტარული ინსპექტორი. თუმცა, როგორც თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, მომავალი კვირიდან ეგრეთ წოდებულ “გარემოვაჭრეებს” ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გაურთულდებათ:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “ქუჩაში ძალიან ბევრი ისეთი პროდუქტი იყიდება, რომლის წარმოშობის სერტიფიკატი საერთოდ არ არსებობს. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში საქმეში ჩარეთვება არა მარტო სანიტარული ინსპექცია, არამედ სამართალდამცავი ორგანოებიც, რათა გაირკვეს პროდუქციის წარმომავლობა. ერთი სიტყვით, ჩვენი მხრიდან გადაიდგმება სერიოზული ნაბიჯები იმისათვის, რომ ქუჩაში ვაჭრობა აღიკვეთოს.”

გარევაჭრობა აუშნოებს ქალაქს, ხიფათს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და აზარალებს ქვეყნის ბიუჯეტს - ესაა ის არგუმენტები, რომელთაც ხელისუფლება ყველაზე ხშირად იშველიებს. თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, თბილისში გარევაჭრობის აღკვეთა დღემდე ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თქმით, ვითარების შესაცვლელად პოლიცია და მერიის სამსახურები სინქრონულ რეჟიმში იმოქმედებენ:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “ჩვენ გვინდა მოვახდინოთ სინქრონიზაცია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პატრულის და საქალაქო სამსახურებისა, რათა ერთხელ და სამუდამოდ თბილისში დავამყაროთ წესრიგი. მეტიც, სულ მალე მივმართავთ პარლამენტს, რათა კანონში შევიდეს ცვლილება და პატრულს მიეცეს გარემოვაჭრის დაჯარიმების უფლება.”

თუმცა, ვიდრე პარლამენტი ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებას შეიტანს და ქუჩაში ვაჭრობაზე ფულადი ჯარიმა დაწესდება, წესრიგის დამცველთა ავანგარდში ფინანსური პოლიციისა და სანიტარული ინსპექციის თანამშრომლები იქნებიან, რომლებმაც, გაურკვეველი წარმომავლობისა და უხარისხო პროდუქციის ჩემორთმევა-განადგურებით, გარემოვაჭრეებს ქუჩაში დგომის ხალისი უნდა დაუკარგონ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG