Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს საერთაშორისო კონფერენცია ბავშვთა ტრეფიკინგზე


“საინფორმაციო საშუალებებით ტრეფიკინგი აღიქმება, როგორც სექსუალური ინდუსტრია. იმდენად დამამცირებელი გახდა ეს სიტყვა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლნი

თავს არიდებენ იმის გაცხადებას, რომ ისინი თანამედროვე მონობის მსხვერპლნი არიან 21-ე საუკუნეში” ეს იყო ნაწყვეტი ტექსტიდან, რომელსაც ინტერნეტში წაიკითხავთ - ქართულ ვებ-პორტალზე ადამიანის უფლებების შესახებ. მართლაც, ტრეფიკინგი თანამედროვე მონობაა და არა სექსუალური ინდუსტრია, თუმცა ამ ორს შორის კავშირი მაინც არსებობს. ტრეფიკინგის მხსხვერპლთ ხშირად აიძულებენ სწორედ სექსუალურ ინდუსტრიაში ჩაბმას, ანუ პროსტიტუციას. და, რაც უნდა საშინელი იყოს, ეს ბავშვებსაც ეხება...

დღეს ვენაში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეუთოს წევრ ქვეყნებში ბავშვთა ტრეფიკინგის პრობლემას ეძღვნება.

წელიწადში მსოფლიოში 1,2 მილიონი ბავშვი ხდება ტრეფიკინგის ობიექტი: მათ ნაწილს უფასოდ, ან თითქმის უფასოდ ამუშავებენ წვრილ ბიზნესში, ნაწილს - პროსტიტუციაში რთავენ. რამდენს - არავინ იცის, მაგრამ ადამიანის უფლებების დამცველთა ვარაუდით, პროსტიტუციაში იძულების მსხვერპლი ათასობით ბავშვია და ეს - მხოლოდ ევროპაში.

ვენაში 200-ზე მეტი ექსპერტი შეიკრიბა ინფორმაციის გასაცვლელად გოგო-ბიჭებზე, რომელთა ხვედრიც ეუთოს ქვეყნებში არის პროსტიტუცია, პორნოგრაფია, კრიმინალური ბანდების წევრობა.

კრისტიან ჰარდის ხმა “როცა ეუთოზე ვლაპარაკობთ, უნდა ითქვას, რომ ტრეფიკინგი ყველგანაა. ბავშვები უმეტესწილად აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან არიან”, ამბობს ეუთოს პრეს-მდივანი კრისტიან ჰარდი, რომელსაც ჩვენი კორეპსონდენტი როლანდ ეგლესტონი ესაუბრა. მანვე შეიტყო, რომ ექსპერტების განსაკუთრებული შეშფოთებას იწვევს (მასშტაბების გამო) ბავშვთა ტრეფიკინგი მოლდავეთიდან, ალბანეთიდან, ბელორუსიიდან და ბალკანეთის ქვეყნებიდან.

როგორც ხედავთ, ამ საიაში საქართველო არ არის შეყვანილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მცირეწლოვანთა ტრეფიკინგის პრობლემა საქართველოს არ ეხება... ეს დაგვიდასტურა მარი მესხმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ექსპერტმა ტრეფიკინგის საკითხებში. თუმცა, მისივე თქმით, უცნობია ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების ზუსტი რაოდენობა:

(მარი მესხთან ინტერვიუ - იხ. აუდიოჩანაწერი).

ამბობს მარი მესხი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ექსპერტი, რომელსაც თბილისში დავურეკეთ. როგორც მოისმინეთ, მარი მესხი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ბავშვის უცხოეთში გაშვილება (უკანონოდ გაშვილება) ტრეფიკინგად უნდა ჩაითვალოს. რასაკვირველია, სხვა საქმეა, დასძენს ის, თუ დამტკიცდა რომ გაშვილების მიზანი ბავშვის ექსპლუატაცია იყო.
XS
SM
MD
LG