Accessibility links

ექსპერტები საქართველოში პოლიტიკური რეფორმების პროცესს აჯამებენ


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი რამდენად სწორად მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმები საქართველოში და როგორი სახით უნდა ჩამოყალიბდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები?

ამ საკითხებზე სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ქართველი და უცხოელი ექსპერტები მსჯელობენ. ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტისა და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერაა ორგანიზებული. ექსპერტთა ჯგუფების მიერ ამ თემებზე უკვე შემუშავებულია ორი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსახილველად ხელისუფლებას და დაინტერესებულ პირებს გადაეცემათ.

რამდენიმეთვიანი ინტენსიური მუშაობისა და რეგიონებში საჯარო განხილვების შედეგად, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა საქართველოში საკონსტიტუციო პროცესის მიმდინარეობისა და სამომავლო მიმართულებების შესახებ ორი ფუნდამენტური დოკუმენტი შექმნეს. ერთი მათგანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობას შორის ძალაუფლების გამიჯვნას, მეორე კი ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებების განსაზღვრას შეეხება. პროექტის ინიციატორებმა უკვე შექმნილი მასალის საბოლოო სახით საჯაროდ განსახილველად საერთაშორისო კონფერენცია მოიწვიეს. საკონსტიტუციო რეფორმების საკითხზე მთავარმა მომხსენებელმა მარინა მუსხელიშვილმა უკვე ჩატარებული სამუშაოების მიზანი ასე განგვიმარტა:

[მარინა მუსხელიშვილის ხმა] “ჩემი მიზანია არა ის, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ის, რისი პრეზენტაციაც მე აქ გავაკეთე. არამედ მე უფრო მაინტერესებს საქართველოს მოსახლეობა, თქვენი რეაქცია, სხვების რეაქცია და ასე შემდეგ. მე არ მიმაჩნია, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხები - ეს არის მუდმივად ხალხსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გარჩევა. ეს, გარდა ამისა, არის ის, რომ ხალხმა ერთმანეთს თვალებში შეხედოს და ერთმანეთთან მოილაპარაკოს იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი კონსტიტუცია.” (სტილი დაცულია)

ერთ-ერთი თანაავტორი, კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია, ფიქრობს, რომ, მართალია, ხელისუფლებას საკონსტიტუციო რეფორმების ანალიზი და თავიანთი ხედვა წარუდგინეს, მათგან უახლოეს მომავალში რაიმე ნაბიჯებს არ უნდა მოელოდნენ:

[გია ნოდიას ხმა] “ამ საკითხის განხილვა ხელისუფლებას უახლოეს ხანებში, როგორც ჩანს, არ სურს, არ არის დაინტერესებული ამაში. ამიტომ, სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის იმედი, რომ რაიმე გავლენა მოხდეს ხელისუფლებაზე უახლოეს ხანებში. მაგრამ, პრინციპში, როცა იღებდნენ ახალ სისტემას შარშან თებერვალში, მაშინ ხელისუფლებამ თქვა, რომ ეს დროებითია - 7 წელი იყო ნახსენები. ასე რომ, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს თემა ჩაკვდეს და დღის წესრიგიდან ჩამოვიდეს.” (სტილი დაცულია)

კიდევ ერთმა აქტიურმა მონაწილემ ამ პროექტისა, ვახტანგ ხმალაძემ, საკმაოდ ხატოვნად ახსნა კონსტიტუციური სისტემების ქართულ რეალობასთან მორგების აუცილებლობა:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] “ბრმად გადმოღებული რომელიც გნებავთ წარმატებული სახელმწიფოს მოდელი არ მოიტანს დადებით შედეგს. ისევე როგორც სხვის ტანზე შეკერილი ტანსაცმელი თქვენ ან მე რომ ჩავიცვათ, ის ტანსაცმელი, რომელიც იმ ადამიანზე ლამაზად იჯდა, ჩვენზე შეიძლება საზიზღრად გამოიყურებოდეს.” (სტილი დაცულია)

საერთაშორისო კონფერენცია “შერატონ მეტეხი პალასში” შაბათსაც გაგრძელდება. ხვალ დაგეგმილია სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტების მიერ შემუშავებული დოკუმენტების განხილვა.
XS
SM
MD
LG