Accessibility links

logo-print

რა მოხდა წალკის რაიონში?


წალკის რაიონში აჭარიდან ჩასახლებულ ეკოლოგიურ მიგრანტებსა და ადგილობრივ ეთნიკურ სომხებს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა.

ვითარების გამწვავების მიზეზად ამჯერად სოფელ ავრანლოში კალოელოვების ოჯახზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმა იქცა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნა და ყაჩაღობაში ეჭვმიტანილ გელა შაინიძის დაკავება შეძლო, დაზარალებულის ქომაგებმა, ანგარიშსწორების მიზნით, აჭარელთა დასახლებაზე იერიში მაინც მიიტანეს.

თბილისდან თითქმის ასი კილომეტრით დაშორებულ წალკის მაღალმთიან რაიონში მცირე მასშტაბის ყოფითი კონფლიქტიც კი, ხშირ შემთხვევაში, ეთნიკური დაპირისპირების ელფერს იძენს. წალკაში ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც რაიონში საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან - მათ შორის, აჭარის მთიანეთიდან - 1800-მდე კომლი ჩასახლდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადგილობრივი მოსახლეობის - ძირითადად, ეთნიკური სომხების - აგრესია სწორედ რომ ამ ადამიანებისკენ არის მიმართული.

[მამაკაცის ხმა] “ჩვენი რაიონიაო, ჩვენი მიწააო და, ალბათ, ჩვენი ცხოვრება არ უნდათ იქ.”

ეთნიკური სომხები, რომლებიც ამჟამად რაიონის მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ, ჩასახლებულ აჭარლებს ბერძნების მიერ მიტოვებული სახლების ძარცვასა და კრიმინოგენური ვითარების გაუარესებაში ადანაშაულებენ. ყაჩაღურ თავდასხმაში, რომელიც ორიოდე დღის წინ სოფელ ავრანლოში კალოელოვების ოჯახზე განხორციელდა, პოლიციის ინფორმაციით, აჭარიდან ჩასახლებული სამი პიროვნება იღებდა მონაწილეობას. წალკის რაიონის პოლიციის უფროსის ზურაბ ქეშელაშვილის განმარტებით, დაზარალებულებს მეზობლები გამოექომაგნენ, რაც მოგვიანებით აჭარელთა დარბევაში გადაიზარდა.

[ზურაბ ქეშელაშვილის ხმა] “დანაშაული გაიხსნა, დავაკავეთ პიროვნებები, მაგრამ ვითომ სომხურმა მოსახლეობამ ბერძნებს სოლიდარობა გამოუცხადა და რადგან აჭარელი იქნა დაკავებული, რატომ გვარბევთ და რატომ გვაყაჩაღებთო და, ქუჩაში ვინც შეხვდათ, ყველა გალახეს, სულ 6 კაცი.”

თავად ნაცემი აჭარლები აცხადებენ, რომ მათ დარბევაში 30-40 კაცი იღებდა მონაწილეობას.

[მამაკაცის ხმა] “სოფელში ვიყავით და ვმუშაობდით. ყველას დაგვერივნენ და გვცემეს. იყო ერთი 30-40 ბიჭი. ქართველი ხარო... მიზეზი - ვიღაც ბერძენი დაუჭრიათო...”

ქომაგები, ბუნებრივია, ამ ადამიანებსაც გამოუჩნდნენ. მით უმეტს, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. და კიდევ - მოძალადეებმა იმ სკოლის დაწვაც სცადეს, სადაც აჭარელი ბავშვები სწავლობენ.

[ქალბატონის ხმა] “ცეცხლი უნდა წაუკიდო? რისთვის უნდა წაუკიდო ცეცხლი!”

[მამაკაცის ხმა] “რა გინდა, რა! შენი ადგილი არ არის აქ!”

მიუხედავად ამგვარი ვნებათაღელვისა, წალკის გამგებელი მიხეილ ცქიტიშვილი დარწმუნებელია, რომ დაპირისპირებული მხარეები შერიგდებიან და, ხელისუფლების ძალისხმევით, მშვიდობიან თანაცხოვრებასაც შეძლებენ.

[მიხეილ ცქიტიშვილის ხმა] “დღესვე მინდა ჩავატარო შეხვედრა ამ ორი სოფლის მოსახლეობას შორის, დავამეგობრო ისინი და ერთხელ და სამუდამოდ მათ უნდა მისცენ ერთმანეთს კაცური სიტყვა, რომ მათი მეგობრობა და მეზობლობა გაგრძელდება მშვიდად, ხოლო თუკი რაიმე პრობლემა დადგება, მას გადაწყვეტენ არა ცალკეული ადამიანები, არამედ ხელისუფლება.”

თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება მარტო დაპირისპირებული ადამიანების კეთილგონიერების იმედად ყოფნას არ აპირებს. ვითარების დაძაბვის შემდეგ რაიონში ვითარებას ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ. უახლოეს დღეებში კი, როგორც ზურაბ ქეშელაშვილი ამბობს, ადგილობრივ პოლიციას დედაქალაქიდან სპეცდანიშნულების რაზმს დაახმარენ:

[ზურაბ ქეშელაშვილის ხმა] “პოლიციაში მიმდინარე საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, მე ძალები არ მყოფნის, აქ ხომ ჩამოსახლება გრძელდება და, უბრალოდ, ეს სპეცრაზმი დამეხმარება. ამის თაობაზე გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მივიღეთ.”

ზურაბ ქეშელაშვილის თქმით, ამჟამად რაიონში სიმშვიდეა, ხოლო სპეცდანიშნულების რაზმის ჩასვლა უფრო დანაშაულის პროფილაქტიკას უკავშირდება, ვიდრე 17 მარტს სოფელ ავრანლოში მომხდარ უსიამოვნო ინციდენტს.
XS
SM
MD
LG