Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა


სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი





უნდა განახლდეს, აპრილის შუა რიცხვებში უნდა განახლდეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესიც, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით მხარეებმა, შესაძლოა, შეთანხმებას მიაღწიონ - დღეს მინდა გასულ კვირაში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოკვეთილი ამ და სხვა საკითხების ირგვლივ ვისაუბრო.

გასულ კვირაში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში კონტრაბანდის მფარველებს მიაგნეს, ამასთან დაკავშირებით ქარელის რაიონის პოლიციის უფროსისა და მისი თანამშრომლების დაკავებას დიდი საკადრო წმენდა მოჰყვა სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობაში. “გორული მაფიის” არსებობის გამო პასუხი სამხარეო პოლიციის უფროსს ალექსანდრე სუხიტაშვილს მოეთხოვა. ის თანამდებობიდან გაუშვეს, მაგრამ თანამდებობაზე დარჩა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელი. პრეზიდენტმა მის პატიოსნებაში ეჭვი არ შეიტანა, თუმცა შიდა ქართლში მაინც ვერ ირწმუნეს იმის, რომ კონტრაბანდის მფარველთა მოქმედებების შესახებ რწმუნებულმა არაფერი იცოდა. ასეა თუ ისე, გასული კვირის დასაწყისში გაიფანტა მითი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კონტრაბანდის არხების გადაკეტვის თაობაზე; ოდნავ მოგვიანებით მოსკოვში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებმა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესის გაგრძელების საკითხზე იმსჯელეს და შეთანხმებასაც მიაღწიეს.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “ეს მოსამზადებელი შეხვედრა იყო. გაზაფხული მოდის და უნდა უზრუნველვყოთ მოსახლეობის უსაფრთხოება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება. ეს გულისხმობს იმ სამხედრო დანიშნულების ობიექტების განადგურებას და, საერთოდ, წესრიგის დამყარებას რეგიონში. “

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას თქმით, ცხინვალის რეგიონში მკაცრი კლიმატური პირობების გამო შეჩერებული დემილიტარიზაციის პროცესი აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაიწყოს და სადღაც ივნისისთვის უნდა დასრულდეს. მოსკოვში მიღწეულ იქნა შეთანხმება ედუარდ კოკოითისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრის თაობაზეც და, რაც ყველაზე საინტერესოა, იქვე , რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, გიორგი ხაინდრავასთან შემთხვევით შეხვედრისას კოკოითის მიერ აღინიშნა, რომ მზადდება საქართველოს ხელისუფლებისთვის შესათავაზებელი ახალი წინადადება. ეს მოსკოვში პოსტსაბჭოთა სივრცის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერების შეხვედრის შემდეგ ითქვა. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, მთიანი ყარაბახისა და დნესტრისპირეთის ლიდერები უახლოეს პერიოდში ახლა უკვე სოხუმში შეიკრიბებიან. მათ თავყრილობებს თბილისში მნიშვნელოვან ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა აქ სწორედაც რომ მნიშვნელოვნად მიიჩნიეს სერგეი ბაღაფშის ინიციატივა თბილისსა და სოხუმს შორის ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის დაწყების თაობაზე. როგორც ჩანს, კარგა ხნის წინ შეწყვეტილი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები უნდა განახლდეს.

[სერგეი ბაღაფშის ხმა] “დიალოგი რაღაცით უნდა დაიწყოს. თუ დავიწყებთ პოლიტიკით, ეს იქნება, უბრალოდ, ლაპარაკი. არის ბაზისური ეკონომიკური საკითხები, მაკროეკონომიკური საკითხები. ერთ-ერთი ასეთი საკითხი სარკინიგზო ხაზია. “

სოხუმი ითხოვს მოლაპარაკების დაწყებას მოსკოვი-სოხუმი-თბილისი- ერევნის სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე, თუმცა იქ ჯერჯერობით არ ამხელენ, რკინიგზის აღდგენის სანაცვლოდ რა შეუძლიათ შესთავაზონ საქართველოს, იმ საქართველოს, რომელმაც გადაწყვიტა იყოს უკომპრომისო საკუთარი ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის მოთხოვნასთან მიმართებაში. ამ საკითხზე რუსეთთან ტონის გამკაცრებამ გარკვეული შედეგი გამოიღო. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2006 წლიდან საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების კანონგარეშედ გამოცხადება მოითხოვა , რუსეთის გენშტაბი ბათუმის და ახალქალაქის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის ახალ ვადაზე - 3-4 წელზე ალაპარაკდა. შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ამ საუბართან დაკავშირებით აღნიშნა, რომ გამოიკვეთა ბაზების გაყვანის საკითხზე მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. თუმცა, როგორც აღნიშნავენ, შეთანხმება შეიძლება იყოს არა 3-4 წელზე, არამედ 1—2 წელზე. ქართველი ექსპერტის კახა კაციტაძის ინფორმაციით, ახალქალაქის და ბათუმის სამხედრო ბაზების გაყვანისთვის სულ რაღაც 6 თვეა საკმარისი:

[კახა კაციტაძის ხმა] “ჩრდილო კავკასიაში არსებული ვითარების სტაბილიზაციისთვის ეს ბაზები რუსეთს არ გამოადგება. ეს ბაზები არის ვირტუალური რეალობისათვის,რომელიც აფიქსირებს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების საზღვარს. თუმცა ეს საზღვრები საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი რევოლუციებისა და მოლდოვას არჩევნების შემდეგ გაქრა. ისტორიის ლოგიკა ითხოვს, რომ რუსები უნდა წავიდნენ. თუ ეს არ იქნება საკმარისი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნდა წაეთრნენ. “

ამის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლებას საგარეო ასპარეზზე სერიოზული ძალისხმევის გამოვლენა მართებს. რაც შეეხება მის საშინაო პრობლემატიკას, გასულ კვირაში კვლავ აქტუალური იყო უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი გამოცდების თემა, ვინაიდან სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების საპროტესტო აქცია შიმშილობის აქციაში გადაიზარდა. სტუდენტები არ დააკმაყოფილა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებამ მათთვის კოლეჯის გამოსაშვები გამოცდების გადავადების შესახებ. ისინი მათ მიმართ გამონაკლისის დაშვებას მოითხოვენ, ანუ მოითხოვენ მიეცეთ საშუალება უმაღლეს სასწავლებელში ძველი წესით მოხვდნენ. გაზეთ” რეზონანსში” გამოქვეყნებულ წერილში ამ სტუდენტებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან თანაგრძნობა გამოუცხადა ასოციაცია “კვალის” პრეზიდენტმა და შეერთებულ შტატებში საქართველოს ასოციაციის განათლების განყოფილების დირექტორმა შოთა ვაშაკიძემ. მისი საკმაოდ საინტერესო წერილი საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობას ეხებოდა. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით შოთა ვაშაკიძეს, ვთხოვეთ აზრის გაზიარება უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობაზე და ვკითხეთ ისიც, თუ რას ნიშნავდა მის მიერ სტუდენტებისთვის გამოხატული თანაგრძნობა - მათი მოთხოვნის გაზიარებას თუ მათ მიმართ, უბრალოდ, ადამიანური თანაგრძნობის გამოხატვას.

[ინტერვიუ შოთა ვაშაკიძესთან]
XS
SM
MD
LG