Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური შეხედულებები


ამ კვირაში საზოგადოების კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა სპეციალური კვლევის შედეგად მომზადებული მოხსენება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს საზოგადოებაში გავრცელებული პოლიტიკური შეხედულებების დადგენასა და შესწავლას.

კვლევის ავტორებმა საფუძვლად შეარჩიეს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპით, საზოგადოებაში არსებული ყველა შეხედულება უფლებამოსილია საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში.

საქართველო უკვე 15 წელია გარდაქმნის ეტაპზე იმყოფება და ცდილობს ძველი პოლიტიკური სისტემა ახალი და ეფექტური ინსტიტუტებით შეცვალოს. ამ პროცესმა ორი პრობლემა წარმოშვა - უშუალოდ დასავლური კონტექსტიდან გადმოტანილი ინსტიტუტები საქართველოში ხშირად არ მუშაობს ან არაეფექტურია, რაც წარმოშობს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც კონსტიტუციურ სახელმწიფოს ააშენებს. საზოგადოების კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევა, გარკვეულწილად, შუალედურ მიდგომას ეფუძნებოდა და მიზნად საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შორის ერთგვარი ხიდის გადებას ისახავდა. კვლევის ავტორები შეეცადნენ იმის დადგენას, თუ რა მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციას საზოგადოების ერთმანეთისგან განსხვავებული წარმომადგენლებისთვის და როგორ აღიქვამენ ისინი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნის პროცესს:

[მარინა მუსხელიშვილის ხმა] ,,საზოგადოებამ თვითონ ერთმანეთს უნდა შეხედოს თვალებში და თვითონ ერთმანეთს მოელაპარაკოს, პირველ რიგში, იმაზე, თუ როგორ სახელმწიფოში უნდათ მათ ცხოვრება. ეს არის ურთიერთობა მოქალაქესა და მოქალაქეს შორის და არა ურთიერთობა მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის.” (სტილი დაცულია)

საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორის მარინა მუსხელიშვილის განმარტებით, კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები კონსტიტუციაზე, რომელიც მისაღები უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის და რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება უნდა იცავდეს. როგორც ირკვევა, საქართველოში ყველას სურს, რომ ცხოვრობდეს დემოკრატიულ და კონსტიტუციურ სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლება არ თვითნებობს, კანონს იცავს და კონსტიტუციას საკუთარი შეხედულებისამებრ არ ცვლის. განსხვავებული მოსაზრებები თავს იჩენს მაშინ, როდესაც ადამიანებს პრიორიტეტების დასახელებას სთხოვენ. შესაბამისად, იკვეთება მათი პოლიტიკური შეხედულებებიც. კვლევის მიხედვით, პირველ ეტაპზე საზოგადოება ორად - ტრადიციონალისტებად და ანტიტრადიციონალისტებად - დაიყო:

[მარინა მუსხელიშვილის ხმა] ,,ტრადიციაზე ორიენტაცია დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინსტიტუტების ლეგიტიმაციის წყაროს ეძებენ წარსულში, ჩვენს იდენტურობაში, ჩვენს თავისებურებაში და რომლებიც ძალიან ხშირად არიან რელიგიურები და ამ ლეგიტიმურობის წყაროს რელიგიაშიც ეძებენ - თუმცა ყველა არა, ნაწილი ამ ადამიანებისა - და რომლებიც ორიენტირებულები არიან ადამიანებს შორის ბუნებრივი ურთიერთობების ხაზგასმასა და პატივისცემაზე.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხებათ ანტიტრადიციონალისტებს, მათ არსებული საზოგადოებრივი ურთიერთობები არ მოსწონთ და მომავალს იმედით უყურებენ:

[მარინა მუსხელიშვილის ხმა] ,,მეტწილად, ეს არის მედასავლეთეობის განცდა, სურვილი, რომ საქართველო სწრაფად განვითარდეს. ზოგჯერ ტრადიციის უარყოფამდეც კი მიდის ეს განწყობა და ეს არის ხალხი, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე, რეფორმებზე და გარდაქმნებზე.” (სტილი დაცულია)

რას აფასებს საზოგადოება პოლიტიკაში და რას აქცევს ყურადღებას? - ამ ფაქტორის კვლევამ ტრადიციონალისტებისა და ანტიტრადიციონალისტების აბსტრაქტული სქემა კიდევ ოთხ ნაწილად დაყო:

[მარინა მუსხელიშვილის ხმა] ,,ერთ-ერთი იქნება პროდასავლურად ორიენტირებული ადამიანები, რომლებსაც უნდათ რაც შეიძლება ჩქარა ჩვენი საზოგადოების მოდერნიზაცია და ნაკლებად განიცდიან იმას, რა გზით იქნება მიღწეული რეფორმები. მეორე კატეგორია ასევე, პირველ რიგში, მომხრეა დემოკრატიის და კონსტიტუციის, გარდაქმნებს სწორედ ამ მიმართულებით ხედავს. ანუ ეს ჯგუფი, პირველ რიგში, იცავს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, კონსტიტუციონალიზმს და სხვა შეზღუდვებს, რომელიც უნდა დაწესდეს ხელისუფლებაში.” (სტილი დაცულია)

ეს ორივე კატეგორია ანტიტრადიციონალისტურია. მათ მსგავსად, პროდასავლურ განვითარებას არც ტრადიციონალისტები ეწინააღმდეგებიან, თუმცა აუცილებლად მიიჩნევენ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას:

[მარინა მუსხელიშვილის ხმა] ,,მიზნებზე ორიენტირებული ტრადიციონალისტებისთვის უფრო მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც სახელმწიფო, ხოლო პროცედურაზე ორიენტირებულებისთვის - ქართველები, როგორც ამ ტრადიციის მატარებლები. ერთიც და მეორეც არის მომხრე თვითმმართველობის, არიან ძალიან ორიენტირებულნი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ერთი სხვაობა არსებობს მათ შორის: მიზნებზე ორიენტირებულ ტრადიციონალისტებს აქვთ ძლიერი ორიენტაცია რელიგიის სტატუსის დაფიქსირებაზე საქართველოს კონსტიტუციაში.” (სტილი დაცულია)

მარინა მუსხელიშვილს მიაჩნია, რომ კვლევის შედეგად გამოკვეთილი შეხედულებების საფუძველზე ნორმალური პოლიტიკური ინსტიტუტების ასაგებად რომელიმე ამ პოზიციის რადიკალიზაცია დაუშვებელია. საკუთარი შეხედულების დაცვით საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთმანეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობა უნდა შეძლონ:

[მარინა მუსხეიშვილის ხმა] ,,საზოგადოება ცოტა უნდა შეეშვას ყურებას ხელისუფლებაზე და ლაპარაკს პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე. იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ერთ სახელმწიფოდ და ვიცხოვროთ ერთი და იმავე ძირითადი წესების მიხედვით, პირველ რიგში, ერთმანეთში უნდა მოვილაპარაკოთ. თუ ჩვენ ერთმანეთში მოლაპარაკება მოვახერხეთ, ვერანაირი ხელისუფლება ვერ გვაჯობებს, თუკი მოინდომებს ამ წესების დარღვევას. ეს არის ნებისმიერი კონსტიტუციის ჭეშმარიტი სიძლიერის ყველაზე საუკეთესო საფუძველი.” (სტილი დაცულია)

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ თუ საზოგადოება გააცნობიერებს, რომ მისი წარმომადგენლები ერთმანეთისგან განსხვავებულნი არიან და რომ საკონსტიტუციო პრინციპებს მხოლოდ რომელიმე ერთი კონკრეტული ჯგუფი არ უნდა განსაზღვრავდეს, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG