Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით არიან დაკავებულნი უშიშროების ოფიცრები სამეურნეო პროფილის სახელმწიფო უწყებებში?


სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსის

ბიძინა გიორგობიანის ირგვლივ ატეხილ სკანდალში ყველაზე უარყოფით კონტექსტში იხსენიებოდა ოფიცერი უშიშროების საკითხებში, რომელიც უწყებაში, ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, თითქოსდა ხე-ტყის უკანონო ბიზნესს ეწეოდა ყოფილ სამხრეთ ოსეთში. ოფიცერი უსაფრთხოების დარგში, ანუ ე.წ. “ოდეერი”, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ბევრჯერ გამხდარა უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობის უკანონო შემოსავლის წყარო, თუმცა ვერავინ იხსენებს შემთხვევას, როდესაც ვინმეს სერიოზული საფრთხე გამოემჟღავნებინოს და აღეკვეთოს. შესაბამისად, კითხვა, თუ ვინ უდარაჯებს დარაჯებს, ისევ აქტუალურია ქართული სპეცსამსახურების ამ - ფორმით ქართული და შინაარსით საბჭოური - ინსტიტუტის მიმართ.


უშიშროების ოფიცრების, საბჭოური ვერსიით, “ოდეერების”, ანუ მოქმედი რეზერვის ოფიცრების, როლისა და მნიშვნელობის გასარკვევად პარლამენტის წევრს, უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს დავით ბაზღაძეს დავუკავშირდი და, პირველ ყოვლისა, ვთხოვე გაეხსენებინა, რამდენად ეფექტური იყო უშიშროების ოფიცრების მუშაობა, სწორედ სახელმწიფო ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. უფრო ზუსტად, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ყოფილა თუ არა შემთხევა, როდესაც ამა თუ იმ უწყებაში მივლენილ უშიშროების ოფიცერს გამოემჟღავნებინოს და აღეკვეთოს სახელმწიფოსთვის საზიანო ქმედება ეკონომიკის, სამხედრო-მრეწველობის, ენერგეტიკის ან უსაფრთხოების სფეროში.
[დავით ბაზღაძის ხმა] “ მე მასეთი მაგალითი არ მახსოვს, ჩემო კარგო, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მე დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურის, ამ “ოდეერის” მიერ რაღაცა სერიზული გაკეთებული საქმე არ ვიცი.”(სტილი დაცულია)

ამის საპირისპირო მაგალითები კი, როდესაც უშიშროების ოფიცრების მართლსაწინააღმდეგო ქმედება სახელმწიფო უწყებას ზიანს აყენებდა, მრავლად მოიპოვება. უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ანდრო გოცირიძე თავის დროზე ანტიკორუფციულ საბჭოში უშიშროების სამინისტროს რეფორმირებაზე მუშაობდა. ანდრო გოცირიძის თქმით, “ოდეერების”, ანუ უშიშროების ოფიცრების, სახით, უშიშროების ყოფილი მინისტრები აკონტროლებდნენ და წილში უსხდებოდნენ მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელებს:

[ანდრო გოცირიძის ხმა] “ეს “ოდეერები”, ხშირ შემთხვევაში, იყვნენ მეკავშირეები უშიშროების სამინისტროებსა და ორგანიზაციას შორის. პირდაპირ შემოდიოდა იმავე ანტიკორუფციულ ბიუროშიც და სხვა ინსტანციებში საწარმოთა ხელმძღვანელების მხრიდან საჩივრები (ზოგჯერ ლეგალურად და ზოგჯერ სიტყვიერ დონეზე), რომ “ოდეერი”, ფაქტობრივად, აიძულებდა მათ ჩართულიყვნენ კორუფციულ საქმიანობაში უშიშროების სამინისტროსთან. უფრო მეტიც, ასეთი “ოდეერები” წარმოადგენდნენ ერთგვარ “კრიშებს” და იმის გარანტიასაც იძლეოდნენ, რომ იმ უწყებაში, სადაც “ოდეერი” იჯდა, არათუ უშიშროება ვერ შევიდოდა, არამედ საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოც.” (სტილი დაცულია)

მაგრამ, მიუხედავად უშიშროების ოფიცრების მიმართ არსებული კრიტიკული დამოკიდებულებისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ინსტიტუტი საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უშიშროების ოფიცრების არეალი შემცირდება და მათი ფუნქციები მკაცრად იქნება განსაზღვრული კანონმდებლობის თანახმად.

[ანდრო გოცირიძის ხმა] “საკითხი დგას შემდეგში: არ შეიძლება “ოდეერს” მისი მივლინების ადგილზე მიენიჭოს ფუნქციონალური დატვირთვა. ანუ ის არ უნდა ერეოდეს საწარმოს ან დაწესებულების მართვაში. მას აქვს კონკრეტულად განსაზღვრული ამოცანა და იგი უნდა უზრუნველყოფდეს ამ დაწესებულების უსაფრთხოებას. ხშირ შემთხვევაში, ეს არის მრჩეველი ან მოადგილე უსაფრთხოების დარგში.”(სტილი დაცულია)

საქართველოს სათავეში ახალი ხელისუფლების შემდეგ “ოდეერების”, ანუ უშიშროების ოფიცრების საქმიანობა საზოგადოების სამსჯავროზე პირველად გასულ კვირაში გამოვიდა და ისევ ნეგატიურ კონტექსტში. სკანდალი ამჯერად სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ბიძინა გიორგობიანის გერმანიაში გაქცევას დაუკავშირდა. რადიო “თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში ბიძინა გიორგობიანმა გაიმეორა, თუ როგორ აიძულებდა დეპარტამენტში მივლენილი უშიშროების ოფიცერი, თვალი დაეხუჭა ხე-ტყის უკანონო ტრანზიტზე, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

[ბიძინა გიორგობიანის ხმა] “ეს თანამშრომლები იყვნენ გოგიტა პაპაშვილი, ე.წ. “ოდეერი”, სამინისტროში მივლენილი უშიშროების ოფიცრები - აი, ძერჟინსკის დროს რომ ჩამოყალიბდა, ის სისტემა ისევ ფუნქციონირებს - ახალგაზრდა გამომძიებელი მაქაცარია და დათა ახალაია, ამ კონსტიტუციური დაცვის დეპარტამენტის უფროსი. ეგენი ფულს აკეთებენ სატყეო დეპარტამენტიდან. ეს ძალიან ბინძური საქმეა. ოსებთან ვაჭრობდნენ რაღაც ქაღლდებით.”

ამ ვითარებაში მტყუანის და მართლის გარჩევა ჟურნალისტისთვის წარმოუდგენელი სირთულის საქმეა. მით უფრო, როდესაც ერთიან შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტეგრირებული უშიშროების სპეცსამსახური კიდევ უფრო ჩაიკეტა საზოგადეობისათვის, ვიდრე ოდესმე. რეპორტაჟზე მუშაობის პერიოდში შეუძლებელი აღმოჩნდა დავკავშირებოდით პასუხისმგებელ პირს, ვინც აგვიხსნიდა, თუ სად რომელ სახელმწიფო უწყებაში და რამდენი უშიშროების ოფიცერი მუშაობს. ჩვენი ყველა ზარი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ავტომოპასუხის “ნადავლი” ხდებოდა.

[ავტომოპასუხის ხმა] “ თქვენ მოხვდით საქრთველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. დატოვეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, თქვენს შესახებ ინფორმაცია და მოგვიანებით დაგიკავშირდებით. გმადლობთ.”

ასეთი კარჩაკეტილობის ვითარებაში კი შეკითხვა, თუ რამდენად ექვემდებარება საზოგადოების მხრიდან დემოკრატიულ კონტროლს “ოდეერის”, ანუ უშიშროების ოფიცრების, მოძველებული საბჭოური ინსტიტუტი, ოდენ რიტორიკულად ჟღერს პოსტრევოლუციურ დემოკრატიულ საქართვლოში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG