Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში საქართველოს ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ ახალ წინადადებას ამუშავებენ


აფხაზეთის, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბახის დე ფაქტო ლიდერები ამ დღეებში მოსკოვში შეიკრიბნენ და აპრილში უკვე სოხუმში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, არა აქვთ იმის ილუზია, რომ ასეთი შეხვედრები სამშვიდობო პროცესს ეხმიანება, თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცის სეპარატისტთა ლიდერების კოორდინირებულ გააქტიურებაში სერიოზულ პრობლემას მაინც არ ხედავენ. 17 მარტს მოსკოვში დასრულდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების სამუშაო შეხვედრა. საქართველოს მხრიდან მასში, ტრადიციულად, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა მონაწილეობდა. მოსკოვში ის შემთხვევით ედუარდ კოკოითისაც შეხვდა. ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ ის და სერგეი ბაღაფში საქართველოს ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ ახალ წინადადებას ამზადებენ.

აფხაზეთის, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბახის ლიდერების მოსკოვში შეხვედრასთან დაკავშირებით გაზეთმა “კომერსანტმა” გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვით ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში, შესაძლოა, კონფლიქტების გადაწყვეტის ახალი იდეით გამოვიდნენ. “ლაპარაკია საქართველოსთან საერთო სახელმწიფოს შექმნაზე ფედერალიზმისა და მხარეთა თანასწორობის პრონციპებზე, “ - აღნიშნავს “კომერსანტი”.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “არის ასეთი ინფორმაცია. გუშინ მე შემთხვევით შევხვდი ედუარდ კოკოითის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მანაც მითხრა, რომ რაღაც ახალი წინადადება მზადდება მათი მხრიდან. დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებენ. “

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შემთხვევით შეხვდა, თუმცა თავად კოკოითი იქ შემთხვევით ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. უნდა ვიგულისხმოთ თუ არა მის მიერ ნახსენებ ახალ წინადადებაში ფედერალიზმის პრინციპებზე საქართველოსთან საერთო სახელმწიფოს შექმნის წინადადება, ამის თქმა გიორგი ხაინდრავას არ შეუძლია, თუმცა აღნიშნავს, რომ არსებობს ინფორმაცია ასეთი წინადადების განხილვისა თუ მზადების თაობაზე.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში 18 მარტს მოსკოვში დავუკავშირდით და კომენტარი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების სამუშაო შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებაზეც ვთხოვეთ. ვგულისხმობთ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესის გაგრძელების შესახებ შეთანხმებას.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “არც გუშინ და არც გუშინწინ არაფერი ახალი არ დაგეგმილა, ყველაფერი დაიგეგმა ადრე. უბრალოდ, ნოემბერში ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის სოჭის შეხვედრის შემდეგ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა ამის განხორციელება. “

სოჭის შეხვედრის შემდეგ დემილიტარიზაციის პროცესი მხარეებმა, მართლაც, დაიწყეს, მაგრამ პროცესი მალევე შეწყვიტეს - მკაცრი კლიმატური პირობების და არამარტო ამის გამო. როგორც ჩვენი გორელი კორესპინდენტი გოგა აფციაური აღნიშნავს:

[გოგა აფციაურის ხმა] “ქართულ მხარეს 10- ჯერ ნაკლები საინჟინრო ნაგებობა გააჩნდა, ვიდრე ოსებს. ქართველები აცხადებდნენ, რომ პირნათლად შეასრულეს პირობა - ამოავსეს სანგრები და გაიყვანეს შეიარაღებული ძალები. სხვათა შორის, ამ დროისთვის ქართულ მხარეს სამშვიდობო ძალებიც იმაზე ნაკლები ჰყავს, ვიდრე კვოტით ეკუთვნის. “

შეთანხმების შესრულება თავის დროზე ოსებმაც დაიწყეს, სანგრები მათაც ამოავსეს, თუმცა ჯავის რაიონიდან შეიარაღებული ძალები არ გაიყვანეს და ამის გამო ეუთოს მისიის კრიტიკაც დაიმსახურეს. ის, რის გაკეთებაც აქამდე ვერ მოხერხდა, გიორგი ხაინდრავას თქმით, აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაიწყოს და ივნისისთვის დასრულდეს. თუმცა, ვნახოთ.
XS
SM
MD
LG