Accessibility links

logo-print

”საპრივატიზებო მარათონის” მიმდინარეობა ხელისუფლებას უკვე დისკომფორტს უქმნის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას სახელმწიფო ქონების პრივატიზების თემა კვლავ აქტუალური იყო. როგორც ჩანს, ერთი თვის წინ დიდი პომპეზურობით გაყიდული ”საქართველოს საოკეანო

სანაოსნოს” ირგვლივ ახალი სკანდალი გორდება. თავის დროზე ამ ობიექტის პრივატიზება ოპოზიციამ ხმაურის ასატეხად გამოიყენა და მთავრობა პრივატიზების ფარულ განხორციელებაში დაადანაშაულა, ხოლო ხელისუფლებამ, პირიქით, სანაოსნოს პრივატიზება საქართველოს ისტორიაში ყველაზე სარფიან გარიგებად აღიარა და ეფექტური პიარაქციაც მოაწყო.

სანაოსნოს მიმართ მოვლენები, მართლაც, უცნაურად ვითარდებოდა და გარიგების დეტალები, პირდაპირ ეთერში მოწყობილი ”საპრივატიზებო მარათონების” მიუხედავად, ბურუსით იყო მოცული. ჯერ კიდევ 2004 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ჟვანიამ წინასწარ მოაწერა ხელი დანიურ შეთანხმებას ”გრინოუქ ჯგუფთან”, რომელსაც, სანაოსნოს გარდა, მიმდებარე ინფრასტრუქტურა, ნავთობის ბაზა და მიწის ფართობი უნდა გადასცემოდა საკუთრებაში. ამ წინასწარმა ოქმმა ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია, მთავრობა კი აცხადებდა, რომ ნილსენის კომპანია სანაოსნოს ლამის ერთადერთი და ყველაზე მეტი თანხის გადამხდელი პრეტენდენტი იყო. ოპოზიციის მხრიდან ატეხილი ხმაურის შემდეგ სანაოსნოს მოსაპოვებლად 7-მა სოლიდურმა კომპანიამ გააკეთა განაცხადი და მათ მიერ შემოთავაზებული თანხებიც არ ჩამოუვარდებოდა ”გრინოუქ ჯგუფის” წინადადებას. საბოლოოდ, ეს ობიექტი ბრიტანულ-ავსტრალიურ კონსორციუმზე Armstrong Holding ISP-ზე 161 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.
ამ თანხიდან 72 მლნ აშშ დოლარი გერმანიის ბანკების მიმართ ”საოკეანო სანაოსნოს“ ვალის დაფარვას უნდა მოხმარებოდა, ხოლო 89 მლნ აშშ დოლარი პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტისათვის იყო განკუთვნილი. გარიგების შემდეგ შედგა სპეციალური გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ბრიტანულ-ავსტრალიურ კომპანიას თანხები უნდა გადაეხადა. გასულ კვირას ცნობილი ხდება, რომ Armstrong Holding-ი შეთანხმებას არღვევს და დღემდე ამ კომპანიის მხრიდან საქართველოს ბიუჯეტში ერთი ცენტიც არ არის გადახდილი. ამ ფაქტმა, ბუნებრივია, ოპოზიციას სრულიად სამართლიანად მისცა ახალი სკანდალის აგორების საბაბი.

სანაოსნოს პრივატიზების პირობების დარღვევით საქართველოს მთავრობა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ სიტუაციაში ვარდება. უკვე მომავალ კვირას მთავრობა საკანონმდებლო ხელისუფლებაში სახელმწიფო ბიუჯეტის 450 მლნ. ლარით გაზრდის წინადადებით უნდა შესულიყო. ეს ის 450 მილიონია, რომელის ძირითად ნაწილს პრივატიზებიდან წელს მისაღები თანხები შეადგენს. თავის მხრივ, ამ თანხებში სანაოსნოს განკერძოებით შემოსულ ფულს ”ლომის წილი” ეჭირა. დღეს ირკვევა, რომ სანაოსნოს პრივატიზების თანხები არათუ არ არის მიღებული, შესაძლოა, უკვე არსებული შეთანხმება გადასახედი გახდეს და მთავრობამ ახალი მფლობელი ეძებოს. სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძეს ამ უხერხულ სიტუაციაში ის ამშვიდებს, რომ, ”გადამგდები” Armstrong Holding–ის გარდა, ”საპრივატიზებო მარათონში” სხვა პრეტენდენტებიც მონაწილეობდნენ და ერთი თვის წინ ზარ-ზეიმით გაფორმებული შეთანხმება ინდულგენცია არ არის, რომ გადახედვას არ დაექვემდებაროს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ყველა უნდა გრძნობდეს, რომ კონკურენტი ჰყავს და გამარჯვება არ ნიშნავს, რომ ინდულგენცია მიიღო და მერე ნებისმიერ პირობებზე საქართველოს მთავრობას ”გადაღუნავ-გადმოღუნავ”. თუ Armstrong Holding-მა რაღაც პატარა პუნქტი დაარღვია, ჩვენ ავტომატურად გადავალთ სხვა სიტუაციაში.”(სტილი დაცულია)

ამ სიტუაციიდან იდენტურ გამოსავალს ხედავს პრემიერი ზურაბ ნოღაიდელიც, რომელიც უკვე მომავალ კვირას გვპირდება სხვა კონკურენტებთან მიღწეული გარკვეული შედეგების გამოცხადებას:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ჯერჯერობით მოლაპარაკებები გრძელდება სამ, ასე ვთქვათ, ძირითად ზედა გამარჯვებულთან, სამ ძირითად კონკურენტთან. მომავალ კვირაში გეტყვით შედეგებს, როცა დავამთავრებთ მოლაპარაკებებს.”(სტილი დაცულია)

პრივატიზების თემამ გასულ კვირას კიდევ ერთ, და ხელისუფლებისათვის ასევე არცთუ მომგებიან, კონტექსტში გაიჟღერა. ბოლო პერიოდში უცხოელი დონორები თავიანთ უკმაყოფილებას არ მალავენ ენერგოობიექტების ტოტალური პრივატიზების პროექტის მიმართ. ევროპელი დონორებისა და ინვესტორების გარკვეულ პროტესტს გასულ კვირას აშშ-ის იმ წარმომადგენელთა არცთუ მოკრძალებული შენიშვნებიც დაემატა, რომელთაც მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების იდეა მაინცდამაინც არ ხიბლავთ. ამ გაზსადენის ყიდვის ერთადერთ რეალურ კანდიდატად რუსული ენერგოგიგანტი სახელდება, რაც არ შედის ოკეანისგაღმელი პარტნიორების ინტერესში. ამ შენიშვნებმა აიძულა პრემიერი საჯაროდ დაეფიქსირებინა, რომ საქართველო მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”რაც შეეხება მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებას, ამ საკითხს ჩვენ უახლოეს მომავალში არ ვიხილავთ და, შესაბამისად, ამ საკითხზე მსჯელობასაც ჯერჯერობით აზრი არა აქვს.”

რამდენად დამაჯერებელი იქნება ამგვარი განცხადებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის, ეს დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების რეალიზაციასა და დახმარებების ოდენობას უახლოეს მომავალში დაეტყობა. თუმცა ის, რომ მთავრობა თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში და თუნდაც ამ პოლიტიკის ერთ ნაწილში, რაც პრივატიზებას ეხება, მაინცდამაინც თანმიმდევრული არ არის, ეს უკვე ამ ეტაპზევე ნათელია.
XS
SM
MD
LG