Accessibility links

logo-print

მოვლენებითა და პრობლემებით დატვირთული გასული კვირა, ბუნებრივია, ქართულ პრესაშიც აისახა.


დავით პაიჭაძე, თბილისი მოვლენებითა და პრობლემებით დატვირთული გასული კვირა, ბუნებრივია, ქართულ პრესაშიც აისახა. სამედიცინო კოლეჯის მოსწავლეთა აქცია, სატყეო დეპარტამენტის

თავმჯდომარის მოულოდნელი ემიგრაცია, განაცხადი რუსეთიდან სამხედრო ბაზების გაყვანის სავარაუდო ვადის შესახებ... მაგრამ კვირა დაიწყო შიდა ქართლის პოლიციელთა კონტრაბანდაში მხილებით.

კონტრაბანდულ ტვირთს საპატრულო და სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები აცილებდნენ. დააკავეს ქარელის პოლიციის უფროსი ბესიკ გიორგაშვილი. დაკავების მიზეზი კონტრაბანდის მფარველობა გახდა, – წერს გაზეთი “24 საათი” და დასძენს, რომ გიორგაშვილის დაპატიმრებას შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსის ალეკო სუხიტაშვილის გადაყენება მოჰყვა. ალეკო სუხიტაშვილი ჯერ კიდევ მაშინ იყო მიჩნეული ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრად, როცა იგი შიდა ქართლის გუბერნატორი იყო, მიხეილ ქარელი კი - მისი მოადგილე. სუხიტაშვილი იყო ერთადერთი პოლიციელი, რომელმაც, მავანთა მიერ რამდენიმე ანტიკონტრაბანდული ოპერაციის გაყიდვის შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილის ნდობა ბოლომდე შეინარჩუნა. ახლა კი სუხიტაშვილი კონტრაბანდული გზების აღდგენის ეჭვით გაათავისუფლეს თანამდებობიდან, – წერს “24 საათი”.


“ხელისუფლებამ კოლეჯის მოსწავლე სტუდენტები შტურმით დაშალა. სამი დაზარალებული საავადმყოფოში მოხვდა. ომონელები შემოერტყნენ ბავშვებს, კარავს მთლიანად გადაუარეს, დაშალეს, მერე კი ჯოხებით, რომელიც თვითონ კარავს ჰქონდა, ურტყეს ამ ბავშვებს, გოგონები კარვებში ჩაჭყლიტეს,” – ამის წაკითხვა გასულ კვირაში გაზეთ “ალიაში” შეგეძლოთ. თუმცა, დაშავებულთა არარსებობის გამო და აქციის უკარვოდ გაგრძელების შემდეგ, ქართული პრესა მალე გადაერთო სხვა საკითხებზეც. სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა გიორგობიანის გერმანიაში გაქცევამ და მის მიერ ვიდეოჩანაწერით შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლეს ჩინთა დადანაშაულებამ უცებ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. “გატყიურება საქართველოს მთავრობაში” – ასე დაასათაურა გაზეთმა “რეზონანსმა” წერილი, სადაც გვამცნობს, რომ გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს და აცხადებს: დაპირისპირების უკან ძალოვნებზე წილის გაუცემლობა და ხე-ტყის უკანონო ბიზნესისათვის გზების გადაკეტვა დგასო. გაზეთი შეახსენებს მკითხველს, რომ კორუფციასთან დაკავშირებით მერაბიშვილის სახელი ერთი წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროსაც გაისმა, როცა პარლამენტარი გიორგი კენჭაძე დააკავეს.


მერაბიშვილს გიორგობიანის იგნორირება არ გამოუვა – ირწმუნება გაზეთი “ხვალინდელი დღე” და მოჰყავს ექსორიაქმნილი გიორგობიანის სიტყვები: “როცა დავატყობ, რომ საქმეს დასჭირდება, სხვა მასალებსაც გამოვაგზავნი. საქართველოში ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ახალქალაქის სატყეო მეურნეობის დირექტორს ჩემს წინააღმდეგ ჩვენება დააწერინეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვეს ციხიდან. უშიშროებაში პერიოდულად მიბარებდნენ დაკითხვაზე. ჩემი დაკავებაც სურდათ”. ამავე ინციდენტთან დაკავშირებით გაზეთი “ახალი თაობა” წერს, რომ მერაბიშვილი გიორგობიანთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ხოლო გაზეთი “რეზონანსი” გიორგობიანის ამბავს ასეთ კონტექსტში ათავსებს: “მერაბიშვილმა და ადეიშვილმა პრეზიდენტს ამბავი მიუტანეს, ირაკლი ოქრუაშვილის დანიშნული ხალხი შიდა ქართლში კონტრაბანდაშია გახვეულიო. მეორე დღეს სატყეო დეპარტამენტის უფროსმა მერაბიშვილს ხე-ტყის ბიზნესის ამბავი გაუხსენა. მესამე დღეს ვანო მერაბიშვილის ახლობელი (მისი სიახლოვე, მეუღლიდან გამომდინარე, მუსიკალურ წრეებთან ცნობილია), რუსა მორჩილაძის მეუღლე, გატაცებასთან დაკავშირებულ სკანდალში ამხილეს. მეოთხე დღეს მერაბ ჟორდანიას შეუტიეს, რომელიც ასევე მერაბიშვილის ოჯახთან დაახლოებული კაცია. მისი და, ხათუნა ჟორდანია, და ვანო მერაბიშვილის მეუღლე ერთად მოგზაურობდნენ დასავლეთ ევროპაში. მერაბიშვილის გარშემო გახშირებულ სკანდალებში ირაკლი ოქრუაშვილის ხელს ხედავენ,” – წერს “რეზონანსი”.


რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში ყოფნა-არყოფნის საკითხს ეხება გაზეთი “ახალი შვიდი დღე”. “რუსეთი არათუ ბაზების გასაყვანად ემზადება, არამედ ახდენს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბაზების აღდგენა-გამოცოცხლებას: მიმდინარეობს თბილისის გარნიზონში არსებული სამხედრო ობიექტებიდან საქართველოდან გასატანი შეიარაღებისა და ტექნიკის ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებში გადანაწილება.ცდილობენ მომსახურე პერსონალის რიცხვის გაზრდასაც. ამასთან, ბათუმში, ტურისტული ინდუსტრიის ზონაში, სისტემატურად იმართება სამხედრო წვრთნები.” რუსეთთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პრობლემას – ამ ქვეყნის კომპანიის, “გაზპრომისათვის”, საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვის საკითხს ეხება გაზეთი “ახალი ვერსია”, რომელსაც მოჰყავს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ მაილსის სიტყვები: “საუბარი იმაზე, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენმა კომერციული და სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა, უსაფუძვლოა, რადგან საქართველომ გაზსადენზე კონტროლი უნდა შეინარჩუნოს და ენერგოპოლიტიკის საკითხი ნათელი და გამჭვირვალე გახადოს.”


“სერგეი ბაღაფში თანახმაა, მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს, თუმცა იგი ჯერჯერობით მხოლოდ ეკონომიკური საკითხების განსახილველად არის მზად,” - იუწყება გაზეთი “ხვალინდელი დღე”. ქართული მხარისთვის ესეც მისაღებია, რადგან არსებობს შანსი, რომ აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განხილვას მოჰყვეს პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგის დაწყებაც. ქართულ მხარესთან სათანამშრომლოდ პროექტების განხილვას სეპარატისტებს უკვე რუსი ექსპერტებიც ურჩევენ. მიზეზი მარტივია: რუსეთის მცდელობის მიუხედავად, აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელება სეპარატისტული ხელისუფლებისათვის სასურველი მასშტაბებით ვერ ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბაღაფშისა და სააკაშვილის მოსალოდნელ შეხვედრას ორივე მხარე “დადებით იმპულსად” აფასებს, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ხანგრძლივი შეფერხების შემდეგ ამ შეხვედრიდან განსაკუთრებულ შედეგებს, ალბათ, არავინ ელის, - ვარაუდობს “ხვალინდელი დღე”.


გაზეთი “რეზონანსი” კი მკითხველს ატყობინებს, რომ სერგეი ბაღაფშის დაპირება, გალში ქართულ მოსახლეობას აღარ ააწიოკებენო, მხოლოდ დაპირება არ ყოფილა. გალში ადგილობრივი მოსახლეობისგან იქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ქართულ სოფლებს ყაჩაღური თავდასხმებისგან დაიცავენ. გალის მილიციაში უკვე ქართველების მიღებაც დაშვებულია. გალიდან ფეხი ამოიკვეთა ცნობილმა აფხაზმა კრიმინალმა ვოლმერ ბუტბამ და მისმა რაზმმა, რომელიც პერიოდულად აწიოკებდა ქართველებს. როგორც ჩანს, არძინბას დროს განებივრებულ ოფიციალურ და არაოფიციალურ ბანდიტურ დაჯგუფებებს ბაღაფში-ანქვაბის ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა, - წერს “რეზონანსი”.

დაბოლოს, გაზეთ “24 საათის” ინფორმაციით, მაღაზიებში, შესაძლოა, ქართული ყველი და ხორცი აღარ გაიყიდოს. გაზეთი ამ აკრძალვას უკავშირებს ვეტერინარიის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად ჯამბულ მაღლაკელიძის დანიშვნას. მაღლაკელიძე აცხადებს: ამა წლის 1 ივნისიდან ყველა ბაზარს, ბაზრობასა და სავაჭრო ობიექტს, რომელიც ხორცს გაყიდის, მოუწევს საკუთარი ლაბორატორიის გახსნა, ლაბორატორიას კი ვეტერინარიის სამსახური გააკონტროლებს. ვერც ერთი სავაჭრო ობიექტი, სადაც არ იქნება სპეციალური ლაბორატორია, ქარხნული წესით დამზადებული ხორცისა და რძის პროდუქტების გარდა, სხვა პროდუქტს ვერ გაყიდის. ვეტერინარია ქვეყანაში კომუნისტების დანატოვარის ამარა არსებობს. მიჩნეულია, რომ ის კი არ ფუნქციონირებს, არამედ ყვლეფაზეა გადასული. თუმცა საკმარისია ბაზარში რაიმე დაავადების შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს, მაშინვე ამ უწყებისკენ ვიშვერთ ხელს, - წერს “24 საათი”.
XS
SM
MD
LG