Accessibility links

logo-print

მერაბ კოკოჩაშვილი – 70


21 მარტს ცნობილ ქართველ რეჟისორს,

60-იანი წლების ქართული კინოს ერთ-ერთ ლიდერს, ეროვნული კინოკლასიკის შედევრად აღიარებული ფილმის, “დიდი მწვანე ვეილს”, ავტორს, მერაბ კოკოჩაშვილს, 70 წელი შეუსრულდება. მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედებას ეძღვნება ჩვენი დღევანდელი ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნე”.

მერაბ კოკოჩაშვილი 5 წლის იყო, როცა მიხეილ ჭიაურელმა პაატას როლზე დაამტკიცა ფილმში “გიორგი სააკაძე”. 5 წელი ის ასაკია, როცა ბავშვები უხერხულ კითხვებს სვამენ ხოლმე, სამყაროს შეცნობისა და გააზრების ასაკი. 5-6 წლის ბავშვებს ეგრეთ წოდებული “ბუნებითი შიშები” ახასიათებთ, თვითგადარჩენის ინსტინქტი მათ განსაკუთრებით უმძაფრდებათ.

1940 წელს, როცა მიხეილ ჭიაურელმა “გიორგი სააკაძის” გადაღება დაიწყო, მთელი ქვეყანა 5-6 წლის ბავშვს ჰგავდა. ხალხი არა მოზრდილი ადამიანისთვის ტიპიური “სოციალური შიშით”, არამედ სწორედაც რომ “ბუნებითი შიშით” ცხოვრობდა. სიკვდილის შიში, დაგვიანებისა და დასჯის შიში, რომელიც ბავშვს 5 წლის ასაკიდან უძლიერდება, მთელ ქვეყანას მოედო. მერაბ კოკოჩაშვილის თქმით, “გიორგი სააკაძის” მხატვრებმა, ოპერატორმა დიღმელოვმა და, ცხადია, მიხეილ ჭიაურელმა ფილმის ესთეტიკა შიშისა და ხიფათის განცდაზე ააგეს:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] "საიდანღაც გავიგე, რომ თავი უნდა მომჭრან... პავილიონი დიღმელოვის განათებული იყო, ბინდბუნდი იყო, წვერიანი ხალხით სავსე. რომ გამიყვანდნენ ხოლმე ამ ჩაბნელებულ პავილიონში, სულ ვფიქრობდი, რომ ეხლა წყვდიადში შემათრევენ და მომჭრიან თავს. მერე ცოტა დავმშვიდდი, როცა გავიგე, რომ თავი სპარსელებს უნდა მოეჭრათ, იმ პავილიონში კი სპარსელები არ იყვნენ.” (სტილი დაცულია)

სპარსელები არ იყვნენ, მაგრამ მტრის ხატი მაინც არსებობდა. “გიორგი სააკაძე” ჭიაურელს სწორედ მტრის ხატის დამკვიდრებისა და მოსალოდნელი ომის წინ მტრის წინააღმდეგ მობილიზაციის მიზნით დაუკვეთეს. “გიორგი სააკაძე”, ერთი მხრივ, მომავალი რეჟისორის კინემატოგრაფიული ნათლობა გახდა, მეორე მხრივ კი, ხიფათის განცდა – სიურრეალისტური სანახაობა, გათამაშებული არა ბუნებაში, არამედ ცივი და სქელი კედლებით შემოფარგლულ პავილიონ-ცხრაკლიტულში, სადაც კოკოჩაშვილის გმირს, პაატას, საშინელი სიკვდილი მოუმზადეს ავტორებმა:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “ასისტენტს აგზავნიდა ხოლმე ჩემთან ჭიაურელი, ასისტენტი კი ქონდრისკაცი იყო და, მახსოვს, ერთ გადაღებაზე არ მინდოდა ძალიან წასვლა, საწოლის ქვეშ შევძვერი. ეს ასისტენტი მოვიდა, გაიღო ჩვენი ბინის კარი და, კარგად მახსოვს, არც კი დაკუზულა, ისე მიყურებდა ეს ქონდრისკაცი, ლოგინის ქვეშ როგორ ვიყავი დამალული - მომკიდეს ხელი, წამიყვანეს. ეს იყო კოშმარი, ეს დღე. რაღაც ქუსლები გამიკეთეს ფეხსაცმელებზე, ვითომ უფრო დიდი უნდა ვყოფილიყავი. ამასობაში ხომ თავს უგზავნიან გიორგი სააკაძეს - მე მაქანდაკებდნენ, რათა თავი ჩაედოთ მერე იმ ყუთში და, აი, მაშინ გავიგე, რომ უნდა მოეკვეთათ ეს თავი - აკეთებდნენ და ვფიქრობდი, რისთვის უნდათ ნეტა ეს თავი, ალბათ, მომჭრიან და მერე დაიდგამენ და მიყურებენ. - მოკლედ, ჩემი პირველი შეგრძნებები კინოდან იყო კოშმარული.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად კოშმარული კინოშეგრძნებებისა, ეს “კინემატოგრაფიული ნათლობა” სავსებით საკმარისი გახდა იმისათვის, რომ მოგვიანებით მერაბ კოკოჩაშვილს მიეღო გადაწყვეტილება, ჩაებარებინა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირი ინსტიტუტში, რომელიც მან 1960 წელს დაამთავრა, ზუსტად იმ დროს, როცა ქვეყანაში უახლესი წარსულის გადაფასების პროცესი დაიწყო, როცა სტალინის საყვარელ რეჟისორს, კოკოჩაშვილის “ნათლიას” კინოში, მიხეილ ჭიაურელს, სამუშაოს ძებნა შორს, სვერდლოვსკის კინოსტუდიაში მოუხდა... როცა კინემატოგრაფისტთა ახალმა თაობამ ყველაფერს ხელოვნურს, გამოგონილს, ყველაფერ პომპეზურსა და ბუტაფორიულს დაუწყო ბრძოლა, როცა ბუნება და ბუნებრიობა ახალი კულტურის განუყოფელ სახედ იქცა.

ბუნება და ბუნებრიობა ხდება წამყვანი მერაბ კოკოჩაშვილის საკურსო ფილმში “ხმელი წიფელი”, ვაჟა ფშაველას პირველ წარმატებულ ეკრანიზაციაში... ბუნება და ბუნებრიობა უპირისპირდება აღზრდის ძველ მეთოდებს, ოჯახურ ( და არამარტო ოჯახურ) ავტორიტარიზმს კოკოჩაშვილის ფილმში “არდადეგები”, ბუნება და ბუნებრიობა იმარჯვებს სიყალბესა და გაუბედაობაზე მის შემდეგ სურათში “მიხა”, დაბოლოს, ბუნებასა და ბუნებრიობას არ თმობს მწყემსი სოსანა მერაბ კოკოჩაშვილის საუკეთესო ფილმში “დიდი მწვანე ველი”. 1967 წელს გადაღებულ ამ სურათს ზიგიერთი კრიტიკოსი დღემდე საუკეთესოდ მიიჩნევს ქართული ხმოვანი კინოს ისტორიაში. იცვლება ეპოქები, თაობები, მაგრამ ამბავი მწყემსზე, რომელიც ვერ ელევა მამა-პაპის ტრადიციებს, თავის კერას, ე.ი. “თავის ბუნებას”, განუწყვეტლივ ახლებურად აღიქმება. “დიდ მწვანე ველში” დრო ცვლის აქცენტებს, თავად დრო ამდიდრებს ფილმს აზრით და თავად დრო ამტკიცებს, რომ კოკოჩაშვილს არ გადაუღია ეგრეთ წოდებული “აქტუალური ფილმი”... ამიტომაცაა, ალბათ, რომ მაყურებლის უმრავლესობა და ოფიციალური კრიტიკა “დიდი მწვანე ველის” პრემიერას საკმაოდ ცივად შეხვდა. პრესაში დაიბეჭდა დაკვეთილი სტატიები, სათაურით “როცა მაყურებელი დარბაზს ტოვებს” და ა.შ... სურათის ღირსებები მხოლოდ მოგვიანებით გამოიკვეთა, განსაკუთრებით დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, როცა იდენტურობის შენარჩუნების პრობლემა მთელ მსოფლიოს აღელვებს. გასულ წელს, რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში, სოსანას როლის შემსრულებლის, დოდო აბაშიძის ვაჟმა, ზაზა აბაშიძემ, განაცხადა, რომ დიდი მსახიობი სწორედ სოსანას მიიჩნევდა თავის მთავარ გამარჯვებად:

[ზაზა აბაშიძის ხმა] “რამდენადაც მე მახსოვს, არ ლაპარაკობდა თავის პროფესიაზე, მაგრამ ეს როლი თავის საუკეთესო როლად მიაჩნდა, სულ იმას განიცდიდა, მე ვეუბნებოდი მერაბს, იქნებ ეს თემა გააგრძელოო, იმიტომ, რაც გავაკეთე, მე და მერაბი ძალიან კმაყოფილი ვართო... ჯერ ერთი, ყველაზე ღრმა იყო და თვლიდა, რომ ყველაზე ახლოს იდგა სოსანასთან, ყოველ შემთხვევაში, მეუბნებოდა, ისე ვიყავი შეზრდილი იმ კაცში, რომ სოსანასავით ცხოვრება მინდოდაო.” (სტილი დაცულია)

სოსანა არ იყო ეგრეთ წოდებული “სამაგალითო გმირი”, რომლის შექმნას დაჟინებით მოითხოვდა საბჭოთა იდეოლოგია. ასეთი პერსონაჟები მერაბ კოკოჩაშვილს არც მოგვიანებით გადაღებულ სურათებში შეუქმნია – არც “მწვერვალში”, არც ფილმში “გზა მშვიდობისა, ჯაყო”... უფრო მეტიც, სატელევიზიო დოკუმენტურ სერიალში, სახელწოდებით “გზა”, რომელიც ქვეყნის ისტორიის ეკრანიზაციის პირველი ცდაა ჩვენს კინოში, კოკოჩაშვილმა ყურადღება გაამახვილა ადამიანურ, ყოფით დეტალებზე და არა გმირულ-პათეტიკურ მოტივებზე. “გზა” თბილისის სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღეს, ამიტომ მოსკოვმა ვერ შეძლო კოკოჩაშვილის დოკუმენტური სერიალის აკრძალვა. თანაც, ეს სულ სხვა დროა, "პერესტროიკის" ეპოქა, როცა უკვე შეიძლებოდა ეროვნული კულტურის ისტორიაზე თავისუფალი საუბარი.

არ შეიძლებოდა რამდენიმე წლით ადრე – ეგრეთ წოდებულ “ზასტოის ეპოქაში”, როცა წელიწად-ნახევრის დაგვიანებით ეკრანებზე გამოვიდა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი “ცხელი ზაფხულის სამი დღე”. დღეს ეს ძალიან მოკრძალებული ადამიანი, შესაძლებელია, ერთადერთი ქართველი კინორეჟისორი, რომელიც არასდროს გაღიზიანებულა კრიტიკოსთა შენიშვნებზე, პირიქით, ყოველთვის ამბობდა, მითხარით, რა არ მოგწონთ ჩემს ფილმებშიო, მერაბ კოკოჩაშვილი აღიარებს, რომ ფილმმა “ცხელი ზაფხულის სამი დღე” დაასწრო ეპოქას:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “უკვე 83 წელს ელდარ შენგელაია იღებს “ცისფერ მთებს”, თენგიზ აბულაძე - “მონანიებას” და თენგიზი ამბობს, რომ ედუარდ შევარდნაძე იყო მისი რედაქტორი. ყველგან მიდის პროცესი იმის შეგნებისა, რომ ეს ქვეყანა დიდხანს ვერ გაძლებს და საჭიროა შემუშავდეს საფუძველი, რათა რაღაცნაირად გადავიდეს სხვა სისტემაში... უბრალოდ, “ცხელი ზაფხულის სამი დღე” ცოტა ნაადრევი იყო და ამიტომაც გაუჭირდა.”

რატომ გაუჭირდა კოკოჩაშვილის ამ ფილმს, რა დაინახეს და რა მოეჩვენათ აქ საბჭოთა იდეოლოგებს, ამ თემაზე ერთი კვირის შემდეგ ვისაუბრებთ. დღევანდელი პროგრამა კი ახლა უკვე 70 წლის ქართველი კინორეჟისორის სიტყვებით დავასრულოთ. მერაბ კოკოჩაშვილი “ცხელი ზაფხულის სამ დღეზე” საუბრობს, თუმცა აქ თავის შემოქმედებით კრედოსაც აყალიბებს:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “ფილმში პირდაპირაა დასმული კითხვა: ნინელის ეკითხებიან, რაში ხედავთ ცხოვრების აზრსო. ნინელი უპასუხებს, ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოსო... ჩვენ არ ვიხარჯებით ბოლომდე.”
XS
SM
MD
LG