Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების საპროტესტო აქციაზე ახალი მოთხოვნები გაჩნდა


სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების საპროტესტო აქცია ახალ ფაზაში შევიდა: სამედიცინო უნივერსიტეტში, ერთიანი გამოცდების გვერდის ავლით,

ძველი წესით ჩაბარების მოთხოვნას სტუდენტებმა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორად რამაზ ხეცურიანის დატოვების მოთხოვნა დაუმატეს. საქმე ის გახლავთ, რომ ორშაბათს განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ პრეზიდენტს ხეცურიანის თანამდებობიდან დათხოვნის მოთხოვნით მიმართა . მოთხოვნის მოტივად ლომაიამ ხეცურიანის მიერ უნივერსიტეტის რეფორმის გეგმის შეუმუშავებლობა დაასახელა, თუმცა არსებობს აზრი, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებს საპროტესტო აქციისკენ უბიძგებდა და ის ამის გამოც ისჯება. კოლეჯის სტუდენტთა ნაწილი რამდენიმე დღეა შიმშილობის აქციას ატარებს.

სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები თუ განთლების მინისტრს კახა ლომაიას დაუპირისპირდნენ, ლომაიამ იერიში სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ რამაზ ხეცურიანზე მიიტანა და პრეზიდენტს თანამდებობიდან მისი გადაყენების მოთხოვნით მიმართა.

[კახა ლომაიას ხმა] "პრეზიდენტის სახელზე ხელი მოვაწერე წარდგინებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის რამაზ ხეცურიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ."

მოთხოვნის საფუძვლად ლომაიამ ის დაასახელა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა კანონით განსაზღვრულ ვადაში ვერ წარმოადგინა სამედიცინო უნივერსიტეტის რეფორმის გეგმა. აღნიშნულ იქნა სხვა მოტივაციაც. განათლების მინისტრმა ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა მისთვის პროკურატურის მიერ მიწოდებული ფოტოები, რომლებზეც მცირეხელფასიანი რექტორის ძვირად ღირებული უძრავი ქონება იყო ასახული. ხეცურიანის წინააღმდეგ გამოსვლისას კახა ლომაიამ თქვა ისიც, რომ სამედიცინო კოლეჯსა და სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ძალითაც კოლეჯის სტუდენტები გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებით ავტომატურად უნივერსიტეტში ირიცხებოდნენ, უსამართლო და არაკანონიერი იყო. ეს ხელშეკრულება სწორედაც რომ ხეცურიანის რექტორობისას გაფორმდა. ერთი სიტყვით, აშკარაა, რომ ხეცურიანის წინააღმდეგ განათლების მინისტრის გამოსვლა სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლებმა დააჩქარა. მით უფრო, არსებობს აზრი იმის შესახებაც, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა კოლეჯის მოშიმშილე სტუდენტებს შიმშილობის შეწყვეტისკენ, ასე ვთქვათ, საჩვენებლად მოუწოდა, სინამდვილეში კი, მათ მხარდამჭერად ევლინებოდა. ასეა თუ ისე, ხეცურიანი აცხადებს, რომ კახა ლომაია მის სამართლებრივ დევნას ახორციელებს. ორშაბათს მან თქვა ისიც, რომ განათლების მინისტრის მიერ წარმოდგენილ სურათებზე მისი ქონება ასახული არ ყოფილა:

[რამაზ ხეცურიანის ხმა] "განათლების მინისტრმა წარმოადგინა ყალბი სურათები იმისთვის, რომ დაემტკიცებინა ხეცურიანის კორუმპირებულობა და ამით აეხსნა ის, რომ მე თავი ვერ გავართვი შექმნილ სიტუაციას. ეს აბსოლუტური სიცრუეა."

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა რამაზ ხეცურიანს მხარდაჭერა გამოუცხადა. უნივერსიტეტის სტუდენტები ორშაბათს პარლამენტის შენობის წინ სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებისა და მათი მშობლების საპროტესტო აქციას შეუერთდნენ და ხეცურიანის თანმდებობაზე დატოვება მოითხოვეს:

[ხმები საპროტესტო აქციიდან] "ბატონი რამაზი ღირსეული პიროვნებაა და ჩვენ უფრო არ ავდგებით ახლა აქედან და გავაგრძელებთ შიმშილობას."

ასეთი იყო განწყობა სტუდენტთა საპროტესტო აქციაზე. ამ სტუდენტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის, ლეიბორისტულმა პარტიამ და მოძრაობამ "წინ, საქართველო". პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ორშაბათს საღამოს დაიშალა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სამედიცინო კოლეჯში მიმდინარე შიმშილობის აქციასთან გადაინაცვლეს. ხუთდღიანი შიმშილობის გამო რამდენიმე სტუდენტის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ხელისუფლება კი მათ მიმართ კომპრომისზე არ მიდის. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ახალგაზრდებმა სხვა აბიტურიენტებთან ერთად ობიექტურ ბრძოლაში უნდა დაამტკიცონ, რომ ღირსნი არიან სამედიცინო უნივერსიტეტში მოხვედრის.
XS
SM
MD
LG