Accessibility links

logo-print

''გაზპრომი'' საქართველოსთან მოლაპარაკებას განაგრძობს

  • ნინო როდონაია

საქართველოს მთავრობას ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება კვლავ არ მიუღია.

ერთადერთ დაინტერესებულ მხარედ ოფიციალურად ასახელებენ რუსულ კომპანია "გაზპრომს", რომლის მიერ მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციას მოწინააღმდეგენი მხოლოდ საქართველოში არ ჰყავს. ისინი ვარაუდობენ, რომ "გაზპრომთან" გარიგება უარყოფითად აისახება არა მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, არამედ ქვეყნის პროდასავლურ საგარეო პოლიტიკაზეც.

მაგისტრალური გაზსადენი არ გაიყიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა გამოიძებნება - ამგვარია საქართველოს მთავრობის პოზიცია. გაზსადენის ამჟამინდელი მმართველი, საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია შესაბამისი სამუშაოებისთვის საჭირო რესურსებს არ ფლობს. მილსადენის პრივატიზაციით, რომელიც ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, დაინტერესებულია რუსული კომპანია "გაზპრომი". მისგან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირებული განცხადებები ისმის როგორც ქართველ ანალიტიკოსთა შორის, ასევე ქვეყნის პარლამენტსა და დიპლომატიურ კორპუსშიც კი. აშშ-ის მთავრობას მიაჩნია, რომ საქართველომ მაგისტრალური გაზსადენი სახელმწიფო საკუთრებად უნდა შეინარჩუნოს, რადგან ეს მილი ფასეულია როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ვაშინგტონის პოზიციის გამოხატვისას აშშ-ის ელჩს რიჩარდ მაილსს "გაზპრომი" არ უხსენებია, თუმცა აღნიშნა, რომ გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციამ საშიშროება არ უნდა შეუქმნას საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

გაზსადენის მიყიდვას რუსეთის მსგავსი არაკეთილგანწყობილი ქვეყნების კომპანიებისთვის დაუშვებლად მიიჩნევს ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი ვაჟა სალამაძე, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთში მისი სამხედრო ბაზების დახურვას საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკურ შედეგებს უკავშირებენ:

[ვაჟა სალამაძის ხმა] "ჩვენ, გარკვეულწილად, მაინც მიბმული ვართ რუსეთზე და მას შეუძლია ამის გაკეთება. თუ კიდევ ერთი ბერკეტი ჩაუვარდება მას ხელში, არ ვიცი.....მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ ეს არასწორია." (სტილი დაცულია)

საქართველოს მთავრობას მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. მიუხედავად ამისა, "გაზპრომის" წარმომადგენლები თბილისთან მოლაპარაკებას განაგრძობენ, რაც ორშაბათს კომპანიის პრეს-მდივანმა სერგეი კუპრიანოვმა დაადასტურა. რაიმე დეტალები მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ გაზსადენის ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფა მხოლოდ "გაზპრომს" შეუძლია. რუსულ კომპანიას ჯერჯერობით ერთადერთ დაინტერესებულ მხარედ ასახელებენ საქართველოს მთავრობაშიც.

ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ისაკაძის განცხადებით, თუ გაზსადენის პრივატიზაცია საბოლოოდ გადაწყდება, რუსული კომპანია ერთადერთი აღარ იქნება:

[გიორგი ისაკაძის ხმა] "გაზპრომი ერთადერთი რჩება მანამ, სანამ ჩვენ ოფიციალურად არ დავაფიქსირებთ დეკლარაციას ინტერესის გამოხატვასთან დაკავშირებით ამ სტრატეგიულ გაზსადენზე, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ,,გაზპრომი” ერთადერთი მოთამაშე ბაზარზე არ გახლავთ, მაგრამ იგი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და ძლიერია." (სტილი დაცულია)

არსებული მონაცემებით, მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს მონაკვეთი უმძიმეს მდგომარეობაშია და თუ მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო 600 მილიონი დოლარი არ გამოიძებნა, სამ-ოთხ წელიწადში მილსადენი ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს:

[ვაჟა სალამაძის ხმა] "თუ ეს ჩაუვარდება ხელში არაკეთილგანწყობილ სახელმწიფოს, ჩემთვის სულერთია, 3-4 წლის მერე ეს თავისით გამოვა მწყობრიდან, ანუ მოუვლელობის გამო, თუ ხელში ექნება სახელმწიფოს, რომელიც ამას გამოიყენებს - და ის ამაზე განცხადებას აკეთებს - ეკონომიკური ზეწოლისათვის." (სტილი დაცულია)

ვაჟა სალამაძე, რომელიც პრივატიზაციის აქტიური მხარდამჭერია, მიიჩნევს, რომ, გაზსადენის ტიპის ობიექტების შემთხვევაში, უპირატესობა სახელმწიფო მართვას უნდა მიენიჭოს:

[ვაჟა სალამაძის ხმა] "ცნობილია, არის მექანიზმები, როგორ შეიძლება სახელმწიფომ შეინახოს სამეწარმეო სუბიექტი. ზოგადად მიუღებელია, ფილოსოფიურად, მაგრამ არის ახლა ისეთი სიტუაციები, როდესაც სახელმწიფო იძულებულია ეს გააკეთოს." (სტილი დაცულია)

თუ მაგისტრალური გაზსადენი სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩება, მთავრობას მზად უნდა ჰქონდეს რეაბილიტაციის საგანგებო გეგმა - მიიჩნევს გიორგი ისაკაძე, რომელიც პროგრამის კონკრეტულ ავტორებად გაზის საერთაშორისო კორპორაციასა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოიაზრებს:

[გიორგი ისაკაძის ხმა] "აქ არ არის საუბარი მხოლოდ ენერგოდამოუკიდებლობაზე, აქ არის საუბარი ძალზედ სერიოზულ პოტენციალზე, კავშირებზე ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და ეს შეიძლება საკმაოდ სერიოზულად, გარკვეული დანახარჯებითაც მოგვარდეს." (სტილი დაცულია)

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თუ საქართველოს მთავრობა საბოლოოდ გადაწყვეტს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციას და ამ პროცესში გამარჯვებულად "გაზპრომს" გამოავლენს, საკუთარ როლსა და სტრატეგიულ მნიშვნელობას დაკარგავს ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტი, რომლის რეალიზაციას მხარს საქართველოს ხელისუფლების მიერ უმთავრეს პარტნიორად გამოცხადებული აშშ უჭერს.
XS
SM
MD
LG