Accessibility links

საქართველოს კონსერვატორები ანაბრების დაბრუნების მოთხოვნისთვის ხელმოწერებს აგროვებენ


პარტია ”საქართველოს კონსერვატორები” მოსახლეობისთვის ანაბრების დაბრუნების მოთხოვნის რეანიმაციას აპირებს. ყველას კარგად ახსოვს, რომ 2004 წლის ბოლოს

პარლამენტში ამ საკითხის განხილვა კრახით დასრულდა და ის პრაქტიკულად უვადოდ გადაიდო. ამჟამად უკვე კონსერვატორები აპირებენ ანაბრების დასაბრუნებლად კონსტიტუციით დაშვებული მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივის მექანიზმი აამოქმედონ. ამ მიზნით უკვე დაიწყო არანაკლებ 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება, თუმცა ჯერჯერობით პროცესს ერთი გარემოება აფერხებს - საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ დაუდგენია, თუ რა პროცედურა უნდა გაიაროს ხალხის ინიციატივამ პარლამენტის დარბაზში შეღწევამდე და რა შემთხვევაშია მოსალოდნელი მისი რეალიზება.

მას, ვისაც ანაბრების დაბრუნების იმედი საბოლოოდ არ გაჰქრობია, საქართველოს კონსერვატორები კიდევ ერთ მცდელობას სთავაზობენ. 21 მარტიდან პარტიის ცენტრალურსა თუ რაიონულ ოფისებში უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება და როცა მათი რიცხვი 30 ათასს გადააჭარბებს, კონსტიტუციის თანახმად, მოქალაქეთა ინიციატივა პარლამენტმა აუცილებლად უნდა განიხილოს.

მაშინ როცა, სახელმწიფოს შეფასებით, დაკარგული ანაბრების ჯამი 500 მილიონ ლარს შეადგენს, კონსერვატორთა არითმეტიკით, მისი მასშტაბი დაახლოებით 5 მილიარდ ლარს უტოლდება. პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი მოქალაქეებისთვის კუთვნილი ფულის არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად დაბრუნებაზე საუბრობს:

(კობა დავითაშვილის ხმა) ”ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ყველას ერთბაშად და ერთდროულად მიეცეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ, სოციალური კატეგორიების მიხედვით, ჯერ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს და გარკვეული ინდექსაცია მოხდეს.” (სტილი დაცულია)

ანაბრების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების ცნობა ხალხში, როგორც ჩანს, სწრაფად გავრცელდა და, შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეებმა კალმები უკვე მოიმარჯვეს:

(მოქალაქე ქალისა და მამაკაცის ხმები) ”დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს, ვინც ითავებს და, თუ გამართლდება, რაზეა ლაპარაკი, ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნება. / ხელს მოვაწერდი სიამოვნებით და მოვაწერ კიდევაც. ეს ანაბრები უნდა დაბრუნდეს. მთავრობამ, ხელისუფლებამ ანაბრების დაბრუნებაც, რა თქმა უნდა, უნდა შეასრულოს.” (სტილი დაცულია)

მართალია, საქართველოს კონსტიტუცია არანაკლებ 30 ათასი მოქალაქისგან შემდგარ ჯგუფს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას ანიჭებს, მაგრამ პარლამენტის რეგლამენტით ჯერჯერობით კვლავ არ არის დაწესებული პროცედურა, რომელიც ამგვარმა ”სახალხო ინიციატივამ” უნდა გაიაროს. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი ბობოხიძემ ჯერ არ იცის, თუ როდის განიხილავს პარლამეტი რეგლამენტის ხსენებულ ცვლილებებს:

(აკაკი ბობოხიძის ხმა) ”საპროცედურო კომიტეტში უკვე ვიმსჯელეთ და პრაქტიკულად, ალბათ, პარლამენტს წარვუდგენთ მალე, რა... საბოლოოდ ჯერ პარლამენტის სხდომაზე გასატანად ეგ საკითხი მზად არ არის.” (სტილი დაცულია)

ამგვარი ლოდინი და გაურკვევლობა კობა დავითაშვილისა და მისი ხელმომწერების საქმესაც აფერხებს:

(კობა დავითაშვილის ხმა) ”ჩვენ არ გავშალეთ ჯერ მუშაობა, რომ მერე არ მოხდეს ისე, რომ მიიღონ რეგლამენტში რაღაც ნორმები და ეს ხელმოწერები აღარ ჩაგვითვალონ. ამიტომ ველოდებით გადაწყვეტილებას - თუ რეგლამენტში შევა შესაბამისი ცვლილებები და ჩვენ რაღაც პროცედურას დაგვიდგენენ, კი ბატონო, თუ არა და გავაგრძელებთ ამ წესით.” (სტილი დაცულია)

მოქალაქეთა ინიციატივის საკითხი პარლამენტმა, წესით და კანონით, მალე უნდა გადაწყვიტოს, რის შემდეგაც უკვე ბოლომდე დაკვალიანებული კონსერვატორები მეანაბრეთა თემის გარშემო, როგორც დავითაშვილი ამბობს, კიდევ უფრო გააქტიურდებიან.
XS
SM
MD
LG