Accessibility links

logo-print

ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების პერსპექტივები


დავით პაიჭაძე, თბილისი რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ მზად არიან შეხვდნენ ერთმანეთს. ბუნებრივია,

მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი ბაღაფშის შეხვედრა ვერ შედგება ამ საკითხის წამოწევისთანავე. თან აფხაზთა ლიდერმა მკაფიოდ მონიშნა შესაძლო შეხვედრის პირობა - ლაპარაკი მხოლოდ ეკონომიკურ კავშირებზე. ძირითადი ეკონომიკური კავშირი, რომლის აღდგენას აფხაზეთი საქართველოსთან ესწრაფვის, სარკინიგზო მაგისტრალის გახსნაა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სოჭში დადებული შეთანხმება გულისხმობს რკინიგზის ამოქმედების სინქრონიზაციას დევნილთა დაბრუნების პროცესთან. ჯერჯერობით ეს პირობა არ მუშაობს და მოლაპარაკებაც ჩიხშია მოქცეული. რა საფუძველზე შეიძლება განახლდეს დიალოგი აფხაზ ლიდერებთან?

ორივე მხარე ემზადება შესახვედრად, მაგრამ დროისა და ადგილის დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ. მეტის სათქმელად ორი დღე მაინც მჭირდება, - განმიცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ. ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების ჟენევის პროცესის განახლებისთანავე კონკრეტული შედეგების ლოდინი არ ღირს, ამბობს ის. შედეგები და დეტალების დამუშავება მომავლის საქმეა. რაც შეეხება ეკონომიკურ პროექტებს აფხაზურ მხარესთან, ირაკლი ალასანია აღნიშნავს:

[ირაკლი ალასანიას ხმა] “აქ არის საუბარი იმ ეკონომიკურ პროექტებზე, რომელთა შესახებ წინასწარ უკვე გვქონდა ლაპარაკი და, გარკვეულწილად, სფეროებიც არის მოხაზული. იგულისხმება პატარა ერთობლივი პროექტები გალის რაიონში. ენერგეტიკა და რკინიგზა განეკუთვნება მსხვილ პროექტებს, სადაც რუსეთის ინტერესიც არის და რეგიონის სხვა ქვეყნებისაც, მაგრამ ჩვენ ყურადღებას იმ პატარა პროექტებზე ვამახვილებთ, რომლებშიც ქართველი და აფხაზი, ბიზნესმენი იქნება ის თუ უბრალო მოსახლეობა, გარკვეულ ინტერესებს ერთობლივად დადებენ. ეს ყველაფერი ხელს უნდა უწყობდეს ნდობის აღდგენას იმ ეტაპამდე, რომლის შემდეგ უკვე პოლიტიკური საკითხების განხილვა იწყება.”(სტილი დაცულია)

ნდობის აღსადგენად ეკონომიკური კავშირების გამოცოცხლება რომ არის საჭირო, ამას ეთანხმება დავით დარჩიაშვილი, ფონდ “ღია საზოგადოება- საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი. მას არც რკინიგზის ამოქმედება ესახება პრობლემად, ოღონდ აუცილებლად მიაჩნია სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში ქართველებისა და აფხაზების სავაჭრო ურთიერთობების, სასოფლო-სამეურნეო პროექტების გათვალისწინება.

[დარჩიაშვილის ხმა] “ფონდსაც შეუძლია აფხაზებს გარკვეული რამ შესთავაზოს. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მგონია და საფუძველიც მაქვს, რომ იქითა მხარის სერიოზულ დაინტერესებას მოველოდე.”

აფხაზებთან ეკონომიკური კავშირების აღდგენას შეიძლება ერთი კონტრარგუმენტი შეაგებონ: აფხაზეთის ეკონომიკა გამოცოცხლდება, ეს მხარე მოძლიერდება, პოლიტიკურად უფრო გაუცხოვდება საქართველოსგან და შეძლებს, უფრო მეტად დაშორდეს საქართველოს. დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ასეთი არგუმენტი ლოგიკურია, მაგრამ რაც ლოგიკურია, ყოველთვის მართალი არ არის. დღევანდელზე მეტი დაშორება მას ვერ წარმოუდგენია:

[დარჩიაშვილის ხმა] “მაგრამ ამ ნაბიჯებით ყინული თუ გალღვა, ამუშავდება ეკონომიკური ინტერესიც, რაც დადებითია ისტორიულ მეხსიერებაში, კულტურული ერთობის განცდაც და, შესაძლოა, უფრო გრძელვადიან ერთობლივ ცხოვრებაზეც ვილაპარაკოთ. ვფიქრობ, ამას ღრმა საფუძვლები აქვს. თუ არა აქვს, თუ ყველაფერს გამოიყენებენ ხრიკისათვის, რომ ვიღაც გაძლიერდეს და სულ წავიდეს, მაშინ ეს ისედაც მოხდება; ძალით, ხიშტით, სისხლით ვერ დაიჭერ საზოგადოებას.”

მოკლედ ასეთია განწყობა ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებათა განახლებამდე. შეიძლება ითქვას, რაკი საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ილაპარაკოს აფხაზებთან თუნდაც მცირე მასშტაბის ეკონომიკურ ურთიერთობათა აღდგენაზე, ეს ნიშნავს, რომ მისი მიდგომები კონფლიქტისადმი იცვლება.
XS
SM
MD
LG