Accessibility links

logo-print

საქართველოს ენერგოსისტემაში კვლავ დეფიციტია


გაზაფხულის დადგომის მიუხედავად, საქართველოში კვლავ ენერგოკრიზისია. ელექტროენერგია შეუზღუდავად მხოლოდ დედაქალაქსა და სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებს მიეწოდება.

უდენობის მიხედვით, ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ყველაზე მეტად რეგიონებში მცხოვრები ადამიანები დაზარალდნენ. თუმცა განსაკუთრებით რთული ვითარება მაინც მაღალმთიან რაიონებშია, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში მოსულმა დიდმა თოვლმა ადამიანებს ისედაც მძიმე ყოფა კიდევ უფრო მეტად დაუმძიმა. მინდა ქვეყანაში შექმნილი ენერგოკრიზისის მიზეზებისა და მისი გადაჭრის ვადების შესახებ მოგითხროთ.

ქვეყანაში მიმდინარე რევოლუციური ცვლილებები დენის მიწოდების ხარისხსა და ხანგრძლივობას სათანადოდ არ დასტყობია. საქართველოში კვლავინდებურად ჭირს ჩაბნელებული ბინებისა და ქუჩების განათება, რაიონებში კვლავინდებურად სანატრელია ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება. გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავთანდილ დვალიშვილი ამბობს, რომ რეგიონებში დენის შეზღუდული გრაფიკით მიწოდებაც კი ვერ ხერხდება:

[ავთანდილ დვალიშვილის ხმა] “საკმაოდ მწვავე კრიზისია შექმნილი. საბითუმო ბაზრის მიერ დაწესებული ლიმიტით. ჩვენ უნდა გვქონდეს დღეში 180 მეგავატი, მაგრამ, სინამდვილეში, გვაწვდიან 90 მეგავატს. ეს ძალიან ცოტაა. ამის გამო მხოლოდ ეგრეთ წოდებულ “სასიცოცხლო ობიექტებს” ვაწვდით...”

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა თბილისში, სადაც ელექტროენერგიის დეფიციტი, როგორც კომპანია “თელასის” წარმომადგენელი ვალერი ფანცულაია აცხადებს, დღე-ღამეში 50 მეგავატს არ აჭარბებს:

[ვალერი ფანცულაიას ხმა] “თბილისში ამჟამად 50 მეგავატი არის შეზღუდვა და მონაცვლეობით ვტვირთავთ ქალაქს. ამჟამად ქალაქის ცენტრი გვაქვს გამორთული, არ არის იმდენი ენერგია, რომ ყველას თანაბრად მიეწოდოს, თუმცა გრაფიკი არ გვაქვს დაწესებული - უბრალოდ, ვაკეთებთ, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე.”(სტილი დაცულია)

კრიზისის მიზეზად ქართველი ენერგეტიკოსები რუსეთთან დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარ ავარიას ასახელებენ. “კავკასიონის” 500 კილოვოლტიანი ხაზის დაზიანების გამო საქართველოს ენერგეტიკამ მნიშვნელოვანი სიმძლავრე - 350 მეგავატი - დაკარგა. ამიტომაც ენერგეტიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ თბილსრესის მესამე ბლოკის ჩართვით დენის დეფიციტი არ აღმოიფხვრება:

[ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი] “კავკასიონიდან შემოდიოდა 350 მეგავატი და ამიტომ 110 მეგავატიანი ბლოკის გაშვება რეალურად ვერაფერს შეცვლის. შედარებით გაუმჯობესდება მიწოდება, თუმცა შეზღუდვები მაინც იქნება.”

სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ხაზი, სავარაუდოდ, აპრილის პირველ ნახევარში აღდგება, თუმცა ამ დროისათვის იგეგმება გაჩერება ენგურჰესისა, რომელიც გადაუდებელ სარეაბილიტაცო სამუშაოებს საჭიროებს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალეკო ხეთაგური ვარაუდობს, რომ მწვავე ენერგოკრიზისი საქართველოში, სულ ცოტა, უახლოესი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება:

[ალეკო ხეთაგურის ხმა] “სიტუაცია არის რთული თვითონ ენგურჰესზე - ის საჭიროებს რეაბილიტაციას. გამომდინარე აქედან, ენგურჰესის გათიშვა არის დაგეგმილი. ენგურის გათიშვა, რა თქმა უნდა, გააღრმავებს დეფიციტს, გამომდინარე იქიდან, რომ ენგურჰესი გამოიმუშავებს მთლიანი სიმძლავრის 45 პროცენტს. ასე რომ, შეზღუდვები კიდევ, სულ ცოტა, სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.”

რაც შეეხება ენერგოკრიზისის სრულად დაძლევის ვადებს, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის ბოლო სხდომაზე უკიდურეს ვადად 2006 წლის ოქტომბერი დაასახელა. დამატებით 250 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ბაზისური თბოელექტროსადგურის ამოქმედებით, მთავრობა ელექტროენერგიის დეფიციტის აღმოფხვრას ვარაუდობს. ამ დროს მოუთმენლად ელიან რიგითი მოქალაქეებიც:

[მამაკაცის ხმა] “მჯერა, რომ ვითარება გამოკეთდება, იმიტომ რომ ასეთ პირობებში, შიშში ცხოვრება, რომ, აი, ახლა გაითიშება დენი, ახლა - გაზი, ასე ნორმალური ცხოვრება წარმოუდგენელია.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG